
გამდიდრება უფრო მარტივია, ვიდრე ქონების შენარჩუნება: რატომ ვკარგავთ ფულს?
გამდიდრება რთულია, მაგრამ დაგროვილი ქონების შენარჩუნება შეიძლება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. ზოგი ადამიანი ათწლეულების განმავლობაში აშენებს ბიზნესს, ზრდის საინვესტიციო პორტფელს ან მაღალანაზღაურებად კარიერას ქმნის, შემდეგ კი დაგროვილის დიდ ნაწილს საოცრად მოკლე დროში კარგავს. მიზეზი მარტივია: უნარები, რომლებიც ქონების დაგროვებაში გეხმარება, ყოველთვის არ ემთხვევა იმ უნარებს, რომლებიც მის დასაცავად გჭირდება.
როგორც მორგან ჰაუზელი წიგნში „ფულის ფსიქოლოგია“ განმარტავს, გამდიდრებას ხშირად ოპტიმიზმი, ამბიცია და რისკზე წასვლა სჭირდება. ქონების შენარჩუნება კი სრულიად სხვა თვისებებს მოითხოვს: საკუთარი შესაძლებლობების ფხიზლად შეფასებას, მოთმინებას, სიფრთხილესა და მუდმივ გააზრებას, რომ მოვლენები შეიძლება გეგმის მიხედვით არ განვითარდეს.
მთავარი საკითხები
- ქონების დაგროვებასა და შენარჩუნებას განსხვავებული ფინანსური უნარები სჭირდება.
- წარმატებამ შეიძლება სახიფათო თავდაჯერება წარმოშვას.
- ერთმა დიდმა დანაკარგმაშეიძლება წლების ფინანსური წინსვლა გააქროს.
- ვალი და ფინანსური ბერკეტი როგორც მოგებას, ისე ზარალს ზრდის.
- ფულადი რეზერვები და დივერსიფიკაცია მოულოდნელი მოვლენებისგან დაცვაში გეხმარება.
- გრძელვადიანად ფინანსური მდგრადობისშენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა შესაძლებლობიდან მაქსიმალურიმოგების მიღება.
- მიზანი ყველა დანაკარგისთავიდან აცილება კი არა, ფინანსური კრახისგან თავის დაცვაა.
შეცდომა №3 - ზედმეტი ვალი და ფინანსური ბერკეტი
ვალს ფინანსური ზრდის დაჩქარება შეუძლია, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. პირობების შეცვლისას კი ფინანსური კრახიც შეიძლება დააჩქაროს.
ფინანსური ბერკეტი - ინვესტიციის გასაზრდელად ნასესხები თანხის გამოყენება - შედეგს ორივე მიმართულებით აძლიერებს: ზრდის როგორც მოგებას, ისე ზარალს.
რატომ ჩანს ვალი უსაფრთხო კარგ პერიოდში?
ეკონომიკური აღმავლობის დროს ვალის მართვა ხშირად მარტივი ჩანს. შემოსავალი სტაბილურია, აქტივები ძვირდება, ბიზნესი კარგად მუშაობს და სესხის აღებაც ხელმისაწვდომია.
მოსალოდნელ მომავალ შემოსავალთან შედარებით ყოველთვიური გადასახადი შეიძლება მცირე ჩანდეს. ეს ადამიანს კიდევ მეტი ვალის აღებისკენ უბიძგებს.
რა ხდება, როდესაც პირობები იცვლება?
პრობლემა გარემოებების შეცვლისას იწყება.
მაგალითად, შეიძლება:
- ბიზნესის შემოსავალი შემცირდეს;
- სამსახური დაკარგო;
- საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს;
- აქტივების ფასები დაეცეს;
- გამსესხებლებმა დაკრედიტების პირობები გაამკაცრონ;
- მოულოდნელი ხარჯები გაჩნდეს.
იგივე ვალი, რომელიც კარგ პერიოდში უვნებელი ჩანდა, მოულოდნელად შეიძლება მთავარ ფინანსურ პრობლემად იქცეს.
განსხვავება ფულის დაკარგვასა და იძულებით გაყიდვას შორის
ინვესტიციის ღირებულების დროებითი შემცირება აუცილებლად საბოლოო დანაკარგს არ ნიშნავს. თუ აქტივს ფლობ და ზედმეტი ვალი არ გაქვს, შესაძლოა პირობების გაუმჯობესებას დაელოდო. ნასესხები ფულით ინვესტირებისას კი ასეთი შესაძლებლობა შეიძლება აღარ გქონდეს.
დამატებითი უზრუნველყოფის მოთხოვნამ, სესხის გადასახადებმა ან მიმდინარე ხარჯების დასაფარად ფულის ნაკლებობამ შეიძლება აქტივების ყველაზე ცუდ მომენტში გაყიდვა გაიძულოს. დამატებითი უზრუნველყოფის მოთხოვნა, ანუ მარჟინ ქოლი, ნიშნავს, რომ ფასის ვარდნის გამო სავაჭრო ანგარიშზე დამატებითი თანხის ან აქტივის შეტანა გჭირდება.
სწორედ ამიტომ ქმნის ფინანსური ბერკეტი განსხვავებულ რისკს. მას შეუძლია ლოდინის შესაძლებლობა წაგართვას.
როდის უქმნის ვალი საფრთხეს ფინანსურ მდგრადობას?
ზედმეტი ვალის მთავარი საფრთხე მხოლოდ პროცენტის გადახდა არ არის. მთავარი მოქნილობის დაკარგვაა.
თუ შენი ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ შეუფერხებელ შემოსავალზე, აქტივების მუდმივ გაძვირებასა და სესხის უცვლელ პირობებზე დგას, ის მყიფე ხდება.
შეცდომა №4 - გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის რეზერვის არქონა
ძლიერი ფინანსური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს, რომ ადრე თუ გვიან რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა.
ეს პესიმიზმი არ არის. გაურკვევლობა გარდაუვალია.
რატომ ვერ მუშაობს იდეალური გეგმა რეალურ ცხოვრებაში?
ფინანსური გეგმები ხშირად შემდეგ დაშვებებს ეყრდნობა:
- ხელფასს შეუფერხებლად მიიღებ;
- ინვესტიციები მოსალოდნელ შემოსავალსმოგიტანს;
- ინფლაცია პროგნოზირებადი დარჩება;
- სერიოზული გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდება;
- დიდი ხარჯების მართვას შეძლებ.
რეალობა იშვიათად მიჰყვება ცხრილში გაწერილ გეგმას ზუსტად. ერთმა მოულოდნელმა მოვლენამ შეიძლება გამოაჩინოს, რამდენად მყიფე იყო შენი გათვლები.
რას ნიშნავს გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის მზადყოფნა?
ასეთი მზადყოფნა შეიძლება მოიცავდეს:
- საგანგებო დანაზოგს;
- მართვად ვალს;
- ინვესტიციის შემოსავლიანობის ფრთხილ მოლოდინს;
- დივერსიფიცირებულ ინვესტიციებს;
- შემოსავლის რამდენიმე წყაროს;
- დაზღვევას;
- სწრაფად ხელმისაწვდომ ფულს.
ეს რეზერვები ამცირებს ალბათობას, რომ პირობების გაუარესებისას გამოუვალ მდგომარეობაში გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევს.
რატომ არის ფულადი რეზერვი ღირებული მაშინაც, როცა ნაკლები სარგებელი მოაქვს?
ფულად რეზერვს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან გრძელვადიან პერიოდში ინვესტიციებთან შედარებით ნაკლები შემოსავალი შეიძლება მოიტანოს. თუმცა მას სხვა დანიშნულება აქვს: მოქნილობას გაძლევს.
მისი დახმარებით შეგიძლია გაუმკლავდე მოულოდნელ ხარჯებს, ბაზრის ვარდნას დაელოდო და გრძელვადიანი აქტივების არასასურველ ფასად გაყიდვა თავიდან აიცილო.
ფულის რეზერვად შენახვის მიზანი ყოველთვის მაქსიმალური მოგება არ არის. ზოგჯერ მიზანი ფინანსური გამძლეობის გაზრდაა.
შეცდომა №5 - ქონების ერთ წყაროზე ზედმეტი დამოკიდებულება
ბევრი ადამიანი ქონებას ერთ მიმართულებაზე კონცენტრირებით აგროვებს. დამფუძნებელი ერთი კომპანიის დიდ წილს ფლობს. თანამშრომელი ანაზღაურების ნაწილად დამსაქმებლის ბევრ აქციას იღებს. ინვესტორი კი ერთი აქტივის გაძვირებით მნიშვნელოვან მოგებას ნახულობს.
კონცენტრაციას ქონების სწრაფად შექმნა შეუძლია. თუმცა მას შეუძლია დაგროვილი ქონება მყიფეც გახადოს.
ერთი აქცია, ერთი ბიზნესი, შემოსავლის ერთი წყარო
კონცენტრაციის პრობლემა ის არის, რომ ერთმა უარყოფითმა მოვლენამ შეიძლება შენი ფინანსური ცხოვრების დიდ ნაწილზე იმოქმედოს.
თუ შემოსავალი, საინვესტიციო პორტფელი და კარიერა ერთ კომპანიაზე ან ინდუსტრიაზეა დამოკიდებული, ერთმა კრიზისმა შეიძლება ყველაფერს ერთდროულად დაარტყას.
რატომ ხდება დივერსიფიკაცია წარმატების შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი?
ქონების დაგროვებამდე ერთ მიმართულებაზე ფოკუსირება ზოგჯერ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად საჭიროა.
ქონების შექმნის შემდეგ კი მიზანი იცვლება. აღარ არის აუცილებელი, რომ ყოველმა დოლარმა მაქსიმალური შესაძლო მოგება მოგიტანოს. საჭიროა, შენი ქონების საკმარისმა ნაწილმა მოულოდნელ მოვლენებს გაუძლოს.
დივერსიფიკაციის მიზანი მაქსიმალური მოგება არ არის
დივერსიფიკაცია - თანხის სხვადასხვა ინვესტიციაზე განაწილება - უფრო მაღალ შემოსავლიანობას არ გპირდება.
მისი დანიშნულებაა შეამციროს ალბათობა, რომ ერთმა შეცდომამ, კომპანიამ, ინდუსტრიამ ან ეკონომიკურმა მოვლენამ ყველაფერი დაგაკარგვინოს.
როდესაც მნიშვნელოვანი ქონება უკვე დაგროვილი გაქვს, ასეთი დაცვა სულ უფრო ღირებული ხდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური უნარი: თამაშში დარჩენა
მორგან ჰაუზელი არაერთხელ უსვამს ხაზს ფინანსური გამძლეობის მნიშვნელობას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ფული, რომელიც აღარ გაქვს, ვეღარ გაიზრდება რთული პროცენტის ეფექტით - პროცესით, როდესაც მიღებული შემოსავალიც ახალ შემოსავალს გამოიმუშავებს.
თუ თამაშს გამოეთიშე, რთული პროცენტიც ვეღარ დაგეხმარება
ქონების დაგროვების ნებისმიერი გრძელვადიანი სტრატეგია ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.
თუ ერთი გადაწყვეტილება კაპიტალს საბოლოოდ ანადგურებს, მისი შემდგომი ზრდის პროცესიც წყდება.
სწორედ ამიტომ შეიძლება კატასტროფული მარცხის თავიდან აცილება მოკლევადიანი მოგების მაქსიმიზაციაზე მნიშვნელოვანი იყოს.
ინვესტირების გაგრძელება ყოველწლიურ მოგებაზე მნიშვნელოვანია
არცერთ ინვესტორს არ სჭირდება ყველა შესაძლებლობის გამოყენება. შეიძლება ბაზრის ზრდა გამოგრჩეს, გარკვეული დროით საჭიროზე მეტი ფული რეზერვში შეინახო ან შედარებით დაბალი რისკის ინვესტიცია აირჩიო.
ამ გადაწყვეტილებებმა შემოსავლიანობა დროებით შეიძლება შეამციროს. ფინანსური კრახი კი სხვა შედეგს იწვევს: მომავალ შესაძლებლობებში მონაწილეობის უნარს საერთოდ გაკარგვინებს.
თუ საკმარისად დიდხანს გაძლებ, დრო შენს სასარგებლოდ იმუშავებს
პორტფელს, რომელიც კრიზისს უძლებს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რესურსი რჩება: დრო.
დრო ბაზრებს აღდგენის საშუალებას აძლევს. ბიზნესებს - ზრდის, შენ კი - ახალი შემოსავლის ინვესტირების შესაძლებლობას. ამავდროულად, რთული პროცენტის ეფექტი მუშაობას აგრძელებს.
სწორედ ამიტომ ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება მხოლოდ თავდაცვა არ არის. ის ზრდის სტრატეგიაცაა.
რატომ არის ფულადი რეზერვი ზოგჯერ შემოსავლიანობაზე ღირებული?
ბევრ ინვესტორს მიაჩნია, რომ მთელი ხელმისაწვდომი თანხა მუდმივად ინვესტირებული უნდა იყოს.
თუმცა ფულადი რეზერვი გაძლევს იმას, რასაც ინვესტიცია ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს: დაუყოვნებლივ მოქმედების თავისუფლებას.
ფულადი რეზერვი დროს გაძლევს
თუ შემოსავალი შეგიწყდება, ხელმისაწვდომი ფულით ხარჯებს დაფარავ, სანამ ახალ სამსახურს იპოვი, ბიზნესს აღადგენ ან ფინანსებს გადააწყობ.
რეზერვის გარეშე გადაწყვეტილებების სასწრაფოდ მიღება გიწევს. აჩქარება კი ხშირად ცუდ ფინანსურ არჩევანს იწვევს.
ფულადი რეზერვი იძულებითი გაყიდვისგან გიცავს
ბაზრის მკვეთრი ვარდნისას საკმარისი რეზერვის მქონე ინვესტორს შეუძლია გრძელვადიან ინვესტიციებს ხელი არ ახლოს.
რეზერვის გარეშე კი ადამიანს შეიძლება აქტივების გაყიდვა მხოლოდ მიმდინარე გადასახადების დასაფარად მოუწიოს.
ამ განსხვავებას გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.
ფულადი რეზერვი შესაძლებლობებს ქმნის
ფინანსური კრიზისები ხშირად მიმზიდველ შესაძლებლობებს აჩენს. მაგრამ მათ გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ ხელმისაწვდომი ფული ჯერ კიდევ გაქვს.
ადამიანისთვის, რომელსაც დიდი ვალი აქვს ან მთელი თანხა ინვესტირებული აქვს, ბაზრის ვარდნა შეიძლება მხოლოდ ზარალთან ასოცირდებოდეს. რეზერვის მქონე ადამიანისთვის კი იმავე ვარდნამ ახალი შესაძლებლობებიც შექმნას.
ფულადი რეზერვი ყოველთვის ინვესტიცია არ არის. ზოგჯერ ის დაზღვევაა იმ სიტუაციისგან, როდესაც ცუდი გადაწყვეტილების მიღებას გარემოებები გაიძულებს.