
ბაინანსის გატეხვა - როგორ დაიცვა შენი კრიპტო ბირჟაზე თავდასხმის დროს?
დილით იგებ, რომ კრიპტო ბირჟა, რომელსაც იყენებ, გატეხეს. აპს ხსნი და ხედავ, რომ ბალანსი ისევ ანგარიშზეა, მაგრამ გატანა შეჩერებულია. ამასობაში SMS მოგდის, თითქოს მხარდაჭერის გუნდიდან გწერენ და თანხის „უსაფრთხო საფულეში“ გადატანას გთხოვენ. როგორ გაარკვიო, რომელ ინფორმაციას ენდო და შეგიძლია თუ არა კრიპტოს გატანა?
2026 წლის ოქტომბერში Binance-ზე თავდასხმამ დაახლოებით 6,34 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტო აქტივები მოიცვა. ამ სტატიაში გაიგებ, რა მოხდა, როგორ იმოქმედო, როცა გატანა ხელმისაწვდომია ან შეჩერებულია, და როგორ გადაიტანო კრიპტო საფულეში, რომელსაც თავად აკონტროლებ.
რა მოხდა Binance-ზე 6,34 მილიარდ დოლარიანი თავდასხმის დროს?
თავდასხმა 2026 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 20:05-ზე (UTC) დაიწყო. საქართველოში ამ დროს უკვე 30 ოქტომბრის 00:05 იყო. Binance-ის წინასწარი დასკვნით, თავდამსხმელებმა თანამშრომლების კომპიუტერებზე მოპოვებული წვდომითა და სისტემაში შესასვლელად მოპარული მონაცემებით მიაღწიეს შიდა სერვისამდე, რომელიც ბირჟის ცხელი საფულეებიდან ტრანზაქციებს ამოწმებდა და ხელს აწერდა. ცხელი საფულე ინტერნეტთან დაკავშირებული კრიპტო საფულეა, რომელსაც ბირჟა აქტივების გადასატანად იყენებს.
ოთხ წუთში ბაინანსის ხუთი საფულიდან თავდამსხმელის კონტროლქვეშ მყოფ მისამართზე ჯამში 233,46 მილიონი XRP გადაირიცხა. უნებართვო გადარიცხვები სხვა აქტივებსაც შეეხო, მათ შორის Bitcoin-სა და Solana-ს.
Binance-მა კრიპტოს გატანა დროებით შეაჩერა და განაცხადა, რომ დანაკარგს მომხმარებელთა დაცვის ფონდიდან (SAFU) და კომპანიის სახსრებით დაფარავდა. გატანა 1 ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგა. პირველ ხელმისაწვდომ აქტივებს შორის იყო ბიტკოინი, ეთერი და რამდენიმე სტეიბლკოინი.
3 ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, რეაგირების გუნდებმა დაახლოებით 2,85 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვა ან მათი შემდგომი გადაადგილების შეჩერება შეძლეს. ეს მაჩვენებელი რეაგირების შედეგს ასახავდა. დანაკარგის დაფარვაზე პასუხისმგებლობა Binance-მა ცალკე აიღო.
ბირჟაზე ნაჩვენები ბალანსი ასახავს, რა რაოდენობის აქტივია შენს ანგარიშზე აღრიცხული. გარე საფულეში კრიპტოს გადასატანად ბირჟამ გატანის მოთხოვნა უნდა დაამუშაოს და დაადასტუროს. ამიტომ გატანის შეჩერების დროსაც შეგიძლია ბალანსის ნახვა. თუ შეზღუდვა მთელ პლატფორმას ეხება, შეამოწმე ბირჟის ოფიციალური განახლებები. თუ საკუთარ ანგარიშზე უცნობ შესვლას ან გატანას შენიშნავ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდი ოფიციალურ მხარდაჭერას და დაიცავი ანგარიში.
როგორ მოიქცე, თუ კრიპტო ბირჟა გატეხეს?
ჯერ გადაამოწმე ინფორმაცია და შეამოწმე ანგარიში
გახსენი ბირჟის ოფიციალური აპი ან ბრაუზერში წინასწარ შენახული ბმულით გადადი საიტზე და მოძებნე განცხადება ინციდენტის შესახებ. შეამოწმე ანგარიშზე ბოლო შესვლები, სავაჭრო ოპერაციები და გატანები. თუ უცნობ აქტივობას შენიშნავ, მხარდაჭერას აპიდან ან ოფიციალური საიტიდან დაუკავშირდი. თუ ბირჟას ანგარიშის დაბლოკვის ფუნქცია აქვს, გამოიყენე ის და სანდო მოწყობილობიდან დაიცავი ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტაც.
განსაკუთრებით ფრთხილად იყავი შეტყობინებებთან, რომლებიც რეალურ ინციდენტს ახსენებს. მაგალითად, შეიძლება მოგწერონ, რომ თავდასხმა შენს ანგარიშსაც შეეხო და კრიპტო 30 წუთში „უსაფრთხო საფულეში“ უნდა გადაიტანო. ინფორმაცია პირდაპირ ბირჟის ოფიციალურ არხებზე გადაამოწმე. პაროლი, დადასტურების კოდები და საფულის აღდგენის ფრაზა არავის გაუზიარო. თუ კრიპტოს გადატანას გადაწყვეტ, გამოიყენე მისამართი, რომელიც შენმა საფულემ შექმნა.
თუ გატანა ხელმისაწვდომია, გადარიცხვამდე შეამოწმე დეტალები
გადაამოწმე, შეგიძლია თუ არა გატანა შენთვის საჭირო აქტივითა და ქსელით. ბირჟამ შეიძლება ბიტკოინის გატანა აღადგინოს, სხვა აქტივებსა თუ ქსელებზე კი შეზღუდვა დატოვოს. თუ გადარიცხვას გადაწყვეტ, გახსენი მიმღები საფულე და გადაამოწმე მისამართი და ქსელი. თუ საკომისიო და გატანის მინიმალური ოდენობა ამის საშუალებას გაძლევს, ჯერ მცირე თანხა გაგზავნე და დაელოდე მის ასახვას საფულეში.
თუ კრიპტო Cryptal-იდან გაგაქვს, ნაბიჯებს ნახავ Cryptal-ის გატანის გზამკვლევში.
თუ გატანა შეჩერებულია, თვალი ადევნე ოფიციალურ განახლებებს
თუ ბირჟამ შენ მიერ არჩეულ ქსელზე კონკრეტული აქტივის გატანა შეაჩერა, ბლოკჩეინზე გადარიცხვას მხოლოდ ამ ქსელზე გატანის აღდგენის შემდეგ შეძლებ. შეინახე ანგარიშის ჩანაწერები, მათ შორის დამუშავების პროცესში მყოფი გატანის მოთხოვნის ნომერი, თარიღი, დრო და ტრანზაქციის იდენტიფიკატორი (TXID), თუ უკვე გაქვს. თუ უნებართვო აქტივობას შეამჩნევ, ეს ინფორმაცია ოფიციალური მხარდაჭერის არხით გააზიარე. არ გადაუხადო თანხა მათ, ვინც გატანის განბლოკვას ან კრიპტოს დაბრუნებას წინასწარი საფასურის სანაცვლოდ გპირდება.
როგორ გადაიტანო კრიპტო ბირჟიდან საკუთარ საფულეში?
გაარკვიე, ვინ აკონტროლებს გასაღებებს
პირადი გასაღები კრიპტო საფულიდან ტრანზაქციის ხელმოწერის საშუალებას იძლევა. ბირჟის საფულესა და საფულეს შორის, რომელსაც თავად მართავ, მთავარი განსხვავება ისაა, თუ ვის აქვს ამ გასაღებებზე კონტროლი.
| საფულის ტიპი | ვინ აკონტროლებს გასაღებებს? | რა უნდა გაითვალისწინო? |
|---|---|---|
| ბირჟის საფულე | ბირჟა | მოსახერხებელია ვაჭრობისთვის. გატანა ბირჟის სისტემების მუშაობასა და გატანის სტატუსზეა დამოკიდებული. |
| პროგრამული საფულე, რომელსაც თავად მართავ | შენ | შეგიძლია გამოიყენო ტელეფონზე ან კომპიუტერზე. მოწყობილობისა და საფულის სარეზერვო ასლის დაცვაზე შენ ხარ პასუხისმგებელი. |
| აპარატურული საფულე | შენ | სპეციალურ მოწყობილობას პირადი გასაღებების ინტერნეტისგანიზოლირებულად შენახვა შეუძლია. თუ მოწყობილობა დაიკარგა ან დაზიანდა, წვდომის აღსადგენად დაცული სარეზერვო ასლი დაგჭირდება. |
როგორ გაიტანო ბიტკოინი პირველად?
თუ BTC-ის ბირჟიდან საკუთარ ბიტკოინის საფულეში გადატანა გინდა, მიჰყევი ამ ნაბიჯებს.
- დააყენე ბიტკოინის საფულე და შექმენი სარეზერვო ასლი. მიჰყევი საფულის დაყენების ინსტრუქციას და თანხის გადატანამდე უსაფრთხოდ შეინახე აღდგენისთვის საჭირო მონაცემები.
- მიიღე საფულის მისამართი. გახსენი ბიტკოინის საფულე, აირჩიე Receive („მიღება“) და დააკოპირე ეკრანზე ნაჩვენები მისამართი.
- ბირჟაზე აირჩიე BTC და Bitcoin-ის ქსელი. ჩასვი მისამართი გატანის ფორმაში და შეადარე საფულეში ნაჩვენებ მისამართს. დარწმუნდი, რომ ბირჟაზეც და მიმღებ საფულეშიც Bitcoin-ის ქსელს იყენებ.
- შეამოწმე საკომისიო და გატანის მინიმალური ოდენობა. თუ პირობები საშუალებას გაძლევს, ჯერ მცირე საცდელი თანხა გაგზავნე და დაელოდე, სანამ საფულეში აისახება.
- გადაიტანე დარჩენილი ოდენობა. გატანის დადასტურებამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმე მისამართი და ქსელი.
მენიუს დასახელებები ბირჟების მიხედვით იცვლება. თუ კრიპტო Cryptal-იდან გაგაქვს, გატანის გზამკვლევში ნახავ, სად არის ფორმა და რომელი მონაცემები უნდა გადაამოწმო.
დაიცავი საფულის აღდგენის ფრაზა
ბევრი საფულე, რომელსაც თავად მართავ, გაძლევს აღდგენის ფრაზას. ეს სიტყვების თანმიმდევრობაა, რომლითაც საფულეზე წვდომის აღდგენა შეგიძლია. ვინც ამ სიტყვებს მოიპოვებს, შესაძლოა შენს კრიპტოზეც მოიპოვოს კონტროლი. შეინახე ფრაზა უსაფრთხო ადგილას, ინტერნეტისგან განცალკევებით. მოერიდე მის შენახვას ეკრანის ანაბეჭდში, ელფოსტაში ან ჩატში და არავის გაუზიარო, თუნდაც მხარდაჭერის თანამშრომლად გაგეცნოს. თუ საფულის აღდგენა დაგჭირდება, მიჰყევი შენი პროგრამის ან მოწყობილობის ოფიციალურ ინსტრუქციას.
როგორ მოემზადო ბირჟაზე შესაძლო თავდასხმისთვის?
- განსაზღვრე, რამდენი კრიპტო გჭირდება ბირჟაზე. დაფიქრდი, რა რაოდენობას იყენებ ვაჭრობისა თუ კონვერტაციისთვის და რის შენახვას აპირებ ხანგრძლივად. ასე წინასწარ გადაწყვეტ, რომელი აქტივების მართვა გირჩევნია საკუთარ საფულეში.
- წინასწარ დააყენე და გამოსცადე საფულე. მიიღე მცირე ოდენობის კრიპტო, რომ იცოდე, სად იპოვო მისამართი, როგორ გადაამოწმოქსელი და როგორ აისახება დასრულებული გადარიცხვა.
- დაიცავი ანგარიშები, რომლებსაც იყენებ. სადაც შესაძლებელია, დააყენე Passkey. დაკავშირებულ ელფოსტაზე გაააქტიურეორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. თუ ბირჟას აქვს გატანისთვისდაშვებული მისამართების სიის ფუნქცია, გამოიყენე ის, რომ კრიპტოს გატანა მხოლოდ შენ მიერ მითითებულ მისამართებზე იყოს შესაძლებელი.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია კრიპტოს გადატანა, თუ ბირჟამ გატანა შეაჩერა?
უნდა დაელოდო, სანამ ბირჟა გატანას შენ მიერ არჩეული აქტივისა და ქსელისთვის აღადგენს. ხელმისაწვდომობა აქტივისა და ქსელის მიხედვით იცვლება, ამიტომ გადარიცხვის დაწყებამდე ოფიციალური სტატუსი გადაამოწმე.
შეიძლება ბირჟაზე თავდასხმა ჩემს საფულეში უკვე გადატანილ კრიპტოს შეეხოს?
თუ გადარიცხვა ბლოკჩეინზე უკვე დადასტურებულია და მიმღები საფულის გასაღებებს თავად აკონტროლებ, ბირჟას ამ აქტივების გადაადგილება არ შეუძლია. ამ ეტაპზე უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, როგორ იცავ გასაღებებსა და აღდგენის მონაცემებს და რომელ ტრანზაქციებს ადასტურებ.
რა მოხდება, თუ კრიპტოს არასწორ მისამართზე ან ქსელზე გავგზავნი?
დადასტურებული ტრანზაქციის გაუქმება, როგორც წესი, შეუძლებელია. თუ არასწორი ქსელი აირჩიე, თანხის აღდგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია ქსელებზე და იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს მიმღებ მისამართს. შეინახე ტრანზაქციის იდენტიფიკატორი (TXID). თუ მიმღები მისამართი სხვა პლატფორმას ეკუთვნის, დაუკავშირდი მის ოფიციალურ მხარდაჭერას.
რა მოხდება, თუ აპარატურულ საფულეს დავკარგავ?
თუ აღდგენის მონაცემები შენახული გაქვს, წვდომის აღდგენას, როგორც წესი, თავსებად საფულეში შეძლებ. თუ მოწყობილობაც დაკარგე, სარეზერვო ასლიც და გასაღებებზე წვდომის სხვა გზაც აღარ გაქვს, შესაძლოა კრიპტოზე წვდომა სამუდამოდ დაკარგო.
შეჯამება
თუ გაიგებ, რომ კრიპტო ბირჟა გატეხეს, გადაამოწმე ინფორმაცია ბირჟის ოფიციალურ არხებზე, შეამოწმე ანგარიშის აქტივობა და გაარკვიე, ხელმისაწვდომია თუ არა გატანა შენთვის საჭირო აქტივითა და ქსელით. თუ კრიპტოს გადატანას გადაწყვეტ, გამოიყენე საფულე, რომელსაც თავად აკონტროლებ. თუ პირობები საშუალებას გაძლევს, ჯერ მცირე თანხა გაგზავნე და დაელოდე მის მიღებას. საფულის წინასწარ დაყენება და სარეზერვო ასლის დაცვა დაგეხმარება, ინციდენტის დროს ეს ნაბიჯები აუჩქარებლად გაიარო.