crypto-wallet-geo-1000x300
2023-06-23clock6 minutes

კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივების გავრცელებასთან ერთად სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება კრიპტო საფულის როლი ჩვენი აქტივების უსაფრთხოდ შენახვაში.

ამ ბლოგში გეტყვით, რა არის კრიპტო საფულე და საიდან დაიწყო მისი ისტორია, რა ტიპის ელექტრონული საფულეები არსებობენ, რას ნიშნავს ბიტკოინ საფულე და მთავარი - როგორ გეხმარებიან ისინი, დაიცვა შენი აქტივები სხვადასხვა ციფრული საფრთხეებისგან.

რა არის კრიპტო საფულე?

კრიპტოვალუტებმა, სხვადასხვა ციფრულმა აქტივებმა და დეცენტრალიზებულმა ტექნოლოგიებმა ფინანსური სამყარო სწრაფად და აქტიურად დაიპყრეს. ამ ციებ-ცხელებაში მონაწილეობა გამდიდრების სურვილის მქონე ბევრმა ადამიანმა დაიწყო, თუმცა შენ ვერასდროს იქნები კრიპტოს სრულყოფილი წევრი, თუ არ იცი როგორ შეინახო შენი აქტივები უსაფრთხოდ და თუ ჯერ კიდევ არ გაქვს კრიპტო საფულე, იქნება ის ბიტკოინ საფულე თუ სხვა.

კრიპტოვალუტების საფულე არის მოწყობილობა ან ციფრული აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება უსაფრთხოდ შეინახოს და ეფექტურად მართოს საკუთარი აქტივები და კრიპტოვალუტები. ტრადიციული საფულის მსგავსად, რომელიც ჩვენს ჯიბეებშია მოთავსებული და ფიატ ვალუტასა და სხვადასხვა ბარათებს ინახავს, ციფრული კრიპტო საფულეც აქტივების შესანახად გამოიყენება, თუმცა საქმე არა Visa/MasterCard ბარათებს, არამედ ციფრულ აქტივებს ეხება.

მოწყობილობაში დატანილია ციფრებისა და ასოებისგან შემდგარი კოდი, რომელსაც პირად გასაღებს, ანუ Private Keys უწოდებენ. სწორედ ეს კომბინაცია არის გასაღები შენს აქტივებზე და მასზე წვდომა უნდა გქონდეს მხოლოდ შენ!

რა არის პირადი გასაღები, ანუ Private Keys?

პირადი გასაღები, როგორც ვახსენეთ, ერთგვარ პაროლს წარმოადგენს შენი კრიპტო საფულისათვის. ის შედგება ციფრებისა და ასოებისგან შემდგარი უნიკალური კოდისგან, რომელიც შენს აქტივებზე წვდომას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ შენი ელექტრონული საფულის პირადი გასაღები, ანუ Private Keys დაცული გქონდეს და მასზე წვდომა მხოლოდ შენ გაგაჩნდეს, რადგან ამ კოდის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შენი ფინანსების განკარგვა.

დაიმახსოვრე: არავითარ შემთხვევაში არ გაუზიარო შენი კრიპტო საფულის პირადი გასაღები სხვა ადამიანს და არასდროს შეინახო ეს კოდი ისეთ მოწყობილობაში, რომელიც დაკავშირებული იქნება ინტერნეტთან!

რა არის საჯარო მისამართი, ანუ Public Addresses?

საჯარო მისამართები საბანკო ანგარიშის კრიპტო ალტერნატივაა. თუ გინდა ვინმემ შენს კრიპტო საფულეში ჩაგირიცხოს კრიპტოვალუტები, სწორედ ეს საჯარო მისამართი უნდა გაუზიარო მას. ყველა საფულეს საკუთარი საჯარო მისამართი აქვს.

საიდან დაიწყო ციფრული საფულის, ანუ კრიპტო საფულის ისტორია?

კრიპტო საფულეების აღმავლობა პირველი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის, გამოჩენას უკავშირდება. ბიტკოინი კრიპტო ასპარეზზე 2009 წელს გამოჩნდა, მას შემდგომ რაც ინდივიდმა ან ადამიანთა ჯგუფმა, ცნობილი როგორც სატოში ნაკამოტო, ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე წარადგინა ბიტკოინის მოქმედების პრინციპი და Whitepaper.

კრიპტოვალუტების პირველი მომხმარებლები თავიანთ აქტივებს ინახავდნენ ძალიან მარტივად - გასაიდუმლოებული ჰქონდათ პირადი გასაღები (Private Keys), აქტივები კი უბრალოდ ქსელში ინახებოდა. თუმცა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად და კრიპტოვალუტების გავრცობის პარალელურად საჭირო გახდა უფრო უსაფრთხო გზების გამოყენება. სწორედ ამიტომ, 2009 წელს, გაჩნდა პირველი ბიტკოინ საფულე სახელად Bitcoin-QT. მისი გამოყენებით თრეიდერებს და კრიპტო მოყვარულებს შეეძლოთ ბიტკოინი საკუთარ კომპიუტერებზე შეენახათ.

მოგვიანებით, 2011 წელს გამოჩნდა პირველი ვებ-კრიპტო საფულე, სახელად MyBitcoin. მისი დახმარებით შენს აქტივებზე წვდომა გქონდა ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელიც დაერთებული იყო ინტერნეტთან და შესაბამისად, ადამიანებს არ უწევდათ აქტივების მხოლოდ ერთ, საკუთარ კომპიუტერზე განთავსება. ცოტა ხანში, უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, MyBitcoin-ის საფულე გატყდა და დაიკარგა უამრავი აქტივი, სწორედ ამ მომენტის შემდგომ დაიწყო მთელი რიგი განვითარებული და უსაფრთხო კრიპტო საფულეების შემუშავება.

სწორედ ამის კარგი მაგალითია 2012 წელს შექმნილი პირველი ფიზიკური საფულე, სახელად Trezor. მისი წყალობით, მომხმარებლებს თავიანთი კრიპტო აქტივები ფლეშ მეხსიერების მსგავს ჯიბის მოწყობილობაში ჰქონდათ ჩატვირთული და პარალელურად, კრიპტოებზე წვდომა ინტერნეტთან კავშირის გარეშე შეეძლოთ, რამაც საბოლოო ჯამში კრიპტო საფულეების დაცულობა ახალ დონემდე აიყვანა.

კრიპტოვალუტების ბაზრის დივერსიფიკაციასა და განვითარებასთან ერთად იგივე ბედი ეწია კრიპტო საფულეებსაც და პროგრესი მხოლოდ ფიზიკურ საფულეებზე არ შეჩერებულა. მოგვიანებით გაჩნდა მობილურის აპლიკაციებში ჩატვირთული კრიპტო საფულეები - Breadwallet (BRD) და Coinbase Wallet.

ერთ-ერთი საბოლოო წერტილი, რომელიც კრიპტოვალუტების საფულეებმა განვითარების ეტაპზე ნახეს, ერთი შეხედვით პრიმიტიული გზაა. შენ შეგიძლია შენი პირადი გასაღები (Private Keys), ანუ კოდი ფურცელზე დაიტანო და ის ფიზიკურად შეინახო სეიფში ან ბანკში. ეს ერთი შეხედვით მარტივი გზა, კრიპტოვალუტების შენახვის ერთ-ერთ უსაფრთხო მეთოდად იქცა.

რისთვის გამოიყენება კრიპტო საფულე?

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების საფულეების მთავარი ფუნქცია შენი კრიპტო და ციფრული აქტივების შენახვაა, შესაძლებელია რომ ასეთ მოწყობილობებს სხვა დამატებითი ფუნქციონალიც გააჩნდეს.

ელექტრონული საფულის მთავარი მოვალეობაა:

1. კრიპტოვალუტების შენახვა: როგორც ვახსენეთ, კრიპტო საფულის მთავარი მოვალეობაა უსაფრთხოდ შეინახოს შენი კრიპტო აქტივები, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ ლაითქოინი. ელექტრონული საფულე გეხმარება მუდმივად გქონდეს წვდომა საკუთარ აქტივებზე.

2. კრიპტოვალუტების გაგზავნა & მიღება: კრიპტო საფულეების ერთ-ერთი ფუნქციონალია მიიღონ გამოგზავნილი კრიპტოვალუტები ან გადაიტანონ სხვა, მითითებულ ლოკაციაზე. შენ შეგიძლია გაუგზავნო კრიპტო ნებისმიერ ადამიანს, ან თავად მიიღო კრიპტო შენს საფულეზე თუ სხვას გაუზიარებ შენი კრიპტო საფულის საჯარო მისამართს.

3. ტრანზაქციების ისტორიის შენახვა: გარდა აქტივების შენახვისა და მათი სხვადასხვა მისამართზე გაგზავნა-მიღებისა, კრიპტო საფულე ინახავს შენს მიერ განხორციელებულ ყოველ ტრანზაქციას. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ფუნქციონალი იყოს თუ გინდა რომ შენი კრიპტო აქტივები დეტალურად აკონტროლო.

4. მრავალ ვალუტიანი ფუნქციონირება: კრიპტოვალუტების სამყაროს პოპულარიზაციასთან ერთად სულ უფრო დიდია ისეთი კრიპტოვალუტებისა და ქოინების რაოდენობა, რომელშიც ინვესტირება მომხმარებლებს სურთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ კრიპტო საფულეს შეეძლოს სხვადასხვა ქსელზე მომუშავე კრიპტოვალუტების მხარდაჭერა და ერთ სივრცეში უსაფრთხოდ თავმოყრა.

5. დეცენტრალიზებული ფინანსური (DeFi) აქტივობები: DeFi პლატფორმები მომხმარებლებს ინვესტირების გარდა დამატებით ფუნქციონალს სთავაზობენ, როგორიც არის კრიპტოს სესხება ან გასესხება, სტეიკინგის წამოწყება, რომლის მეშვეობითაც შენ დამატებით სარგებელს იღებ შენს აქტივებზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ კრიპტო საფულე უკავშირდებოდეს სხვადასხვა DeFi პლატფორმებსა და ვებ-საიტებს, რომ ამგვარი ფუნქციონალი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

შეჯამება

კრიპტო საფულე არის შენი კრიპტოვალუტების შესანახად და გადასაგზავნად შექმნილი მოწყობილობა, რომელიც გეხმარება დაიცვა აქტივები გარეგანი ჩარევებისა და სხვადასხვა მანიპულაციებისაგან.

შექმნის დღიდან კრიპტო საფულეები საგრძნობლად განვითარდნენ და დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს სხვადასხვა ფუნქციონალის მქონდე უამრავ საფულეს შორის, იქნება ეს ფიზიკური საფულე, ინტერნეტ საფულე თუ სხვა.

ბლოგის შემდეგ ნაწილში საუბარი გვექნება რა ტიპის კრიპტო საფულეები არსებობს ბაზარზე და რომელი მოწყობილობაა ამა თუ იმ კრიპტო თრეიდერზე მორგებული.

გაითვალისწინე, კრიპტო საფულის პირადი გასაღები (Private Keys) გეკუთვნის მხოლოდ შენ და ის არავის არ უნდა გაუზიარო!

Support