Სარჩევიchevron-down
შესავალი - სავაჭრო ბოტები და მათი როლი
რა არის სავაჭრო ბოტი?
რა ტიპის სავაჭრო ბოტები არსებობენ?
როგორ მუშაობენ სავაჭრო ბოტები?
რა რისკებს შეიცავს სავაჭრო ბოტების გამოყენება?
შეჯამება
Georgian wording on the left side of the visual with trading chart and robot hand on the right side 1000x300
2024-11-20clock6 minutes

შესავალი - სავაჭრო ბოტები და მათი როლი

კრიპტო სამყარო მუდმივად იცვლება და ვითარდება, სწორედ ამის კარგი გამოვლინებაა სავაჭრო ბოტები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ინდუსტრიაში დამკვიდრდა და წარმატებული თრეიდების აქტიურად იყენებენ მათ.

უამრავი ადამიანის აზრით, მათ მომხმარებლებისთვის დიდი უპირატესობა და ფუფუნება მოაქვთ, ზოგიც კი ფიქრობს, რომ ბოტების გამოყენება კრიპტოს ყიდვა გაყიდვისას ჭკვიანური ნამდვილად არ არის.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ რა არის სავაჭრო ბოტები და რა როლი აქვთ მათ კრიპტო ვაჭრობაში. გაჩვენებთ, თუ რა უპირატესობის შემოთავაზება შეუძლიათ, რა რისკებს შეიცავს მათი გამოყენება და რომლები არიან ყველაზე პოპულარული სავაჭრო ბოტები.

რა არის სავაჭრო ბოტი?

სავაჭრო ბოტები არიან ავტომატიზირებული პროგრამები, რომლებიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობისას გამოიყენებიან. კრიპტო აქტივების, იგივე კრიპტოს ვაჭრობისას, მათი მთავარი დანიშნულება, ადამიანებისგან განსხვავებით, 24/7-ზე ოპერირებაა.

მუდმივად განვითარებად კრიპტო სამყაროში მათი აღზევება გარდაუვალი იყო, თუმცა მონეტას ორი მხარე აქვს და ასევეა ბოტებიც, მათ შეუძლიათ მომხმარებელს როგორც უპირატესობები, ისე გარკვეული რისკები მოუტანონ.

გლობალური კრიპტო ბაზარი არასდროს ჩერდება, თრეიდერები კი, ბაზარს ფეხდაფეხ ბოტების წყალობით მიჰყვებიან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, შეუსვენებლად მუშაობენ. ადამიანებისგან განსხავავებით, ბოტებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ, იქნება ეს სწრაფი რეაქცია, ბაზარზე მუდმივად თვალის მიდევნება თუ სხვა.

რა ტიპის სავაჭრო ბოტები არსებობენ?

ბაზარზე მრავალი ტიპის კრიპტო სავაჭრო ბოტი გვხვდება, მათ შორის ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი არბიტრაჟის ბოტია. ეს ბოტები ერთიდაიგივე კრიპტოს ფასს სხვადასხვა ბირჟაზე აანალიზებენ და შემდგომ ფასთა შორის სხვაობით მომხმარებელს სარგებელს სთავაზობენ. მაშინ, როდესაც ისეთი აქტივების ფასი სწრაფად იცვლება, როგორიც მაგალითად ბიტკოინია, სწრაფი ბოტები სხვაობას მყისიერად აანალიზებენ და ასე მომხმარებელს სარგებელს სთავაზობენ.

სხვა ბოტები კრიპტოს ფასის ისტორიულ მონაცემებს აანალიზებენ და მომხმარებელს შესაბამის სტრატეგიას უგეგმავენ, თუ როდის და როგორ უნდა იყიდონ სასურველი აქტივი, იქნება ეს ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) თუ სხვა ნებისმიერი. ზოგიერთი ბოტი კი, დაპროგრამებულია რათა ბაზარზე დაფიქსირებული ცვლილებების საფუძველზე შესაბამისი ზომები მიიღოს, მაგალითად თუკი ფასი დაცემას დაიწყებს, აქტივი მყისიერად გაყიდოს და ა.შ.

თუმცა, კრიპტო სამყაროში ზოგიერთი სავაჭრო ბოტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, როგორც ვახსენეთ, არბიტრაჟის ბოტს უამრავი ადამიანი იყენებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, რომ მრავალ ბირჟას შორის განთავსებულ ერთი და იგივე კრიპტო აქტივზე ფასთა სხვადასხვაობა აღმოაჩინოს. მაგალითად, თუკი ბიტკოინის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი და გინდა, რომ არბიტრაჟის ბოტი გამოიყენო - ბოტი იყიდის ბიტკოინს ერთ ბირჟაზე, სადაც აქტივის ფასი ყველაზე დაბალია და გაყიდის მეორე ბირჟაზე, სადაც აქტივის ფასი ყველაზე მაღალი იქნება, შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობით გამოწვეული მოგება მომხმარებელს ერგება.

გარდა ამისა, არსებობს ავტომატიზებული ვაჭრობის ბოტი, რომელიც წინასწარ გაწერილ ალგორითმსა და მითითებებს მიჰყვება შესაბამისი მოქმედებების განხორციელებისას (ფასის ცვალებადობა, ვაჭრობის მოცულობა და ა.შ.). მათ არ სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი, მხოლოდ მითითებების წინასწარ გაწერა და სულ ეს არის, ავტომატებული ვაჭრობის ბოტი 24 საათის განმავლობაში აქტიურია.

ხოლო პორტფელის ბალანსირების ბოტი უზრუნველყოფს, რომ შენს პორტფელში არსებული კრიპტო აქტივები მუდმივად გარკვეული პროცენტულობით იყოს განაწილებული, მაგალითად - 50% ბიტკოინი, 30% ეთერიუმი და 20% ალტქოინები. ბოტს ყიდვა & გაყიდვის ბრძანების აღსრულება დამოუკიდებლად შეუძლია, წინასწარ მითითებული ბალანსის ფარგლებში. ბოტი განკუთვნილია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის, რომლებსაც არ უნდათ, რომ ხშირად ამოწმონ საკუთარი კრიპტო პორტფელი. ასეთი სტრატეგიის შემთხვევაში კი, შენი კრიპტო აქტივების დივერსიფიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარმატებული ვაჭრობისთვის.

ბოლო ხანებში კი, ხელოვნური ინტელექტის აღზევების პარალელურად უფრო ხშირად ვხედავთ AI სავაჭრო ბოტებს. ამგვარი ტიპის ბოტები იყენებენ შესწავლის, მონაცემთა დამუშავების, ბაზრის ანალიზის და შედეგების განსაზღვრის ალგორითმს, რათა უფრო ჭკვიანები და დეცენტრალიზებულები გახდნენ კრიპტო ბაზარზე ოპერირებისას. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სავაჭრო ბოტები რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიმდინარეობით გამოირჩევიან:

  • ინფორმაციის შეგროვება: AI ტიპის ბოტები აგროვებენ ისეთ ისტორიულ მონაცემებსა და ამჟამინდელ სტატისტიკას, როგორიც არის კრიპტოს ფასი, ბაზრის სენტიმენტები და სხვადასხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორები.

  • ბაზრის შეცნობა: ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტებს შეუძლიათ ბაზრის ანალიზი ჩაატარონ და გამოვლენილი ტენდენციების მიხედვით ამოიცნონ, თუ საით შეიძლება წავიდეს კრიპტო ინდუსტრია მომავალში.

  • ავომატიზებული გადაწყვეტილებები: მოგების მაქსიმალიზაციისა და რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, AI ბოტებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.

  • მუდმივი სწავლება: გარდა იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბოტები მუდმივი სწავლით გამოირჩევიან, ისინი თავად შესწავლის მეთოდებსაც ხვეწენ, რათა დამუშავებული ინფორმაცია უფრო ეფექტური იყოს, შეცდომის დაშვების შანსი კი, მინიმუმამდე დავიდეს.

როგორ მუშაობენ სავაჭრო ბოტები?

ბოტები ერთგვარი კომპიუტერული პროგრამები არიან, რომლებიც ჩვენს კომპიუტერებზე, სერვერებზე, პლატფორმებზე და მსგავს ციფრულ სამყაროში ოპერირებენ. კრიპტო სავაჭრო ბოტები კი, იმგვარი ტიპის პროგრამები არიან, რომლებსაც მომხმარებლის აქტივებთან წვდომა აქვთ და შესაბამისად თავისუფლება, რომ კრიპტოს ყიდვა გაყიდვა სხვადსხვა პლატფორმებზე ავტომატიზებულად შეძლონ.

ბოტები, როგორც წესი, გარკვეული სავაჭრო ამოცანების გადასაჭრელად არიან ორიენტირებულნი. მათი ეფექტურობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის მათი დაპროგრამების დონე, წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები და სავაჭრო სტრატეგია.

რა რისკებს შეიცავს სავაჭრო ბოტების გამოყენება?

კრიპტო თრეიდერებს ხშირად სისწრაფესთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ. კრიპტოს ფასი სწრაფად იცვლება და ისინი მასზე მორგებას ვერ ასწრებენ. სავაჭრო პლატფორმებზე განახლებები და ტრანზაქციებისთვის განკუთვნილი დრო კი, თავისას შვება. კრიპტო ბაზარზე მუდმივად თვალის მიდევნებაც კი, ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, სწორედ აქ ერთვებიან საქმეში ბოტები.

თუმცა, კრიპტო სავაჭრო ბოტების გამოყენება ზოგიერთი ადამიანისთვის კონტროვერსიული საკითხია. ეს ხელსაწყოები, რომლებსაც ბოტები ჰქვიათ, ადამიანების მიერ არის შექმნილი და დაპროგრამებული, შესაბამისად მიდრეკილნი არიან გარკვეული შეცდომებისკენ. დამატებით კი, არ არსებობს რაიმე სტატისტიკა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ბოტებმა უფრო მეტი კრიპტო სარგებელი გამოიმუშავეს, ვიდრე ადამიანებმა.

ადამიანებისთვის, რომლებიც ბოტების გამოყენებას გეგმავენ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი მუშაობის პრინციპს ჩასწვდნენ. პირველ რიგში საჭიროა, რომ იმ რამოდენიმე კრიპტო პლატფორმაზე შექმნა ანგარიში, სადაც მომავალში ვაჭრობას გეგმავ. გაითვალისწინე, ასეთი პლატფორმების უმეტესობა KYC რეგულაციების ქვეშ ექცევა. ამ ანგარიშებზე ბოტების მიმაგრებით შენ მათ ნებას რთავ დაამუშაონ ინფორმაცია და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები შენს ნაცვლად. შენ სრულად დამოკიდებული ხდები მესამე პირების მიერ შექმნილ კომპიუტერულ პროგრამებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი კრიპტო ბირჟები მომხმარებლებს ბოტებით სარგებლობისას გარკვეულ უსაფრთხოების დონეს სთავაზობენ, ხარვეზებისგან მაინც არ ხარ დაზღვეული. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კარგად გაიაზრო და წინასწარ ინფორმაცია მოიკვლიო სავაჭრო ბოტებსა თუ კრიპტო ბირჟებზე.

შეჯამება

სავაჭრო ბოტები დაპროგრამებულნი არიან კრიპტო აქტივების 24/7 ვაჭრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოტები მომხმარებლებს უამრავ უპირატესობას სთავაზობენ, გარკვეული რისკები მათაც აქვთ. თუკი რომელიმე ბოტის გამოყენებას გეგმავ, მნიშვნელოვანია რომ გესმოდეს, რა შესაძლებლობები და რისკები აქვს მას.

დამატებით გაითვალისწინე, რომ ბოტებით სარგებლობისას შენ მესამე პირების მიერ შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას წვდომას აძლევ შენს ფინანსებსა და აქტივებზე, რომლებიც განსაკუთრებულად უნდა დაიცვა. რისკების შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია კარგად გაერკვე ამა თუ იმ სავაჭრო ბოტის ფუნქციებში, წარმომავლობასა და ზოგადად, ისტორიაში.

სწორი გამოყენების შემთხვევაში, სავაჭრო ბოტებს მნიშვნელოვანი უპირატესობისა და კომფორტის შექმნა შეუძლიათ სხვადასხვა კრიპტო აქტივებით ოპერირებისას.

Support