Სარჩევიchevron-down
შესავალი
CryptX IQ-ს აღმასრულებელი დირექტორი - თამთა წითაძე
English text on the left side of the visual with Girl sitting on the Moon on the right side
2023-12-14clock7 minutes

თანამედროვე სამყაროში კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და მისი როლი და გავლენაც დღითიდღე მატულობს უამრავ ინდუსტრიაზე. ამ ციებ-ცხელებას არც საქართველო ჩამორჩა. რიგი მაჩვენებლებით მოწინავეებიც კი ვიყავით გლობალური მასშტაბით და საკმაოდ საფუძვლიანად შევძელით ჩვენი ქვეყნის დატანა მსოფლიო კრიპტო რუკაზე, რამაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზარდა ინდუსტრიისადმი ინტერესი. შედეგად, შეიქმნა არაერთი ქართული კომპანია თუ სტარტაპი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტსა თუ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს. სფეროში უკვე უამრავი ადამიანია დასაქმებული. ინტერესი კი უფრო მეტად იზრდება. საგულისხმოა ისიც, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ ადაპტაციის მხრივ. კრიპტოვალუტები არა მხოლოდ სავაჭრო “აქციები”, არამედ რეალური აქტივები გახდა, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება და როლი აქვს. შესაბამისად, ადაპტაციის დონე - ისევე როგორც ზოგადი ინტერესი, ეტაპობრივად იზრდება.
თუმცა, არის ერთი საინტერესო სტატისტიკა - კრიპტოინდუსტრია ერთ-ერთ გენდერულად დასაბალანსებელ სფეროდ ითვლება. სხვადასხვა წყაროებით, გლობალურად, ქალები ამ სფეროში დასაქმებულთა 5-10%-ს შეადგენენ. საგულისხმოა, რომ საქართველოშიც სტატისტიკა ამ ტენდენციას მიჰყვება. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს - დაწყებული სფეროს ბუნდოვანებიდან, დამთავრებული იმ გამეფებული მითებით - რომელიც ხალხს მნიშვნელოვნად აფერხებს, გამოცადონ თავისი ძალები არა მხოლოდ როგორც მომხმარებლებმა, არამედ სფეროს პროფესიონალებმა. კრიპტოინდუსტრია ხომ ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია - შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია აქაც პროფესიონალების დაინტერესება და ჩართვა. ასპარეზი ხომ ახლა იქმნება და შესაძლებლობებიც დღითიდღე იზრდება. ინდუსტრიასაც “ახალ ინტერნეტად” ტყუილად ხომ არ მოიხსენიებენ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ახალი რუბრიკის, Girls in Crypto-ს მიზანი - გავზარდოთ ქალებისა და არა მხოლოდ ქალების დაინტერესება კრიპტოინდუსტრიით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუწყოთ ხელი, შემოუერთდნენ კრიპტოსამყაროს. ამიტომ, გვსურს გაგაცნოთ გოგონები, რომლებიც ამ სფეროში წარმატებულად მოღვაწეობენ, მოგიყვეთ მათი ისტორია და მათი თვალით დაგანახოთ ის პერსპექტივები, რომლებსაც ეს ინდუსტრია გვპირდება.

დღეს წარმოგიდგენთ CryptX IQ-ს აღმასრულებელ დირექტორს - თამთა წითაძეს.

CryptX IQ ერთერთი წამყვანი ბლოკჩეინ დეველოპმენტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტო სფეროს მიმართულებით. ის 2018 წელს დაარსდა და ამ პერიოდის მანძილზე შექმნა არაერთი ვებ და მობილური აპლიკაცია, რომლითაც ხელს უწყობს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვასა და ადაპტირებას გლობალური მასშტაბით. კომპანია მუდმივად აკვირდება და სწავლობს მომხმარებლის საჭიროებებს, ისევე როგორც ინდუსტრიის ტენდენციებსა ინოვაციებს, რათა უფრო ხელმისაწვდომი და ათვისებადი გახადოს ეს ახალი ინდუსტრია მაქსიმალურად მეტი მომხმარებლისთვის.

image

- თამთა, როგორ დაიწყო შენი კრიპტო სამყაროში მოგზაურობა?

კრიპტო ინდუსტრიაში დაახლოებით 4 წლის წინ ამოვყავი თავი. ერთ დღეს დამიკავშირდნენ Cryptx IQ-დან ადამიანები, რომელთანაც მანამდეც მქონია საქმიანი გადაკვეთა და წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. შეხვედრაზე დეტალურად გამიზიარეს არსებული გეგმები და ხედვები ჩემთვის მანამდე უცნობი, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ საინტერესო ინდუსტრიიდან. იმ დროისთვის კომპანია (ჯერ Brokers.io სახელით) იყო ცნობილი და კრიპტო ტრეიდერებს რამდენიმე ბირჟის ინტეგრაციით მარტივად და ხელსაყრელად ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევდა. თანაც იმ პერიოდში, როდესაც გლობალურადაც ამგვარი პროდუქტები არც ისე ბევრი იყო. პროექტი საკმაოდ ამბიციურად და საინტერესოდ ჟღერდა. ამასთან, დაწყებული იყო კრიპტოსავალუტო ბირჟასა და Wallet Service-ის გადაწყვეტაზე (კრიპტო ბიზნესის სამართავი პლატფორმა) მუშაობა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, არსებობდა საკმაოდ ამბიციური იდეები და ხედვები. საჭირო იყო ადამიანი, ვინც ამ პროდუქტებს ხორცს შეასხამდა და სათავეში ჩაუდგებოდა ამ ხედვების რეალიზებას. მიუხედავად ინდუსტრიის გამოცდილების ნაკლებობისა, შესაძლებლობა და პერსპექტივა იმდენად საინტერესო იყო, რომ გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი და შევუერთდი CryptX ჯგუფს, სადაც მას მერე ვმოღვაწეობ და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მქონდა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო ისეთი პროდუქტების შექმნაში, რომელმაც ინდუსტრიის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და კვლავაც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიზნით.

- რა იყო კრიპტოინდუსტრიამდე?

ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯებიც უნივერსიტეტს უკავშირდება. ვსწავლობდი ბიზნეს ადმინისტრირებას თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნეს სკოლაში. სტუდენტობის საწყის ეტაპზე მეგონა, ფინანსისტობა მინდოდა. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს ის სფერო არ იყო, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა, მეკეთებინა. შესაბამისად, გადავწყვიტე IT მენეჯმენტის კონცენტრაციაზე გამეკეთებინა არჩევანი - რაც გაცილებით საინტერესო და განსხვავებული შესაძლებლობების სფეროდ მეჩვენებოდა. შედეგად, მეოთხე კურსიდან, ჯუნიორ პროექტ მენეჯერად ერთ-ერთ ტექნოლოგიურ კომპანიაში. ჩემი პირველი სამსახური ERP სისტემების დანერგვაზე იყო ორიენტირებული, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ კარიერაზე - არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილების, არამედ მნიშვნელოვანი კონტაქტების შეძენით.

- რამდენად მარტივი იყო შენთვის კრიპტო ინდუსტრიაში ადაპტირება?

კრიპტო ინდუსტრიაში შემობიჯებისას განცდა მქონდა, თითქოს ისეთ ადგილას მოვხვდი, სადაც საერთოდ არაფერი მესმოდა - ტერმინოლოგიდან დაწყებული, მუშაობის პრინციპებით დამთავრებული. მართალია, Software Development და ტექნოლოგიები ჩემთვის ნაცნობი სფერო იყო, თუმცა კრიპტოსთან მანამდე არასდროს მქონია შეხება. კრიპტოვალუტით ტრანზაქციაც კი არ მქონდა გაკეთებული. მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ ფიქრების დაძლევა, იმიტომ რომ ყველაფრის სწავლა შეიძლება და ფუნდამენტური პრინციპები ამ ინდუსტრიაშიც ისევე მოქმედებს, როგორც სხვაგან. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი დიდ და საინტერესო გამოწვევად მივიჩნიე და რაც მთავარია, ვიცოდი, რომ კარიერაში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თანაც, ორი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი, რაც გულისხმობდა კრიპტოსავალუტო ბირჟისა და კრიპტო საფულის სერვისის შექმნას - პროდუქტების, რომლებიც გლობალურ ბაზარზე მოემსახურებოდა მომხმარებელს და გაუმარტივებდა კრიპტო ოპერაციებს. შედეგად, შესაძლებლობები ბევრად გადაწონიდა იმ შიშებს, რომელიც ყველა დამწყებს შეიძლება ჰქონდეს ახალ ინდუსტრიასა თუ სამსახურში შებიჯებისას. მაგრამ მჯერა, რომ მთავარია, ამ ყველაფერს რაციონალურად და ცივი გონებით შეხედო და გზას აუცილებლად იპოვი.
შედეგად, კრიპტოსთან ადაპტირებაც ბევრად გამიმარტივდა,, ვიდრე ერთი შეხედვით წარმომედგინა. ეს კი, დიდწილად CryptX-ში მომუშავე ხალხის დამსახურებაა, რომლებიც მუდმივად მზად იყვნენ, დამხმარებოდნენ და ჩემს ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცათ. ეს ურთიერთგაზიარება და დახმარება კი დღემდე რჩება ჩვენი კომპანიის ფუნდამენტურ პრინციპად.

- როგორია შენი ერთი სამუშაო დღე?

ჩვენი კომპანია ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფებს საერთაშორისო ბაზრისთვის კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის გარშემო. ჩემი საზრუნავიც ამ პლატფორმების შექმნა, მხარდაჭერა და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფაა, რომ საბოლოოდ მომხმარებელმა გამართული სერვისი მიიღოს. ჩემი ყოველდღიური სამუშაო დღე საცობებში სამთავიანი დრაკონის დამარცხების შემდეგ იწყება, რა თქმა უნდა - ყავით. ყველასთვის ასე სჯობს 🙂. შემდეგ იწყება სინქრონიზაციის შეხვედრები სხვადასხვა პროდუქტის შესაბამის გუნდთან, რომ ზუსტად ვიცოდეთ დღის გეგმები: სად ვართ, როგორი პროგრესი გვაქვს, ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდება და ა.შ. და ვალაგებთ პრიორიტეტებს გრძელვადიანი გეგმების მიხედვით და ვიწყებთ გეგმის სისრულეში მოყვანას. რასაკვირველია, მრავლადაა იმპროვიზაციებიც. თუმცა, ეს სამუშაო დღეები თითქმის არასდროსაა მოსაწყენი. ესაა კიდევ ერთი დეტალი, რაც ჩვენს კომპანიასაც და ინდუსტრიასაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

- რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ შენი კრიპტო მოგზაურობიდან?

მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებები მივიღე იმ გზაზე, რომელმაც აქამდე მომიყვანა და ამის საუკეთესო დასტურია, რომ კვირა საღამოს არასდროს ვნერვიულობ მომდევნო დღე რომ ორშაბათია. ამიტომ, ჩემი ყველაზე დიდ მიღწევად ჩვენი გუნდი მიმაჩნია. ყველაზე მეტად ვამაყობ იმ ხალხით, რომელიც ამ ერთი საქმის გარშემო არიან გაერთიანებული CryptX IQ-ში. გარემო უდიდეს გავლენას ახდენს როგორც პროდუქტიულობაზე, ისევე იმ პროდუქტებზე, რომელსაც გუნდი ქმნის. შედეგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაზე მეტად სწორედ ჩემი ამჟამინდელი გუნდი მეამაყება. მხოლოდ ამის შემდეგ კი იმ პროდუქტებით, რომელთა შექმნაც ამ გუნდთან ერთად შევძელით.

image

- რას შეადარებდი კრიპტო ინდუსტრიას?

როგორც ერთ ცნობილ Meme-შია, crypto is like teenage sex. მასზე ყველა ლაპარაკობს, ყველა ამბობს რომ აქვს, და ყველას ჰგონია რომ მის გარდა ყველას აქვს". სინამდვილეში, კრიპტო ძალიან ახალი სფეროა, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო თავი და ძალიან მოკლე დროში დიდ მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. ლოგიკურია, რომ არავის სურს გამორჩეს ამ ციებ-ცხელებას, მაგრამ მიაჩნია, რომ შანსი ვერ გამოიყენა და ახლა უკვე გვიანია. სინამდვილეში კი ინდუსტრია მუდმივად მზარდია, მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო და უფრო იზრდება. იქმნება და ინერგება ახალი პროდუქტები. იზრდება ინტეგრაცია და მიმღებლობა მსოფლიოს მასშტაბით და უფრო და კრიპტოვალუტები თუ სხვა ვირტუალური აქტივებიც უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ადამიანების ყოველდღიურობაში. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ამიტომ, არც ახლაა გვიანი კრიპტო მოგზაურობის დასაწყებად. “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”

- რას ურჩევდი დამწყებებს თუ კრიპტო ინდუსტრიაში მოგზაურობის დაწყება სურთ?

საინტერესოა, რომ ჩემ გარშემო არასდროს წყდება კითხვები “რა ვიყიდო? რამე კოინს ხომ არ მირჩევდი?” - პასუხი ყოველთვის მარტივია და ალბათ, პირველი რჩევაა ყველა დამწყებისთვის - აწარმოე საკუთარი კვლევები. ზუსტად არავინ იცის და სამწუხაროდ, არც მე, რისი ყიდვით შეიძლება ძალიან სწრაფად ძალიან ბევრი ფულის შოვნა.
ვფიქრობ, უმრავლესობისთვის და ჩემი გამოცდილებითაც, ეს სფერო ბევრად უცხო და მიუწვდომელი ჩანს შორიდან ვიდრე რეალურადაა. სინამდვილეში კი არ არის რთული ასათვისებელი. მთავარია სწორი აღქმა ჰქონდეს ადამიანს, როგორც კრიპტოზე, ისე ნებისმიერ სხვა სფეროზე და მხოლოდ შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სურს თუ არა ამ ინდუსტრიაში ჩართვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოს ბევრი მითი და ცრუ წარმოდგენა ახლავს თან, როგორიცაა “2 თვეში გამდიდრების გარანტია”, ან, სულაც - არსაიდან ფულის შოვნის შესაძლებლობა. რეალურად, როგორც სხვა ინდუსტრიებში, აქაც ბევრი შრომა და სწავლაა საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიო. სწავლის სურვილი და მოტივაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სფერო მუდმივად იცვლება და ვითარდება. უამრავი სიახლეა ყოველდღიურად, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო და ადაპტირება შეძლო. მონდომებითა და თავდადებით კი აუცილებლად შეძლებ წინსვლას. მთავარია, არ შეგაშინოს უცხო ტერიტორიებმა და გქონდეს ინტერესი და მოტივაცია. დანარჩენი კი ყველაფერი სწავლადია.

Support