რა არის Midjourney?
Midjourney არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ტექსტური მითითებების მიხედვით ქმნის სხვადასხვა სურათსა და ვიზუალს. პროდუქტი შექმნილია დევიდ ჰოლცისა და Midjourney Inc.-ის მიერ და მას სხვა ხელოვნური ინტელექტის სერვისების მსგავსად ადამიანების ენა ესმის.
2022 წლის 12 ივლისს დაარსებული კომპანია თავის თავს აღწერს, როგორც ახალი ტექნოლოგიების კვლევის სააგენტო, რომელიც ადამიანების განვითარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მომხმარებლებს უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, შეუძლიათ შეიყვანონ სასურველი ტექსტი პლატფორმაზე, ანუ prompt, და ის მითითებისამებრ შექმნის ნახატს. Midjourney-ის მოხმარებისთვის რაიმე განსაკუთრებული Software ან Hardware მოწყობილობები საჭირო არ არის, ის არც განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს. თუმცა გაითვალისწინე, Midjourney-ის გამოსაყენებლად Discord დაგჭირდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, მიდჯორნი არის ხელოვნური ინტელექტის წყალობით „გაცოცხლებული“ პროდუქტი, რომელიც შენი მითითებების მიხედვით ქმნის შესაბამის ვიზუალებსა და სურათებს.
როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი Midjourney?
ყველა ის თვისება რაც ამ ხელოვნურ ინტელექტში გვხიბლავს ორი კომპიუტერული ენის შესწავლითა და დახვეწით მიიღწევა - Large Language Models და Diffusion Models.
როდესაც მომხმარებელი მითითებას, ანუ prompts შეიყვანს, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ენას, ანუ სიტყვებს, მისთვის გასაგებ ენაზე, ციფრებად და რიცხვებად აქცევს, შემდგომ კი, შესაბამის შედეგს იძლევა.
სწორედ ეს კომპიუტერული ენა იძლევა საშუალებას, რომ ნახატი არა უბრალოდ ფერების ნაზავი იყოს, არამედ რეალურად ინტელექტუალური „არსების“ მიერ შექმნილი ადეკვატური ვიზუალი გახდეს. ტექნოლოგიის სახელში ინტელექტი უბრალოდ არ ურევია, რეალურად Midjourney უამრავი ადამიანის მიერ შეყვანილ prompts სწავლობს და ვითარდება, შემდეგ კი უკეთესს ვიზუალებს გვთავაზობს.
მაგალითად, თუკი მომხმარებელი prompt-ის სახით დაწერს „ბიტკოინის ლოგო, რომელშიც სატოში ნაკამოტო არის გამოსახული“, Midjourney ტექსტს ნაწილ-ნაწილ გაანალიზებს და შემდგომ დაიწყებს მის შესრულებას. ხოლო თუ მანამდე, სხვა მომხმარებელმა იგივე სიტყვები გამოიყენა სასურველი ვიზუალის შესაქმნელად, ხელოვნური ინტელექტი მოიძიებს ამ ინფორმაციას და გაეცნობა მის მიერვე შესრულებულ ნახატს, შემდგომ გაანალიზებს უკუშეფასებას და ამით მიხვდება, რამდენად კარგად გაართვა თავი დავალებას და რა უნდა შეცვალოს მომავალში, მსგავსი prompt-ებისა თუ სიტყვების შემთხვევაში.
სწორედ ამ ინოვაციური მუშაობის პრინციპის გამო Midjourney ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოს გარშემო და მის სერვისს მილიონობით ადამიანი იყენებს.
როგორ გამოვიყენო Midjourney? - ნაბიჯ-ნაბიჯ.
Midjourney-ის გამოყენება ექსკლუზიურად Discord-ის მომხმარებლებისათვის არის შესაძლებელი. აქ კი გაჩვენებთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გაიარო ვიზუალებისა და ნახატების შესაქმნელად:
ნაბიჯი 1: შექმენი დისქორდი
როგორც ვახსენეთ, პირველ რიგში საჭიროა Discord-ის ანგარიშის გააქტიურება. ანგარიშის შექმნა შეგიძლიათ დისქორდის პლატფორმაზე.
ნაბიჯი 2: გაწევრიანდი მიდჯორნის Discord სერვერზე
შესაბამისი სერვერის მოსაძიებლად მომხმარებლებს ორი გზა აქვთ: Midjourney-ის საიტზე მოიძიონ და დააკლიკონ Join the Beta ღილაკს.
ან პირდაპირ გადავიდნენ მიდჯორნის დისქორდ სერვერზე.
ნაბიჯი 3: აირჩიე გამოწერა და კატეგორია
როდესაც 2022 წლის ივლისში მიდჯორნი გაეშვა, მაშინ მომხმარებლებს ჯერ კიდევ შეეძლოთ უფასოდ ესარგებლათ სერვისი და დღეში 25 ფოტომდე შეექმნათ. თუმცა, 2023 წლის აპრილში ყველაფერი შეიცვალა და Midjourney-იმ უფასო ვერსია ამოიღო, სანაცვლოდ კი მომხმარებლებს სხვადასხვა გამოწერასა და საფასო კატეგორიებს სთავაზობს.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ფოტო:
ნაბიჯი 4: დაიწყე ვიზუალების შექმნა
იმისათვის, რომ Midjourney-ის წყალობით შენი კრეატიული მოგზაურობა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, საჭიროა რომ დისქორდზე შესაბამის არხს მიაკვლიო. Midjourney-ის დისკორდ სერვერზე მოძებნე არხი სახელად #newbies.
შემდგომ კი, ასაკრეფ ველში შეიყვანე მაგიური სიტყვა და ბრძანება, რომლითაც ხელოვნურ ინტელექტს ეკონტაქტები და თქვენ ერთმანეთს უგებთ - /image
შემდგომ კი, მიუთითე სასურველი ტექსტი, ანუ prompt.
სულ ეს არის.
რამდენი ხანი სჭირდება Midjourney-ის რომ ნახატი შექმნას?
როგორც წესი, ნახატის შესაქმნელად Midjourney-ის რამოდენიმე წუთი სჭირდება, რის შემდგომაც ის მომხმარებელს ოთხ ვარიანტს აწვდის. თუმცა გაითვალისწინე, ერთი წუთი საშუალო დროა და ზოგადად, ვიზუალის შექმნის დრო დამოკიდებულია შენს მიერ მიცემული დავალების სირთულეზე და ფოტოს ხარისხზე.
გაითვალისწინე ისიც, რომ მნიშვნელობა აქვს თუ რომელი კატეგორია გაქვს გამოწერილი:
- Fast Mode:
- არ გჭირდება ლოდინი.
- თუმცა გაითვალისწინე, Fast Mode-ის შემთხვევაშიც გექნება შეზღუდვა სწრაფად დაგენერირებულ სურათებთან დაკავშირებით და არსებობს გარკვეული ყოველთვიური ლიმიტი.
- Relaxed Mode:
- შენი მოთხოვნა სურათის დაგენერირებასთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმში გადადის და ერთგვარ რიგში ექცევა, რა დროსაც შესაძლოა 10 წუთამდეც კი დასჭირდეს ფოტოს შექმნას.
- მომხმარებლებს ამ დროის შემცირება გარკვეული ბრძანების, “/turbo”-ს ჩაწერის შედეგად შეუძლიათ, თუმცა აქაც არსებობს ლიმიტები და დამატებითი გადასახადები.
Midrjouney მომხმარებლებს დიდ თავისუფლებასა და მოქნილობას სთავაზობს, აირჩიონ თუ როგორ ტემპში და რა სტილში უნდათ შექმნან ფოტოები. აირჩიე შენზე მორგებული გეგმა და დაიწყე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვიზუალების შექმნა.
შენს მიერ შექმნილი ნამუშევრები რომ შეინახო:
დესკტოპ მოწყობილობა:
- გახსენი დაგენერირებული ფოტო მაღალი რეზულიციით
- დააკლიკე მაუსის მარჯვენა ღილაკს
- დააჭირე „Save image”
სმარტფონი:
- დააჭირე დაგენერირებულ ფოტოს რამოდენიმე წამის განმავლობაში
- დააჭირე ჩამოტვირთვის ღილაკს მარჯვენა ზედა კუთხეში
თუკი გინდა, რომ წვდომა გქონდეს და არ დაკარგო შენს მიერ წარსულში დაგენერირებული ფოტოები ჩამოტვირთვის გარეშე, მაშინ:
- დისქორდის აპლიკაციაში მოიძიე “Mention”
- აირჩიე და ჩამოტვირთე სასურველი ფოტო
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება და ცოდნა, რომ Midjounrey ღია საზოგადოების პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა promptდა დაგენერირებული ფოტო ხელმისაწვდომია საჯაროდ და მისი გამოყენებაც ყველას შეუძლია. გარდა ამისა, მიდჯორნი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სხვების მიერ შექმნილი ფოტოები შეცვალონ და განავითარონ.
რა პლიუსები აქვს Midjourney-ის გამოყენებას?
მიდჯორნი და ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და ხელოვანებს, ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს თუ ნებისმიერ მსურველს შესთავაზა, შეექმნა ვიზუალები ან ხელოვნება ყოველგვარი ცოდნის გარეშე, თავისუფლად. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ადამიანებს ეხმარება გასცდნენ არსებულ ჩარჩოებს და ექსპერიმენტი ჩაატარონ სხვადასხვა სტილისა და მიმდინარეობის შეხამებით.
გარდა ამისა, მიდჯორნი დისქორდთან პარტნიორობით კოლაბორაციისა და იდეების გაცვლის საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ პლატფორმაზე ჩანს სხვების მიერ დაწერილი prompt-ები, რომლებიც შეგიძლია თავად გამოიყენო ინსპირაციის წყაროდ, მეორე მხრივ კი, დისქორდის ჩატის გამოყენებით შესაძლებელია დისკუსია გამართო და აზრები გაცვალო სხვა მომხმარებლებთან, რითაც შენი შედეგი შესაძლოა საგრძნობლად გაუმჯობესდეს, თუ როგორ შექმნა სასურველი ვიზუალი და როგორ დაწერო კარგი Prompt.
გარდა ამისა, Midjourney-ის დიდი პლიუსები აქვს სფეროებისა და ბიზნესების განვითარების კუთხითაც. შენ შეგიძლია რომ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი გამოიყენო შენი საქმიანობისთვის, მაგალითად მოარგო ის შენს ვებ-გვერდს ან სულაც შექმნა პოსტის ვიზუალები სოციალური მედიისათვის და მარკეტინგული მიზნებისთვის.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი დიდ როლს თამაშობს NFT ინდუსტრიის გაცოცხლებასა და გაჯანსაღებაში, ხელოვანებისთვის კი მიდჯორნი კარგ შესაძლებლობებს აჩენს.
კონკურსი ხელოვნური ინტელექტ Midjourney-ის მიერ დახატულმა ნახატმა მოიგო?
ხელოვნების სფერო ჯეისონ ალენმა მას შემდგომ შეარყია, რაც კოლორადოს სახელმწიფო კონკურსი Midjourney-ის მიერ დახატული ნამუშევრის წყალობით მოიგო, რომელსაც მან “Théâtre d’Opéra Spatial” უწოდა.
Midjourney-ის დახმარებით შექმნილმა ნახატმა ხელოვნების სივრცეში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ჯეისონ ალენის გზა მოგებამდე გრძელი იყო, მან რამოდენიმე კვირა დაუთმო მისთვის ოპტიმალური ნახატის შექმნას და ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა ტიპის დავალებებს აძლევდა, სასურველი შედეგის მისაღებად.
საბოლოოდ მიღებული ვარიანტის შემდგომ ჯეისონ ალენმა GigaPixelAI გამოიყენა, რომელიც ასევე ხელოვნური ინტელექტია და ვიზუალების ხარისხის გაზრდაში გვეხმარება. ხარისხის გაუმჯობესების შემდგომ კი, ავტორმა ნახატი ტილოზე გადაიტანა, საბოლოოდ კი, აგვისტოში გამართული კონკურსიც მოიგო.
ეს შემთხვევა არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე მიგვანიშნებს, არამედ - მომავალში ადამიანებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობაზეც.
Midjourney vs. DALL-E 3 vs. Bing AI - რა ალტერნატივები არსებობს?
მიდჯორნი ხელოვნური ინტელექტის ერთადერთი მოდელი არ არის, რომელსაც ვიზუალების შექმნა ტექსტური ბრძანებებიდან გამომდინარე შეუძლია. ბაზარზე სხვა ჭკვიანი ტექნოლოგიებიც გვხვდება და მაგალითად ერთ-ერთი ასეთია DALL-E 3, რომელიც OpenAI-ის მიერ არის შექმნილი. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელის განსავითარებლად 2019 წელს $1 მილიარდიანი დაფინანსება მიიღო Microsoft-სა და Khosla Ventures-გან. Chat GPT-ის გაშვების შემდგომ კი, 2023 წლის იანვარში კომპანიამ დამატებით, $10 მილიარდიანი გრანტი მიიღო. შედარებისთვის, Midrjourney დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც საკუთარ ფინანსებზეა დამოკიდებული.
გარდა ამ ორი მოთამაშისა, ბაზარზე არსებობს მესამე ხელოვნური ინტელექტის მოდელიც, რომელიც სიმარტივითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა. ასეთია საძიებო პლატფორმა Bing-ის მიერ შექმნილი Bing AI.
რა სხვაობა და მსგავსება არის მათ შორის?
ხელმისაწვდომობა:
- Midjourney: ხელმისაწვდომია დისკორდის სერვერიდან
- DALL-E 3: ხელმისაწვდომია OpenAI-ის ვებ-გვერდიდან
- Bing AI: ხელმისაწვდომია ბინგის პლატფორმიდან
ფოტოს რეზოლუცია:
- Midjourney: პლატფორმას შეუძლია ფოტოების 1792x1024 რეზოლუციაში გენერაცია, რაც ბაზარზე ყველაზე კარგი ხარისხია
- DALL-E 3 და Bing AI: ორივე პლატფორმის გენერირებული ფოტოების რეზოლუცია 1024x1024 შეადგენს
გამოწერა:
- Midjourney და DALL-E: ორივე პლატფორმა მომხმარებლებს გამოწერის სერვისს სთავაზობს და სხვადასხვა საფასო კატეგორია აქვთ, რომელზეც ბლოგში ვისაუბრეთ
- Bing AI: ბინგის ხელოვნური ინტელექტი კი, სრულიად უფასოა
ეს განმასხვავებელი თუ საერთო თვისებები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელები გვთავაზობენ, საერთო ჯამში სფეროს განვითარებას უწყობს ხელს და მომხმარებლებს მეტი არჩევანი აქვთ, მათი სურვილებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.