PlayStation-ის ექსპერიმენტები იწყება
ცოტა ხნის წინ Sony-ს საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია, რომ კომპანია აქტიურად განიხილავს თავიანთ სათამაშო ინდუსტრიაში ბლოკჩეინ და NFT ტექნოლოგიების დანერგვას.
დოკუმენტში, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ Sony განიხილავდა საკუთარი ბლოკჩეინისა და NFT კოლექციის შექმნას.
„საინტერესოა იმ ტექნოლოგიის ათვისება და შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული აქტივების მართვას სხვადასხვა ვიდეო თამაშში. ეს აქტივები იქნება უნიკალური, როგორც NFT თუ ტრადიციული ხასიათის, როგორც თამაშში რაიმეს შესყიდვისა და გადახდის საშუალება“ - ნათქვამია დოკუმენტში.
შესაბამისად, შესაძლოა PlayStation-ის შემქმნელმა კომპანია Sony-მ ისეთი ტიპის ციფრული აქტივებიც წარადგინოს, რომლებიც PS Store-ში სხვადასხვა თამაშის ყიდვის შესაძლებლობას მოგვცემს ტრადიციული ვალუტების, დოლარის, ევროსა და ა.შ გვერდის ავლით.
PS Store არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია იყიდოს როგორც სხვადასხვა თამაში, ასევე თამაშისათვის დამახასიათებელი ატრიბუტი, იქნება სკინი, რუკა თუ სხვა რამ.
რა ეტაპზეა Sony ახლა?
მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ Sony-ის მიერ თავიანთ ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტი გასული წლის ნოემბრით თარიღდება, ხოლო იდეაზე მუშაობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყეს, რა დროსაც NFT ბაზრის ირგვლივ განსხვავებული სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის. მას შემდგომ ბაზრის სენტიმენტები შეიცვალა.
Sony-ში აქცენტს აკეთებენ ისეთ ინდუსტრიაზე, რომელზეც კონკურენტმა Xbox-მა უარი თქვა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარია ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ აუდიტორიაზე, რომელსაც გეიმინგ ინდუსტრია აერთიანებს, შესაბამისად კვლავ შეიძლება ვიხილოთ NFT-ის ახალი ტალღა.
PlayStation, eSport და NFT:
PlayStation-ის Start პროგრამისგან განსხვავებით, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა საკოლექციო ციფრული პრიზების გამომუშავებაზე, NFT პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება თამაშის შიგნით შენაძენების განხორციელება.
ანუ, მოთამაშეს შეეძლება რაიმე უნიკალური და განმასხვავებელი ატრიბუტის ქონა, რომელსაც მხოლოდ Sony-ის NFT მეშვეობით იყიდის.
რამდენჯერ გიოცნებია, რომ რომელიმე თამაშში გამომუშავებული ჯილდოები, სხვა თამაშებშიც გადაგყოლოდა და გამოგეყენებინა. ამის საშუალებას იძლევა NFT ტექნოლოგია.
გამომუშავებული NFT თუ სხვა ჯილდო, შეგიძლია სხვა ნებისმიერ თამაშშიც თან წაიყოლო.
Sony-ში გეგმავენ, რომ მათი NFT კოლექცია უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახადონ სხვადასხვა eSport, ანუ ციფრული სპორტის ვარსკვლავებისა და ცნობილი ადამიანების დახმარებით.
მიუხედავად ჩვენს მიერ ნახსენები NFT სენტიმენტის ცვლილებისა, მრავალი დიდი კომპანია კვლავ განაგრძობს NFT პროექტებზე მუშაობას და სწორედ ასეთია Sony-იც. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, PlayStation-ს საკუთარი NFT სივრცე ექნება და პირველები ამას PlayStation-ის მომხმარებლები გაიგებენ.
შეჯამება:
მიუხედავად NFT-ების მიმართ ინტერესის შემცირებისა, Sony-ის ნათლად აქვს გადაწყვეტილი NFT სივრცის ათვისება და რაც მთავარია, თავიანთ სისტემაში Blockchain ტექნოლოგიის შემოტანა. რთულია ითქვას ზუსტად როდისთვის იგეგმება პროექტის ჩაშვება, თუმცა ის კომპანიისთვის კვლავ აქტუალურია.
მათი თქმით, მიზანია, რომ სათამაშო გამოცდილება სრულიად ახალ დონეზე ავიდეს, როგორც PlayStation-ის დევიზი გვეუბნება - თამაშს არ აქვს საზღვრები.