litecoin-geo-1000x300
2023-09-04clock8 minutes

შესავალი: რა უნდა იცოდე ლაითქოინის ანუ კრიპტო ვერცხლის შესახებ?

კრიპტოვალუტების ხანაში Litecoin არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივი, რომელსაც სხვანაირად კრიპტოვალუტების ვერცხლსაც უწოდებენ. მისი სწრაფი, იაფი და მოსახერხებელი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით, ლაითქოინი გახდა ის კრიპტო, რომელიც თრეიდერებს ასე ძალიან უყვართ.

ამ ბლოგში ნახავ ყველაფერს, რაც უნდა იცოდე ლაითქოინის შესახებ - რა არის ის, რა ბლოკჩეინზე მუშაობს და რაც მთავარია, როგორ შეგიძლია შენ გამოიყენო.

რა არის ლაითქოინი?

ლაითქოინი კრიტპო ბაზარზე პირველად 2011 წელს გამოჩნდა და ის ბიტკოინის ქსელთან fork-ის შედეგად, ანუ ბლოკჩეინის გაყოფის შედეგად გაჩნდა.

ფორკი არის პროცესი, როდესაც პირვანდელი, ორიგინალი ბლოკჩეინის ირგვლივ დეველოპერებსა და კრიპტო მომხმარებლებს აქვთ შეუთანხმებლობა და შედეგად ჩნდება ძველ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ახალი ქსელი.

მისი შექმნის უკან გუგლის ყოფილი ინჟინერი, ჩარლი ლი დგას და სწორედ მის მიერ შექმნილ კრიპტოვალუტას უწოდებენ პირველ ალტქოინს ან კრიპტოვალუტების ვერცხლს.

Litecoin-ის შექმნის პირველი მიზეზები სწორედაც ბიტკოინში უნდა ვეძებოთ, რადგანაც ზოგიერთმა დეველოპერმა მიიჩნია, რომ კრიპტოვალუტების უპირველესი აქტივი ბიტკოინი, ცნობილი როგორც კრიპტო ოქრო, ზედმეტად ცენტრალიზებული ხდებოდა და საჭირო იყო, რომ კრიპტოებს შეენარჩუნებინათ ფინანსური თავისუფლება ადამიანებისთვის და დიდი მაინერ ფირმებისთვის ბაზრის უმეტესი წილის ხელში ჩაგდება რთული და შეუძლებელი ყოფილიყო.

გარდა ამისა, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძველი კრიპტოვალუტა ლაითქოინის, პირველისგან, რომელიც ბიტკოინია, უნდა გამორჩეულიყო ტრანზაქციების სისწრაფითა და სიიაფით. ცნობისთვის, ლაითქოინში ყოველი ახალი ბლოკის შექმნას საშუალოდ 2.5 წუთი ჭირდება, რაც ბიტკოინთან შედარებით დაახლოებით ხუთჯერ სწრაფია.

რამდენი ლაითქოინი არსებობს?

2011 წელს, ანუ როდესაც კრიპტოვალუტა მიმოქცევაში ეშვებოდა, ავტორებმა წინასწარ 150 ცალი ქოინი შექმნეს, ჯამურად კი გათვალისწინებულია 84 მილიონი ლაითქოინის გამოსვლა ბაზარზე.

2023 წლის მონაცემებით, ჯამური 84 მილიონი ქოინიდან მიმოქცევაში ჩასაშვებად დარჩენილია 10.5 მილიონზე ნაკლები.

ლაითქოინის სასრული რაოდენობა დროთა განმავლობაში მისი ფასის ზრდას გამოიწვევს, რადგან რაც უფრო მცირეა აქტივი, რომელზეც მოთხოვნა გაზრდილია, შესაბამისად მომატებულია მისი ფასიც.

რა არის ლაითქოინის განახევრება, ანუ Halving?

მაინერები კრიპტოვალუტისა და კონკრეტულად ლაითქოინის გამართულად მუშაობაში უდიდეს როლს ასრულებენ უამრავი ტრანზაქციის ავთენტურობის დადასტურებით. ამ პროცესში ისინი ხარჯავენ ბევრ დროსა და რესურს, სანაცვლოდ კი, ისინი მაინინგის მეშვეობით იღებენ გასამრჯელოსა და ჯილდოს Litecoin-ის სახით.

ყოველი 840 000 ბლოკის ქსელში, ანუ ბლოკჩეინში დამატების შემდგომ იწყება ჯილდოების განახევრების პროცესი. ეს პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ეკოსისტემაში მონაწილე ადამიანების მოტივაციის გაზრდისათვის, ასევე ინფლაციის შემცირებასა და საჭირო რაოდენობის ქოინების ცირკულაციაში ჩაშვებაში.

მაგალითად, თუ თავდაპირველად ჯილდო 50 LTCშეადგენდა, 2015 წლის განახევრების შემდგომ ჯილდოს რაოდენობა 25 ლაითქოინამდე შემცირდა.

განახევრების ზუსტი შედეგების გამოთვლა რთულია, თუმცა მიზანი მარტივია - კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა იზრდება, მიწოდება კი მცირდება, რაც აქტივს ფასს საგრძნობლად მატებს.

Litecoin-ის განახევრების თარიღები:

  • 2015 წ. 25 აგვისტო: 50 LTC -> 25 LTC
  • 2019 წ. 5 აგვისტო: 25 LTC -> 12.5 LTC
  • 2023 წ. 23 აგვისტო: 12.5 LTC -> 6.25 LTC
  • 2027 წ: 6.25 LTC -> 3.125 LTC

რა ბლოკჩეინზე მუშაობს ლაითქოინი?

Litecoin ბიტკოინისგან განსხვავებულ, საკუთარ ბლოკჩეინზე მუშაობს, რომელიც უნიკალურ პროტოკოლს იყენებს სწორი და სწრაფი ოპერირებისთვის. როგორც ვთქვით, ქსელი 2011 წელს ბიტკოინთან ფორკის, ანუ გაყოფის შედეგად შეიქმნა და Proof-of-Work მექანიზმზეა დამყარებული.

Proof-of-Work, შემოკლებით PoW, არის მექანიზმი, რომელსაც კრიპტოვალუტებში ტრანზაქციების ავთენტურობის დასადასტურებლად იყენებენ. როგორ მუშაობს? თუ მაგალითად ერთი ადამიანი მეორეს გადაუგზავნის ლაითქოინს, ტრანზაქცია ქსელში გადაიცემა. საპირისპიროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მაინერები ჰქვიათ. ისინი ადასტურებენ ამ ტრანზაქციების ავთენტურობას რთული კომპიუტერული ამოცანების ამოხსნით, რომელსაც მათ საკუთრებაში არსებული ძლიერი კომპიუტერული მოწყობილობები უზრუნველყოფენ. როდესაც მაინერი წარმატებით ამოხსნის ამა თუ იმ პრობლემას, ანუ დაადასტურებს, რომ ტრანზაქცია ავთენტურია, იქმნება ახალი ბლოკი და მასში ამ ტრანზაქციის ინფორმაცია სამუდამოდ ინახება.

პარალელურად, ქსელში ჩართული დანარჩენი კომპიუტერებიც ამოწმებენ ოპერაციას და ადასტურებენ. საბოლოოდ კი, ვიღებთ შემდგარ, ვალიდურ ტრანზაქციას ორ ადამიანს შორის, ხოლო ლაითქოინის ქსელი რჩება უსაფრთხო და სწრაფი, მაინერები კი, იღებენ ჯილდოს ყოველი ამოხსნილი და დადასტურებული გადარიცხვისათვის.

როგორც ვთქვით, ლაითქოინის ბლოკჩეინი გამოირჩევა უპირატესობებით, ესენია:

  • სწრაფი ტრანზაქციები: ლაითქოინის უპირატესობა ბიტკოინთან და სხვა კრიპტოვალუტებთან მისი სიჩქარეა. საშუალოდ Bitcoin-ის ბლოკს შესაქმნელად 10 წუთი სჭირდება, ხოლო ლაითქოინის ბლოკს 2.5 წუთი. ბლოკის სწრაფად წარმოება კი, ავტომატურად ტრანზაქციებისა და გადარიცხვების სისწრაფეზე აისახება.

  • უსაფრთხოება: PoW პრინციპის გამოყენება, რაც შეამოწმე და დაადასტურეს ნიშნავს, ლაითქოინის ქსელს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სანდო ეკოსისტემად აქცევს. მაშინ, როდესაც ქსელში ჩართული მაინერები ტრანზაქციას შეამოწმებენ და დაადასტურებენ, ის სამუდამოდ ჩაეწერება ბლოკში, რაც ჰაკერებისგან თავდასხმისას კარგი საშუალებაა დაიცვა შენი ციფრული კვალი კრიპტოვალუტების დიდ სამყაროში. გარდა ამისა, მაინერების რაოდენობიდან გამომდინარე, შეუძლებელია რომელიმე ინდივიდმა ან ინდივიდთა ჯგუფმა ხელში ჩაიგდოს ბაზრის წილის დიდი ნაწილი და მანიპულაციებით ხელი შეუშალონ ეკოსისტემის ფუნქციონირებას.

  • დაბალი საკომისიოები: დადასტურებისა და ბლოკის შექმნის სისწრაფე იწვევს ჩვენს მიერ გადარიცხული ლაითქოინის სწრაფად ასახვას, ხოლო ქსელში ჩართული უამრავი მაინერი, უსაფრთხოებას. თუმცა ჯამში სისწრაფე და მაინერების სიმრავლე კიდევ ერთ უპირატესობას ქმნის და მას დაბალი საკომისიოები ჰქვია. ლაითქოინი ერთ-ერთი ყველაზე მცირე გადასახადებით გამოირჩევა, რაც კრიპტოს ყოველდღიური გადახდებისთვის მოსახერხებელ აქტივად აქცევს.

    თუკი ლაითქოინის ყიდვა მოგინდა, შეგახსენებთ რომ კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა საუკეთესო ფასად შეგიძლია და დამატებით, გატანის საკომისიო 0% შეადგენს. ანუ თუ შენ 100 ლარის ღირებულების ლაითქოინს იყიდი და მას სხვა მისამართზე გადარიცხავ ან ტრანზაქციას განახორციელებ სხვა საფულეზე, არანაირ საკომისიოს არ გადაიხდი.

რისთვის გამოიყენება ლაითქოინი?

ლაითქოინისა და მისი ქსელის სისწრაფის წყალობით LTC-ს აქტიურად გამოიყენებენ, როგორც ყოველდღიური გადახდებისათვის განკუთვნილ კრიპტოს. ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში დაახლოებით $230 მილიონის ღირებულების ლაითქოინი გადაირიცხა და ამ მონაცემით ის კრიპტოვალუტების დიდი ბაზრის ათეულში მოხვდა.

ქართულ ბაზარზე კი, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტაა. შეგახსენებ, თუ ლაითქოინს ყოველდღიური ტრანზაქციებისათვის შენც იყიდი, კრიპტალზე 0%-იანი გატანის საკომისიო მოქმედებს, ანუ შენს მიერ გადახდილი ლაითქოინი გადაირიცხება მთლიანად და ის სრულად თავისუფალი იქნება საკომისიოებისაგან!

გარდა ამისა, ლაითქოინი აქტიურად გამოიყენება ბირჟაზე ვაჭრობისას. სწრაფი ტრანზაქციების პარალელურად, კრიპტო გამოირჩევა უსაფრთხოებით და მაღალ ტექნოლოგიურობით, შესაბამისად ის მოთხოვნადი სავაჭრო კრიპტო აქტივია. საბაზრო კაპიტალიზაციით ლაითქოინი 100 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას შორის მე-15 ადგილს იკავებს და ჯამურად დაახლოებით $5 მილიარდის აქტივები ბაზარზე მიმოქცევაში.

დამატებით, ლაითქოინს აქვს საინვესტიციო პოტენციალი, რომელსაც კრიპტო საზოგადოებაში მილიონობით ადამიანი იყენებს და ბევრი მათგანი თვლის, რომ აქტივს კიდევ უკეთესი მომავალი აქვს.

მაგალითად, 10 წლის წინ, 2013 წელის სექტემბერში ლაითქოინის შეძენა დაახლოებით $2.5 იყო შესაძლებელი, ხოლო დღეს, 2023 წლის სექტემბერში 1 ლაითქოინის ფასი $64 ტოლია, ეს კი ჯამურად დაახლოებით 1390%-იან ზრდას ნიშნავს.

შეჯამება: ლაითქოინი - სწრაფი და ყოველდღიური კრიპტო აქტივი

ალტქოინების ისტორია ლაითქოინით დაიწყო, როდესაც ბიტკოინის ქსელში გაყოფის შედეგად დაიბადა ეს კრიპტოვალუტა. Litecoin-ს აქვს საკუთარი, გამორჩეული ბლოკჩეინ ქსელი, უამრავი ინვესტორი და თრეიდერი. უკვე 12 წელია პროექტი აქტიურად ვითარდება და კრიპტო საზოგადოებისთვის ერთ-ერთ საამაყო და მომგებიან აქტივად ითვლება.

თუკი ლაითქოინს რამოდენიმე სიტყვით დავახასიათებთ, ეს არის სწრაფი, დაბალ საკომისიოებიანი და უსაფრთხო კრიპტო აქტივი, განკუთვნილი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ყოველდღიურ, პატარა ტრანზაქციებს ახორციელებენ კრიპტოში.

Support