ბიტკოინის მაინინგი - რას გაიგებ?
ტერმინს კრიპტოვალუტების გაგებისას პირველი რა გახსენდება? ალბათ ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა კრიპტოვალუტა, თუმცა უამრავი ადამიანისთვის ეს სიტყვა მაინინგთან, უფრო კონკრეტულად კი, ბიტკოინის მაინინგთან ასოცირდება, განსაკუთრებით საქართველოში.
- საინტერესო ფაქტი: 2017 წელს საქართველო ბიტკოინის მაინინგით სამეულში იყო ჩინეთდან და ა.შ.შ-სთან ერთად.
მაინინგი საკმაოდ გავრცელებული ტერმინია კრიპტო საზოგადოებაში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ციფრული ვალუტების მცოდნეთათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ კრიპტო შემოსავალს ეძებ.
მისი პოპულარობის მიუხედავად, შესაძლოა მაინინგით მაინც ნაკლები ადამიანი ინტერესდებოდეს, თუმცა კითხვა კვლავ აქტუალურია - რა არის ბიტკოინის მაინინგი? რამდენად მომგებიანია ეს და როგორ დავიწყოთ მაინინგი.
ამ ბლოგში შენს ყველა კითხვას ვუპასუხებთ, რაც ბიტკოინის მაინინგს ეხება!
რა არის ბიტკოინის მაინინგი?
ბიტკოინის მაინინგი გარკვეულწილად ოქროს მოპოვებას წააგავს, თავად სიტყვა მაინინგი კი, მოპოვებას ნიშნავს, რაც ოქროს შემთხვევაშიც რელევანტური პროცედურაა.
ბიტკოინის მაინინგში ჩართულნი არიან მაინერები, რომლებიც სხვადასხვა ტრანზაქციების ავთენტურობას ადასტურებენ, შემდგომ კი მას ბლოკში ათავსებენ, რომელიც საბოლოოდ ბლოკჩეინში გადაინაცვლებს და იქ სამუდამოდ ჩაეწერება.
სწორედ მაინერები ასრულებენ მთავარ როლს, რადგან ისინი ასხვავებენ რეალურ, ნამდვილ ბიტკოინის ტრანზაქციას ყალბი ტრანზაქციისაგან.
გარდა ამისა, მაინინგი არის პროცესი, რომელიც ბიტკოინის ეკოსისტემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან მაინერები თავიანთი გაწეული სამსახურისათვის BTC-ის სახით იღებენ ჯილდოებს და ხელს უწყობენ ახალი კრიპტოვალუტის მიმოქცევაში ჩაშვებას.
მარტივად რომ შევაჯამოთ, მაინინგი არის მაინერის, ანუ ქსელში ჩართული ადამიანის მიერ დადასტურებული ბიტკოინის ტრანზაქცია, რის შემდგომაც ის გასამრჯელოს სახით, ბიტკოინის გარკვეულ ნაწილს იღებს უკან.
როგორ დავიწყო ბიტკოინის მაინინგი?
დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ადამიანს უამრავი შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს მაინინგის პროცესში და გამოიმუშაოს კრიპტოვალუტა. აქ დეტალურად მოგიყვებით ამ მეთოდების შესახებ და ასევე გეტყვით, თუ რა უპირატესობები აქვს კონკრეტულ გზას, თუკი კრიპტოში შემოსავლის გაჩენა გინდა.
რა გზები არსებობს?
- სოლო მაინინგი
- Cloud Mining
- Mining Pool
სოლო მაინინგი - ანუ როგორ გამოვიმუშაოთ ბიტკოინი სახლში
მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანია დაკავებული სოლო მაინინგით, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საკუთარ სახლებში უდგათ შესაბამისი მოწყობილობები.
თუ გინდა, რომ შენც გამოიმუშაო ბიტკოინი სახლში, ანუ გახდე სოლო მაინერი, ამისათვის გჭირდება, რომ იყიდო შესაბამისი Hardware მოწყობილობა. გაითვალისწინე, აუცილებელია სანდო და გამომდგარი მოწყობილობა შეარჩიო, რათა მან დიდხანს იმუშაოს.
სოლო მაინინგის დროს, ჯილდოდ მიღებული ბიტკოინი მთლიანად შენ გეკუთვნის და მას არავის უნაწილებ.
მიუხედავად დიდი ჯილდოსა, სოლო მაინინგს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. პირველ რიგში, ბიტკოინის მაინინგისათვის საჭირო მოწყობილობა ძვირია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ ეს ხარჯები მარტომ უნდა გასწიო. გარდა ამისა, ბიტკოინის მაინინგისათვის განკუთვნილი Hardware დიდ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, საქართველოს კანონმდებლობით კი, ერთ აბონენტს გარკვეული შეზღუდვა აქვს. დამატებით, შეზღუდვას რომ შევეშვათ, მზად უნდა იყო გაზრდილი ელექტრო ენერგიის ხარჯებისათვის.
Cloud Mining - საჭირო კომპიუტერული მოწყობილობის ქირაობა
კრიპტოვალუტების სამყაროში Cloud Mining პოპულარულ გზად იქცა, რათა ამ სფეროში შეაბიჯო. ამ მეთოდის გამოყენებით, შენ ლიზინგით გამოგაქვს ფიზიკური Hardware მოწყობილობა რომელიმე დიდი ფირმისგან, რომელიც ბიტკოინის მაინინგის ბიუროკრატიას შენს ნაცვლად ითავებს. ამ მეთოდს თავისი პლიუსები აქვს:
- მაინინგისათვის საჭირო მოწყობილობების მოძიება არ გიწევს
- მაინინგისათვის განკუთვნილ ელექტრო ხარჯებს თავიდან იცილებ
- მოწყობილობების მოვლა და სერვისი არ გიწევს
თუმცა, Cloud Mining-საც აქვს თავისი მინუსები. ხშირად, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ხანმოკლეა, შენ კი მთლიანი გადასახადის გადახდა წინასწარ გიწევს. კრიპტოვალუტების ვოლატილური ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ქოინმა ფასი დაკარგოს, შენ კი პოტენციურად წაგებაში წახვიდე.
ასევე გაითვალისწინე, კარგად უნდა შეარჩიო Cloud Mining-ის კომპანია. კრიპტო სფერო სქემერებისგან დაცული არ არის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სფერო. დარწმუნდი, რომ შენს მიერ შერჩეული კომპანია ცნობილი და უკვე კარგად გამოცდილია.
Bitcoin Mining Pool - ძალა ერთობაშია
ბიტკოინის Mining Pool, ანუ მომპოვებელი აუზი, ჩვეულებრივი საცურაო აუზი არ არის, არამედ ის არის მაინერების კოლექტიური ერთობა, რომლებიც თავიანთ ძალებს აერთიანებენ და ამით მეტ შანსს იჩენენ, გამოიმუშაონ და ჯილდოდ მიიღონ ბიტკოინი. როდესაც მაინერები დაადასტურებენ ტრანზაქციას, ჯილდო გაწეული სამუშაოს შესაბამისად ნაწილდება ყველაზე.
Bitcoin Mining Pool-საც აქვს თავისი პლიუსები:
- ადამიანისათვის, რომელსაც ინდივიდუალურად სათანადო კომპიუტერული მოწყობილობები არ გააჩნია, Mining Pool ერთადერთი მარტივი გამოსავალია
- ეს გზა ბევრად ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოითხოვს
როგორც ვთქვით, Bitcoin Mining Pool-ში გაწევრიანებისას, შენ გამომუშავებულ BTC-ს მიიღებ პროცესში შენი მონაწილეობის მიხედვით. მაშინ, როცა მაინინგისთვის საჭირო ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდა მაინც გიწევს, ეს რიცხვები ბევრად ნაკლებია, გამომუშავებული სარგებელი კი, შესაძლოა სოლო მაინინგსაც აღემატებოდეს.
უამრავი ასეთი Mining Pool არსებობს, თუმცა გაითვალისწინე, რომ აუცილებელია სანდო პარტნიორის შერჩევა. ასეთები ბევრია, მაგალითად SlushPool და Antpool.
შესაბამისი Mining Pool-ის შერჩევის შემდგომ, დაგჭირდება პლატფორმაზე ანგარიშის შექმნა და საკუთარი მაინინგ მოწყობილობის სერვერთან დაკავშირება. გაითვალისწინე, ყველა Mining Pool-ს საკუთარი წესები აქვს, აუცილებლად გაეცანი წინასწარ.
რა მოწყობილობები გჭირდება ბიტკოინის მაინინგისთვის?
არ აქვს მნიშვნელობა ბიტკოინის მაინინგში ჩასართავად რომელ გზას აირჩევ - მარტო იმუშავებ, Cloud Mining-ს წამოიწყებ თუ სულად Mining Pool-ის წევრი გახდები, პირველ რიგში გარკვეული ინვესტიცია გჭირდება.
როგორც წესი, საინვესტიციო თანხა ორ ასპექტზე იხარჯება: მაინინგისთვის საჭირო Hardware და Software მოწყობილობები.
Hardware მოწყობილობები ბიტკოინის მაინინგისათვის:
იმისათვის, რომ მაინინგით ბიტკოინი გამოიმუშაო, საჭიროა გარკვეული კომპიუტერული მოწყობილობები გქონდეს და შესაბამისი Hardware შეარჩიო. ასეთი მოწყობილობები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან: ASIC-ები, FPGA-ები და GPU-ები.
- ASICs (Application-Specific Integrated Circuits): ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიტკოინის დასამაინინგებლად შექმნილი მოწყობილობა. მაშინ, როდესაც მათ გააჩნიათ ძლიერი რესურსი, მაინერს გარკვეული საფასურის გადახდაც უწევს სანაცვლოდ და ეს ენერგიის მძლავრი მოხმარებაა.
- FPGAs (Field-Programmable Gate Arrays): ასეთი ტიპის მოწყობილობა, ASICS-თან შედარებით საგრძნობლად იაფი ღირს, თუმცა ნაკლები სიმძლავრითაც გამოირჩევა. ისინი ერთგვარ ბალანსს წარმოადგენენ ხელმისაწვდომობასა და ხარისხს შორის.
- GPUs (Graphics Processing Units): GPU-ები ნამდვილად მოსახერხებელი და ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი მოწყობილობებია. გარდა ამისა, მათ მრავალფუნქციურობაც ახასიათებთ, რაც მაინინგის გარდა გამოიხატება სხვა დანიშნულებებშიც - გეიმინგი და გრაფიკული დიზაინი. ამ მოწყობილობას ჩვეულებრივ კომპიუტერშიც და ლეპტოპშიც ვხვდებით.
Software პროგრამები ბიტკოინის მაინინგისათვის:
რა თქმა უნდა, ბიტკოინის მაინინგისათვის საჭირო მხოლოდ Hardware მოწყობილობები არ არის და აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფაც. კრიპტოვალუტის მაინინგი სწორი პროგრამის გარეშე შეუძლებელია და გაითვალისწინე, ყველა პროგრამა ნებისმიერ Hardware მოწყობილობას არ ერგება.
საბედნიეროდ, ბაზარზე უამრავი პროგრამაა ბიტკოინის მაინინგისათვის, მაგალითად: CGminer, Cudo Miner, EasyMiner და BeMine. თითოეულ პროგრამას თავისი უპირატესობა გამოყენების წესი აქვს.
როგორც ვთქვით, პროგრამის შერჩევისას მთავარია გაითვალისწინო, ერგება თუ არა ის შენს Hardware მოწყობილობას. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამამ მაქსიმალურად შეძლოს ფიზიკური მოწყობილობის რესურსის ათვისება.
რამდენს გამოიმუშავებს მაინერი?
უკვე ვიცით, რომ მაინერები კომპლექსური მათემატიკური დავალებების ამოხსნის შედეგად ადასტურებენ ბიტკოინის ტრანზაქციებს და სანაცვლოდ BTC-ს რაღაც ნაწილით ჯილდოვდებიან, ამ პროცესს block reward, ანუ ბლოკის ჯილდო ეწოდება. ბიტკოინის გამოჩენისას, 2009 წელს, მაინერები ჯილდოს სახით ბლოკის დადასტურებისთვის 50 BTC იღებდნენ, თუმცა ყოველ 4 წელში ერთხელ ეს ჯილდო 50%-ით ნახევრდება. ამ მოვლენას ბიტკოინის განახევრება ეწოდება.
დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის მაინინგისათვის, ანუ ბიტკოინის ტრანზაქციის დადასტურებისას მაინერის ჯილდო 6.25 BTC-ს შეადგენს და ის დაახლოებით ყოველ 10 წუთში ერთხელ გაიცემა ბიტკოინის ქსელში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ ათ წუთში ერთი ადამიანი იღებს 6.25 ბიტკოინის ღირებულების აქტივს. რეალური გამომუშავება დამოკიდებულია, თუ რამდენად მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა გაქვს და რა წვლილს შეიტან ტრანზაქციის დადასტურებაში. რაც მეტია შენი როლი, მით მეტია ჯილდო.
მაინინგისა და მაინერების წყალობით სისტემა მუშაობს გამართულად, მაინერი გამოიმუშავებს ბიტკოინს, ქსელი კი მათი მუშაობის წყალობით ინარჩუნებს სტაბილურ საოპერაციო სივრცეს, მოთხოვნა მიწოდების ბალანსს და ყველა იმ ეფექტს, რაც კრიპტოვალუტებისათვის მნიშვნელოვანია.