შესავალი - რას ნიშნავს კრიპტო ვოლატილობა: რისკები და შესაძლებლობები კრიპტო თრეიდერებისთვის
კრიპტო აქტივების დიდი სამყარო სიურპრიზებით სავსეა. ერთ დღეს მათი ღირებულება მწვერვალებს იპყრობს, მეორე დღეს კი, შეიძლება ძალიან სწრაფად დაბლა ჩამოვარდეს. ფასების ასე სწრაფად ცვალებადობას ვოლატილობა ჰქვია და თავდაპირველად შეიძლება არც თუ სახარბიელოდ მოგვეჩვენოს. მაგრამ, მათთვის, ვინც კრიპტო აქტივების საფუძვლები იციან, ვოლატილობა საოცარ შესაძლებლობებს ქმნის ფულის შოვნისთვის.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ თუ რა არის კრიპტო ვოლატილობა და როგორ შეუძლია დამწყებ თრეიდერს მისი უპირატესობად გადაქცევა. ასევე ვისაუბრებთ, რა იწვევს კრიპტო ვოლატილობას, რას უნდა მიაქციო ყურადღება და რა ონლაინ ხელსაწყოები არსებობს წარმატებული ვაჭრობისთვის.
გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული ინფორმაცია მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათის არის და არ შეიცავს ფინანსურ რჩევას.
რას ნიშნავს ვოლატილობა კრიპტო სამყაროში?
მარტივად რომ ვთქვათ, ვოლატილობა ნიშნავს კრიპტო ბაზარზე ფასის სწრაფ და მკვეთრ ცვალებადობას, იქნება ეს დაცემა თუ გაზრდა. სწორედ ვოლატილობა არის ერთ დღეში ან სულაც რამოდენიმე საათში, კრიპტოს ფასის ორ ნიშნიანი ზრდის თუ კლების გამომწვევი მიზეზი.
ვოლატილობის მაგალითი რეალურ ცხოვრებაში
ვოლატილობის უფრო კარგად გასაგებად შეგვიძლია ბიტკოინი და მისი ქცევა მოვიყვანოთ, რომელიც 2021 წელს დაფიქსირდა:
- იანვარი: ბიტკოინის ფასი წლის დასაწყისში $30,000 მერყეობდა
- აპრილი: სამ თვეში კრიპტოს ფასმა იმ დროისთვის ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია - $63,000
- ივლისი: სულ ცოტა ხანში კი, ბიტკოინის ფასი ისევ $30,000-მდე ჩამოვიდა
- ნოემბერი: წლის ბოლოსთვის კი, ღირებულება ისევ არნახულ ნიშნულზე ავიდა, ამჯერად $68,000-მდე.
ფასთა ეს დრამატული ცვალებადობა კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ რას წარმოადგენს ვოლატილობა და როგორ შეიძლება მან თრეიდერებისთვის შესაძლებლობები შექმნას, იქნება ეს ვარდნის დროს დიდი რაოდენობის აქტივების ყიდვა და შემდგომ ძვირად გაყიდვა თუ სხვა.
რატომ არის კრიპტო ბაზარი ვოლატილური?
ვოლატილობა ყველა ტიპის ბაზრისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა კრიპტო ინდუსტრია განსაკუთრებით ხასიათდება ვოლატილობით. ამას რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს:
- საბაზრო სენტიმენტი: კრიპტო ბაზარი დიდად არის დამოკიდებული ემოციებზე. ცნობილი ადამიანის მიერ ტვიტერზე დაწერილ ერთ პოსტს, ახალ რეგულაციას ან ტექნოლოგიურ წინსვლას მომენტალურად შეუძლია ბაზარზე გავლენის მოხდენა და ფასების ცვლილება.
- შეზღუდული რაოდენობა: ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, კრიპტო ქოინების უმეტესობა შეზღუდული რაოდენობით ხასიათდება. სიმცირე, მოთხოვნის ცვალებადობასთან ერთად ფასებზე დრამატულ ზეგავლენას ახდენს.
- სიახლე: კრიპტო შედარებით ახალი და განვითარებადი სფეროა. თრეიდერები ჯერ კიდევ ერგებიან ამ უნიკალურ ბაზარს და შესაბამისად, გაურკვევლობა იწვევს ვოლატილოას.
- გლობალურობა: კრიპტო ბაზარი 24/7 განმავლობაში აქტიურია და მთელი მსოფლიოს კუთხეებიდან თრეიდერებს თავიანთი წვლილი შეაქვთ მის არსებობაში. მუდმივი და გლობალური აქტივობა ბევრ სწრაფ ცვლილებას ქმნის, რაც კრიპტოს ფასებზე პირდაპირ კავშირშია.
როგორ შეიძლება ვოლატილობა კარგი იყოს?
ვოლატილობა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, კრიპტო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილიც ეს არის. ფასთა ამ ცვალებადობას, რისკებთან ერთად, შეუძლია დიდი შესაძლებლობებიც გააჩინოს, როგორც დამწყებთათვის, ისე კარგად გამოცდილ თრეიდერთათვის. მაგრამ მაინც, როგორ შეიძლება ვოლატილობა კარგი იყოს?
- მუდმივი შესაძლებლობები: ფასის სწრაფად ცვალებადობა ნიშნავს, რომ მეტი შესაძლებლობა არსებობს იყიდო კრიპტო მაშინ, როცა ფასი დაბალია და გაყიდო მაშინ, როცა მაღალია.
- საწყისი კაპიტალი: ვოლატილობის პერიოდში მცირე საწყის კაპიტალსაც შეუძლია დიდი მოგება მოგიტანოს.
- სწავლის შესაძლებლობა: ვოლატილურ ბაზარზე მუშაობისას შენ შესაძლებლობა გეძლევა უკეთ გაერკვე საბაზრო ტრენდებში. ვოლატილობა გასწავლის, როგორ გაანალიზო ტრენდები, აკონტროლო ემოციები და დახვეწო შენი სავაჭრო შესაძლებლობები.
სტრატეგიები, რომლითაც ვოლატილურ ბაზარზე ფულის შოვნა არის შესაძლებელი
- იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად
ეს კლასიკური სტრატეგია ვოლატილურ ბაზარს იდეალურად ერგება. თვალი მიადევნე ბაზარს მაშინ, როდესაც კრიპტოს ფასი დაბლა ჩამოდის, ეს აქტივის საყიდლად კარგი დროა. ხოლო როცა ფასები გამოსწორდება და გაიზრდება, გაყიდე ძვირად და გამოიმუშავე ფული.
მაგალითი:
წარმოიდგინე, რომ ბიტკოინის ფასი პირობითად $50,000-დან $40,000-მდე დაეცა. თუკი ფასის ვარდნის პერიოდში იყიდი კრიპტოს, დაელოდები და შემდგომ მაშინ გაყიდი, როდესაც მისი ღირებულება ისევ $50,000 გაუტოლდება, შენ $10,000 მოგებას ნახავ.
- Dollar-Cost Averaging (DCA) - ხარჯების გასაშუალოება
იმის ნაცვლად, რომ კრიპტო ერთიანად შეიძინო, დაიწყე მისი რეგულარულად, ერთნაირი რაოდენობითა და ინტერვალებით შესყიდვა. ეს სტრატეგია საშუალებას გაძლევს დაასტაბილურო და გაასაშუალოო დანახარჯი, რაც საბოლოოდ ფულის შოვნის კარგი შესაძლებლობაა და მას Dollar-Cost Averaging (DCA) ჰქვია.
მაგალითი:
ყიდულობ $100 ღირებულების ბიტკოინს ყოველ კვირა, 10 კვირის განმავლობაში, ბიტკოინის ფასის მიუხედავად. დროთა განმავლობაში შენს მიერ ნაყიდი აქტივის ფასი გასაშუალოვდება და 10 კვირის თავზე ჯამურად ნაყიდი ბიტკოინის რაოდენობა იმაზე კარგი იქნება, ვიდრე ერთიანად რომ გეყიდა.
- მოძრავი ფასით ვაჭრობა
მოძრავი ფასით ვაჭრობა გულისხმობს დროის მცირე მონაკვეთში ფასის ცვალებადობით ფულის გამომუშავებას. მაგალითად, თუ კრიპტოს ფასი მიდრეკილია საღამოს მომატებისკენ, ღამით კი დაცემისკენ, შენც ამ სავაჭრო განრიგს აეწყობი.
ისეთი სავაჭრო ინდიკატორის გამოყენება, როგორიც მოძრავი საშუალო ან RSI არის, თრეიდერს პოტენციური სიგნალების ამოცნობაში ეხმარება, თუ სად უნდა დაიწყოს კრიპტოს ყიდვა და სად გაყიდვა.
- აქტივების ავტომატური გაყიდვა
თუ გინდა რომ საკუთარი პორტფელი ფასების უეცარი ვარდნისგან დაიცვა, მაშინ აქტივების ავტომატური გაყიდვის, იგივე Stop-Loss ფუნქცია უნდა გამოიყენო. თუკი რომელიმე კრიპტოს ფასი, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი თუ სხვა ნებისმიერი, უეცრად დაეცემა, შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო ფასის ის ზღვარი, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც ბოტი ავტომატურად გაყიდის აქტივებს, რათა შენი პორტფელი ღირებულების კლებისგან დაიცვას.
- საბაზრო სენტიმენტი
თვალი ადევნე სოციალურ მედიას, სიახლეებსა და სხვადასხვა კრიპტო ფორუმებს, რათა მუდმივად ინფორმირებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო სენტიმენტები დაზუსტებით არ გვეუბნება კრიპტოს აღმავლობა მოელის თუ დაცემა, გარკვეულ მნიშვნელოვან მინიშნებებს მაინც გვაძლევს.
- სტაბილური კრიპტო აქტივების გამოიყენება
ისეთი სტაბილური კრიპტო აქტივები, როგორიც USDT და USDC არიან ფიატ ვალუტების ფასზე არიან მიბმულნი, რაც ნიშნავს, რომ მათი ფასი მუდმივად ერთ ნიშნულზეა გაჩერებული. შესაბამისად, მკვეთრად ვოლატილურ ბაზარზე თრეიდერებისთვის ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენენ.
თუკი ფასების დაცემის დროს შენს კრიპტო აქტივებს დროებით სტაბილურ ქოინებში გადაცვლი, შეძლებ რომ ისინი ფასების დაცემისგან დაიცვა.
რა შეცდომებს უშვებენ დამწყები თრეიდერები?
- ემოციური გადაწყვეტილებები
ვოლატილობას მომხმარებლებში აღტაცების ან სულაც შიშის გამოწვევა შეუძლია, რაც იმპულსური გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. მიჰყევი შენს გეგმას და არ მისცე ემოციებს საშუალება გზიდან გადაგახვევინონ.
- ტრენდებზე მიდევნება
ფასების მატების ყოველი ტალღა აუცილებელ პოტენციურ სარგებელს არ ნიშნავს. მოერიდე აქტივების მაშინ ყიდვას, როდესაც ის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ხელსაწყოები რომლებიც დაგეხმარება
სწორი და შესაბამისი ციფრული ხელსაწყოების გამოყენება ვოლატილურ ბაზარზე და ზოგადად, კრიპტო ვაჭრობაში დაგეხმარება:
- ფასის მონიტორინგი: ისეთი აპლიკაციები და საიტები, როგორიც CoinGecko და CoinMarketCap არიან თრეიდერს მუდმივად განახლებულ ფასებსა და სიახლეებს აწვდიან.
- სატესტო ანგარიშები: ზოგიერთი კრიპტო ბირჟა მომხმარებლებს სატესტო ანგარიშებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც მომხმარებლებს რეალური სავაჭრო გამოცდილების მიღება შეუძლიათ რეალური აქტივების გარისკვის გარეშე.
- ბაზრის სიგნალები: ისეთი პლატფორმები, როგორიც CoinGecko და CoinMarketCap არიან, მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ კრიპტოს ფასებზე შეტყობინებები დააყენონ და ცვლილების შემთხვევაში მათ შეტყობინება მიუვიდეთ.
- სასწავლო რესურსები და ჯგუფები: ვოლატილობის კარგად გასაგებად და ზოგადად, კრიპტო ვაჭრობის დასახვეწად საჭიროა, რომ თრეიდერი მუდმივად ეცნობოდეს ინფორმაციას. ამისათვის არსებობს სხვადასხვა პლატფორმები, როგორიც რედიტი და დისკორდია, გარდა ამისა კი, შესაძლებელია ისეთ კრიპტო ჯგუფებში გაწევრიანება, როგორიც მაგალთად Cryptal Friends-ია.
შესაძლებლობები კრიპტო ვაჭრობის გარეთ
ვოლატილობა და მისი უპირატესობები მხოლოდ კრიპტო თრეიდერებს არ ეხებათ - ის სარგებლიანი შეიძლება იყოს გრძელვადიანი ინვესტორებისთვისაც.
- არ აჰყვე ცდუნებას
კრიპტო საზოგადოებაში ცნობილი საინვესტიციო სტრატეგია HODL სწორედ ამას გულისხმობს. არ აჰყვე ცდუნებას, როცა კრიპტოს ფასი მაღლა ადის. თუ შენი მიზანი აქტივების გრძელვადიანად შენახვაა მათი ფასის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მიჰყევი შენს გეგმას ბოლომდე.
- მოახდინე პორტფელის დივერსიფიცირება
გაანაწილე შენი ინვესტიცია მრავალ კრიპტო აქტივში და არ იყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე, თუნდაც ეს ისეთი დიდი და პოპულარული აქტივი იყოს, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვაა.
რისკების მაქსიმალურად შემცირება ვოლატილურ კრიპტო ბაზარზე
მიუხედავად იმისა, რომ ვოლატილობა კრიპტო თრეიდერებისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს, ცხადია რისკებიც არსებობს, რომელთა მაქსიმალურად შემცირებაც შესაძლებელია:
- დაიწყე მცირედით: მუდმივად იხელმძღვანელე კრიპტოს დაუწერელი წესით - დაიწყე ინვესტირება იმ მოცულობით, რომლის დაკარგვაც შეგიძლია.
- მოიკვლიე კარგად: კარგად მოიკვლიე ის კრიპტო აქტივები, რომლით ვაჭრობასაც აპირებ.
- იყავი ინფორმირებული: შეეცადე, რომ მუდმივად გქონდეს წვდომა ამა თუ იმ კრიპტოს ირგვლივ არსებულ სიახლეებსა და ფასის ცვალებადობაზე.
შეჯამება
რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება კრიპტო ინდუსტრიაში, მოსალოდნელია რომ ვოლატილობაც დაიკლებს. ისეთი ინოვაციები, როგორიც დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) და აქტივების ტოკენიზაციაა ახალ შესაძლებლობებს ქმნის თრეიდერებისთვის და არა მხოლოდ. ინფორმაციაზე მუდმივი წვდომა და ბაზარზე ადაპტაცია წარმატების ერთ-ერთი გარანტიაა.
არ არის აუცილებელი, რომ კრიპტო ვოლატილობა დამწყები თრეიდერებისთვის ცუდის მომასწავებელი იყოს. სწორი სტრატეგიით, ხელსაწყოებითა და მიდგომით ის სრულებით შესაძლებელია უპირატესობად გადაიქცეს.
დაიწყე მცირედით, აუცილებლად გაეცანი ინფორმაციას, მუდმივად შეისწავლე ახალი ტექნოლოგიური მიმდინარეობები და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.