ბლოკჩეინი - რას გაიგებ მის შესახებ?
ოდესმე გაგჩენია კითხვა, რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის? დღევანდელ დღეს, როდესაც ტერმინები კრიპტოვალუტა და ციფრული აქტივი სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, მათ გვერდით აუცილებლად გაჩნდება ტერმინი ბლოკჩეინიც.
ბიტკოინის პოპულარობის ზრდასთან ერთად კი, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ბლოკჩეინით, მისი ტექნოლოგიითა და მუშაობის პრინციპით. თუმცა, მისი გამოყენება კრიპტოვალუტების სფეროს გაცილებით აღემატება და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მისი ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალის გაგებით, ჩვენ გვეცოდინება თუ რას წარმოადგენს ეს ტექნოლოგია, როგორ გეძლევათ შესაძლებლობა გქონდეთ კრიპტო შემოსავალი და ზოგადად, რა იცვლება ფინანსურ სამყაროში კრიპტო ტრანზაქციებისა და მონაცემთა დამუშავების მხრივ.
ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით ბლოკჩეინზე, თუ რა არის მისი მექანიკა და როლი თანამედროვე სამყაროს კრიპტო რევოლუციაში. ასევე გაჩვენებთ, რა პლიუსები აქვს მას და როგორ გამოიყენო ის შენს სასარგებლოდ.
რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?
ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული და თავისუფალი ქსელი, რომელშიც მსოფლიოს გარშემო კომპიუტერული მოწყობილობების წყალობით უამრავი ადამიანია ჩართული, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთში ინფორმაციის მიმოცვლა.
მისი ფუნდამენტური არსი დამყარებულია დაცულ, შეუცვლელ და სწრაფ ეკოსისტემის არსებობაზე, სადაც ადამიანების მიერ ერთმანეთში გაცვლილი ინფორმაცია სამუდამოდ და უსაფრთხოდ ინახება ქსელში, რომელსაც ბლოკჩეინი ჰქვია.
მაშინ, როდესაც ამგვარი ქსელები არიან ბიტკოინის და მსგავსი ცნობილი კრიპტოვალუტების მამოძრავებელი ძალები, ისინი უკვე დიდი ხანია ამ როლს გასცდნენ და ბლოკჩეინს ჩვენ სხვა სფეროშიც ვიყენებთ, როგორიც არის მაგალითად DeFi პლატფორმები, NFT სამყარო და ჭკვიანი კონტრაქტები.
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ბლოკჩეინი შედგება ერთმანეთთან ჯაჭვური პრინციპით დაკავშირებული ბლოკებისაგან, რომელთა ერთობაც ამ ეკოსისტემას ქმნის. თითოეული შემდეგი ბლოკი ინახავს წინა ბლოკის ისტორიას.
რა არის ბლოკჩეინის სამი მთავარი საყრდენი?
- კრიპტოგრაფიული გასაღები: არის მექანიზმი, რომლის წყალობითაც ტრანზაქციების ავთენტურობა განისაზღვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბლოკჩეინის შიგნით მხოლოდ 100%-ით დადასტურებული ინფორმაცია მიმოიცვლება.
- კომპიუტერთა ქსელი: არის ქსელში ჩართულ მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელთა უკანაც დგანან ადამიანები და სწორედ მათი კოოპერაცია ქმნის დეცენტრალიზებულ და სანდო ბლოკჩეინ ეკოსისტემას.
- საჯარო ჟურნალი (Public Ledger): არის ქსელში განხორციელებული ყველა დადასტურებული ტრანზაქციის დეტალური და შეუცვლელი ჩანაწერი, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა.
სწორედ ამ სამი მთავარი საყრდენის ერთობლიობით ბლოკჩეინი ნამდვილად დეცენტრალიზებული და სანდო ქსელი ხდება. მათი წყალობით კი, შესაძლებელია უამრავი სფეროს გამართულად მუშაობა - ჯანდაცვა, ლოჯისტიკა, ფინანსური სამყარო თუ სხვა.
რა არის ბლოკი, რომელიც ბლოკჩეინს ქმნის?
ბლოკჩეინ ტექნოლოგია სწორედ ბლოკების წყალობით იღებს იმ უპირატესობებს, რომელიც ჩვენთვის ცნობილია. წარმოიდგინე, რომ ბლოკი არის შენი ტრანზაქციებისა და ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა.
ის შედგება სამი ძირითადი ნაწილაკისგან: ზედ დატანილი ინფორმაცია, ციფრული ანაბეჭდი და უნიკალური იდენტიფიკაციის კოდი. ინფორმაცია, რომელიც ბლოკში დადასტურების შემდგომ ინახება მოიცავს შენი გადარიცხვის ისტორიას.
უნიკალური კოდი მაინინგისას გამოიყენება და ის საჭიროა ბლოკების ერთმანეთისგან გამოსარჩევად.
ციფრული ანაბეჭდი კი, კიდევ ერთი მექანიზმია, რომ ერთი ბლოკი განვასხვავოთ მეორისაგან, მისი მეშვეობით კი, ერთი ბლოკი ლოგიკურად ებმის მეორეს და იქმნება ბლოკჩეინი, ანუ ბლოკების ჯაჭვი.
ამ სამი კომპონენტის ერთობა ქმნის ბლოკს, რომელიც არის მთელი დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის უპირატესობების ერთ სივრცეში თავმოყრა - დეცენტრალიზაცია და უსაფრთხოება.
რა არის საჯარო გასაღების (Public Key), პირადი გასაღების (Private Key) და მაინერის როლი ბლოკჩეინში?
საჯარო გასაღები, ანუ Public Key, არის ერთ-ერთი მექანიზმი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უსაფრთხოების აუცილებლობისათვის. ის სინთეზურად მუშაობს ორ გასაღებიან დაცვის სისტემაში და საჯარო გასაღები გამოიყენება პირად გასაღებთან (Private Key)კომბინაციაში.
საჯარო გასაღები, მისი სახელიდან გამომდინარე, შესაძლოა რომ საჯაროდ იქნას გაზიარებული და გამოყენებული, ხოლო პირადი გასაღები მხოლოდ მფლობელს უნდა ქონდეს და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაასაჯაროოს.
როდესაც კრიპტოვალუტის გაყიდვა ან ყიდვა გინდა, ან უბრალოდ გინდა ბიტკოინი ჩაირიცხო, ამისათვის შენი საჯარო გასაღები უნდა გაუზიარო ადამიანს, რომელიც კრიპტოვალუტას გიგზავნის.
ხოლო შენს აქტივებზე შესასვლელად, სწორედ პირადი გასაღები გჭირდება.
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, საჯარო გასაღები შენი საბანკო ანგარიშია, რომელსაც სხვებს უზიარებ რომ თანხა ჩაგირიცხონ, ხოლო პირადი გასაღები - პაროლი, რომელიც არავის არ უნდა გაუზიარო.
ხოლო მაინერი, ბლოკჩეინის ეკოსისტემაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, როგორც ახალი ბლოკის შექმნაში, ასევე სისტემის დეცენტრალიზებული ბუნების შენარჩუნებაშიც. ისინი რთულ მათემატიკურ ამოცანებს ხსნიან მათი ძლიერი კომპიუტერული მოწყობილობების წყალობით, შედეგად კი ადასტურებენ შენს მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას და მას ვალიდურად აქცევენ.
მაინერი, რომელიც პირველი ამოხსნის ამ ამოცანას, იღებს ბიტკოინს გასამრჯელოს სახით. რაც უფრო დიდი მაინერის როლი ამ ამოცანის ამოხსნაში, ანუ დეცენტრალიზებულობისა და უსაფრთხოების გამყარებაში, მით უფრო დიდია მის მიერ გამომუშავებული ბიტკოინი.
რას ნიშნავს Layer ბლოკჩეინში?
როდესაც მოხმარებაში ეშვება ახალი, გაუმჯობესებული ბლოკჩეინ ქსელი, იგი გადაედება ძველ ქსელს როგორც ახალი ფენა, სწორედ ამას ჰქვია Layer.
ყოველი ახალი ფენა, ანუ Layer წინაზე უკეთესია და ყოველ ბლოკჩეინ ქსელს აქვს საკუთარი განახლებული ვერსია, რაც განახლებულ და გაუმჯობესებულ ფუნქციონალში გამოიხატება.
ყოველი განახლება აუმჯობესებს ქსელის სისწრაფეს, უსაფრთხოებას და ზოგადად, ის იქმნება არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქსელი კონკრეტულ მომენტში.
მარტივად რომ ვთქვათ, Layer არის ბლოკჩეინის ერთგვარი განახლება, რომელსაც წინაზე უკეთესი ან სულაც ახალი ფუნქციონალი აქვს.
რას აძლევს ბლოკჩეინი მომხმარებელს?
ბლოკჩეინ ტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია, რადგან მან მოახერხა სხვადასხვა სფეროს რევოლუციური გარდაქმნა. დაცული და შეუცვლელი სისტემის წყალობით, რომელიც შენს ციფრულ კვალს სამუდამოდ ინახავს, იხეირეს ისეთმა სფეროებმა, როგორებიც არის საბანკო სექტორი, ლოჯისტიკური მიმართულება, ჯანდაცვა და სხვა.
ბლოკჩეინს აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და ესენია:
- დეცენტრალიზებულობა
თანამედროვე სამყაროში ჩვენ ინფორმაციას ვინახავთ და ვამუშავებთ ჩვენი კომპიუტერებისა და ლეპტოპების დახმარებით. თუ გინდა რომ ეს ინფორმაცია სხვას გაუზიარო, მისი ციფრული ასლი უნდა შექმნა. სწორედ ასე მუშაობენ ცენტრალიზებული სისტემები. ბლოკჩეინი კი დეცენტრალიზებულ მიდგომებს ახალისებს, სადაც არ არსებობს ერთი პირი ან ჯგუფი, რომლებიც წყვეტენ ინფორმაციის მიმოცვლის ხარისხს, ინფორმაციის ზომას და სხვა ნიუანსებს.
ქსელში ჩართული ყოველი ადამიანი მონაწილეობს ინფორმაციის შესანახი სივრცის, ანუ ბლოკის ჩამოყალიბებაში და მისი ნახვა ყველას ერთნაირად შეუძლია, ყოველგვარი ცენზურისა და დაფარვის გარეშე.
- გამჭვირვალობა
ბლოკჩეინში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც მის დადასტურების პროცესში მონაწილეობენ, თავიანთი თვალით შეუძლიათ იხილონ, როგორ იქმნება და ინახება ინფორმაცია ბლოკში. ეს ქმნის გამჭვირვალობის აქამდე არნახულ დონეს.
- უცვლელი ინფორმაცია
ბლოკჩეინის მთავარი ამოსავალი წერტილია ის, რომ უკვე დადასტურებული ინფორმაცია არასდროს არ დაექვემდებაროს ცვლილებას. როდესაც ტრანზაქცია განხორციელდება, ის გაივლის დადასტურების ეტაპს, შემდგომ კი გადაინაცვლებს ბლოკში, სადაც სამუდამოდ და უცვლელად შეინახება.
- დადასტურების მექანიზმი
ბლოკჩეინის მთავარი ამომავალი წერტილია დადასტურებისა და შემოწმების ტექნოლოგია. ეს ნიშნავს იმას, რომ ბლოკჩეინში გამორიცხულია გარეგანი და ხელოვნური ჩარევების განხორციელება. ტრანზაქცია, ანუ გადარიცხვა, საჭიროა რომ ქსელში ჩართული მილიონობით ადამიანის შემოწმების შემდგომ ვალიდურად ჩაითვალოს, აქ კი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
- უსაფრთხოება
ერთი შეხედვით, ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლებელია უსაფრთხოების პრობლემებს მოიცავდეს. თუმცა, ბლოკჩეინი, როგორც დეცენტრალიზებული სისტემა, თავიდანვე გამორიცხავს ინფორმაციის ჩასწორებას ან შეცვლას, რადგან მუშაობს დადასტურებისა და შემოწმების მექანიზმი. ეს სისტემა ციფრული ქსელისათვის უნიკალური და შეუცვლელი მიდგომაა.
რა ტიპის ბლოკჩეინები არსებობს?
ბლოკჩეინ ქსელი შეგვიძლია ხელმისაწვდომობის დონითა და ფუნქციონალით სხვადასხვა კატეგორიაში მოვიაზროთ:
ღია ბლოკჩეინი (Public Blockchain): ასეთი ტიპის ბლოკჩეინები ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ისეთი ცნობილი კრიპტოვალუტები, როგორიც ბიტკოინი და ეთერიუმია სწორედ ასეთ ბლოკჩეინზე არიან დაფუძნებულნი. აქ, ტრანზაქციები და მათი ისტორია არა მხოლოდ გამჭვირვალეა, არამედ მათ დადასტურებას სჭირდება ამ ქსელში ჩართულ ადამიანთა თანხმობა. სწორედ ეს არის ბლოკჩეინის იმ ტიპი, რომელზეც დგას კრიპტოვალუტების ინდუსტრია და რამაც გახადა ეს ეკოსისტემა პოპულარული.
კერძო ბლოკჩეინი (Private Blockchain): ამგვარი ქსელი მორგებულია მხოლოდ მასში ჩართულ ადამიანებზე და ასეთ ქსელს ჰყავს ცენტრალიზებული მმართველი. ეს ტექნოლოგია არის დახურული ქსელის გამოხატულება, სადაც ოპერირება მხოლოდ მასში მონაწილე ადამიანებს შეუძლიათ და არა სხვებს „გარედან“. ასეთი ტიპის ქსელს კორპორაციები იყენებენ, რათა ისინი დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქსელის გარეთ არ გახდება ხელმისაწვდომი გარე პირებისათვის.
კონსორტიუმ ბლოკჩეინი (Consortium): ამ ტიპის ქსელს იყენებენ კორპორაციათა ერთობები, რომლებიც კოლექტიურ კოლაბორაციაში არიან ერთმანეთთან, ანუ როდესაც სწორი ოპერირებისათვის ორი სფერო ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგალითად ჯანდაცვა ან ლოჯისტიკა. ასეთი ტიპის ბლოკჩეინი ამარტივებს სფეროებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას და ზრდის უსაფრთხოების დონეს.
დაიმახსოვრე, ყოველი ტიპის ბლოკჩეინი მუშაობს საკუთარ პრინციპზე, რაც ნიშნავს ამ ქსელის შიგნით მოქმედების წესებს, რომლის მიხედვითაც ოპერირებენ მასში ჩართული ადამიანები ან ორგანიზაციები. თუ როგორ მიმოიცვლება სხვადასხვა კრიპტოვალუტა ან ინფორმაცია, რა დონის წვდომა აქვთ ადამიანებს ამ ინფორმაციაზე, როგორ იღებენ ისინი ჯილდოს და სხვა, დამოკიდებულია თუ რა ტიპის ქსელთან გვაქვს შეხება.
რა პრინციპზეა დაფუძნებული თითოეული ბლოკჩეინი და რა წესებს ექვემდებარება ესა თუ ის ქსელი, შემდეგ ბლოგში მოგიყვებით.