Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual with Japanese Crypto Yen on the right side
2023-02-21clock5 minutes

„ჩვენ ვგეგმავთ ექსპერიმენტული სისტემის შემუშავებას.“ განაცხადა იაპონიის ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა Shinichi Uchida-მ.

იაპონია ემზადება გადადგას პირველი ნაბიჯები ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნის გლობალურ რბოლაში ჩასართველად. პარასკევს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ აპრილში ჩაუშვებს საპილოტე პროგრამას CBDC-ის საკუთარი ვერსიის, ციფრული იენის გასატესტად. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა იაპონიისათვის, რადგან ორი წლის განმავლობაში მუშავდებოდა CBDC-ის პროექტი.

როგორც აღვნიშნეთ, ცენტრალური ბანკი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა CBDC-ის იდეაზე და საპილოტე პროგრამის ჩაშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული იენის ოფიციალურად გაშვებას შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს, საპილოტე პროგრამა დაეხმარება ვალუტის ტექნიკური მახასიათებლების დადგენას და პოტენციური პრობლემების წინასწარ იდენტიფიცირებას, სანამ CBDC საჯარო მიმოქცევაში ჩაეშვება.

რა არის საბოლოო მიზანი?

იაპონიის ციფრული იენის საპილოტე პროგრამას ორი ძირითადი მიზანი აქვს.

პირველ რიგში, ის შეამოწმებს ვალუტის ტექნიკურ მახასიათებლებს, მათ შორის მის პოტენციურ გავლენას არსებულ ფინანსურ სისტემაზე.

მეორეც, ის გამოიყენებს კერძო ბიზნესის არსებულ გამოცდილებას, რათა დაეხმაროს შექმნას CBDC ეკოსისტემა, რომელიც იქნება ეფექტური და მოსახერხებელი ყველასთვის. კერძო სექტორთან პარტნიორობით, იაპონიის ცენტრალური ბანკი იმედოვნებს, რომ შექმნას ციფრული ვალუტა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ჩართული მხარის საჭიროებებს.

CBDC რბოლა?

მანამ, სანამ იაპონიაში ორი წლის განმავლობაში მსჯელობდნენ CBDC პროგრამის თაობაზე, ჩინეთი უკვე გახდა ინდუსტრიის ფლაგმანი. თუმცა, ორ წლიან კვლევას იაპონიაში უშედეგოდ არ ჩაუვლია და მათ უკვე აქვთ სერიოზული ნაბიჯები, იმის გათვალისწინებით, რომ CBDC პოტენციურად ყველასათვის საინტერესო თემაა და 105 ქვეყანა, რომელიც მსოფლიო მ.შ.პ.-ს 95% ქმნის, ამ ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად ცდილობს.

ცენტრალური ბანკები მთელს მსოფლიოში ხვდებიან CBDC-ების პოტენციურ სარგებელს და აძლიერებენ ძალისხმევას საკუთარი ციფრული ვალუტების შესაქმნელად. ეს ტენდენცია განპირობებულია არსებული ფინანსური სისტემების მოდერნიზაციისა და უფრო ეფექტური გადახდის ინფრასტრუქტურის შექმნის სურვილით, რომელსაც შეუძლია თავი მარტივად გაართვას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტრანზაქციებს.

იაპონია კი, სხვა მოწინავე ეკონომიკებთან ერთად, იბრძვის ჩინეთთან დასაწევად, რომელიც უკვე ლიდერობს CBDC გლობალურ რბოლაში. ჩინეთმა უკვე დაიწყო ციფრული იუანის პილოტირება საცალო გადახდებისთვის, მაშინ როცა სხვა ქვეყნები ჯერ კიდევ CBDC-ების შესწავლის საწყის ეტაპზე არიან.

შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა ასევე იკვლევს სრულად ციფრული დოლარის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც ზოგიერთი მეტსახელად "Fedcoin"-საც უწოდებს. თუმცა, Fed-ის ლიდერებმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ აქტივის გაშვება საჭიროებს არჩეული ოფიციალური პირების მხარდაჭერას და გარდა ტექნიკური სირთულეებისა, ის დაკავშირებულია ბიუროკრატიულ დაბრკოლებებთანაც.

დამატებით, G7-ის ლიდერები ერთობლივ სამუშაო პროცესში არიან ჩართული, რათა დააჩქარონ CBDC-ის კვლევისა და ადაპტირების პროცესი.

2021 წელს, ჯგუფმა დადო შეთანხმება, რომ ცენტრალური ბანკის მიერ შექმნილი არცერთი ციფრული ვალუტა არ უნდა აზიანებდეს უკვე არსებულ მონეტარულ და ფინანსურ სტაბილურობას.

შეჯამება

ვინ იქნება პირველი, ვინც CBDC რბოლას მოიგებს და სრულად ადაპტირებულს გახდის ცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

თუმცა ტენდენცია, რომელმაც წამყვანი ეკონომიკები მოიცვა და ისინი CBDC ციებ-ცხელებაში ჩაითრია თვალსაჩინოა. ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს ქმნის აღნიშნული პროექტის ირგვლივ.

Support