შესავალი: Litecoin Halving - ყველაფერი რაც უნდა იცოდე
ტერმინი ალტკოინი, რომლითაც ბიტკოინის გარდა სხვა ყველა კრიპტოვალუტას მოიხსენიებენ, პირველად სწორედ ლაითქოინს დაერქვა. კრიპტოვალუტა ასპარეზზე პირველად 2011 წელს ბიტკოინის ანალოგად გამოჩნდა და თუ BTC-ის კრიპტოს ოქროს უწოდებენ, ლაითქოინს კრიპტოს ვერცხლი შეარქვეს. სწორედ ამიტომ, ლაითქოინი მეორე ყველაზე ძველ კრიპტოვალუტად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი და ლაითქოინი ბევრ საერთო თვისებას იზიარებენ, მათ შორის რეალური განსხვავებებიც არსებობს. ბიტკოინი მაინინგისათვის SHA-256 კოდს ეყრდნობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქსელში ჩართულმა უამრავმა კომპიუტერმა საერთო ძალისხმევით უნდა გადაჭრან სხვადასხვა მათემატიკური თავსატეხები და ამ გზით შექმნან ახალი ბლოკი. ლაითქოინი კი, Scrypt ალგორითმს ეყრდნობა, რაც ბევრად ნაკლები ენერგიის მოხმარებას მოითხოვს და მომხმარებლებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული სიძლიერის მოწყობილობის ქონა, არამედ საკუთარი პერსონალური კომპიუტერებიდან თუ ლეპტოპებიდანაც შეუძლიათ მაინინგის პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
ტრანზაქციების დადასტურების სანაცვლოდ კი, ისევე როგორც ბიტკოინის შემთხვევაში, ლაითქოინის მაინერებიც იღებენ გასამრჯელოს. შექმნის მომენტში, 2011 წელს, ლაითქოინის ჯილდო 25 LTC შეადგენდა, 2019 წლის განახევრების, ანუ Halving-ის შემდეგ კი, ეს რიცხვი 12.5 LTC-ზე ჩამოვიდა. მესამე განახლებისას კი, ეს რიცხვი 6.25 LTC-მდე შემცირდება.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ სწორედ ლაითქოინის Halving-ზე, რას ნიშნავს ის კრიპტო სამყაროსა და თრეიდერებისთვის და როგორ იმოქმედებს ფასებზე ეს პროცესი.
რა არის ლაითქოინის განახევრება, ანუ Halving?
მაინერები კრიპტოვალუტისა და კონკრეტულად ლაითქოინის გამართულად მუშაობაში უდიდეს როლს ასრულებენ უამრავი ტრანზაქციის ავთენტურობის დადასტურებით. ამ პროცესში ისინი ხარჯავენ უამრავ დროსა და რესურს, სანაცვლოდ კი, ისინი მაინინგის მეშვეობით ისინი იღებენ გასამრჯელოსა და ჯილდოს.
ყოველი 840 000 ბლოკის ქსელში, ანუ ბლოკჩეინში დამატების შემდგომ იწყება ჯილდოების განახევრების პროცესი. ეს პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ეკოსისტემაში მონაწილე ადამიანების მოტივაციის გაზრდისათვის, ასევე ინფლაციის შემცირებასა და საჭირო რაოდენობის ქოინების ცირკულაციაში ჩაშვებაში. განახევრების ზუსტი შედეგების გამოთვლა რთულია, თუმცა მიზანი მარტივია - კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა იზრდება, მიწოდება კი მცირდება, რაც აქტივს ფასს საგრძნობლად მატებს.
რას უნდა ველოდეთ განახლების შემდგომ?
კრიპტოვალუტების არსებობისათვის განახევრების პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გარდა ამისა, ღონისძიება კრიპტოთი დაინტერესებული ადამიანების დიდ ჩართულობასაც იწვევს. ისევე როგორც ბიტკოინის განახევრებისას, ლაითქოინის Halving-ის დროსაც უამრავი ადამიანი ცდილობს იყიდოს კრიპტოვალუტა, რადგან ხშირად აქტივზე ფასები სწორედ განახევრების შემდგომ იზრდება.
თუკი წარსულ მონაცემებს დავეყრდნობით, ლაითქოინის ფასიც სწორედ ამ ლოგიკურ ხაზს მიყვება. ტრადიციულად, ლაითქოინის ფასი განახევრების შემდგომ საგრძნობლად იზრდება. თუმცა უამრავი თრეიდერი ვარაუდობს, რომ ეს პროცესი გარკვეულ დროს მოიცავს და მოკლე-ვადიან პერიოდში შესაძლოა ფასები დაბლაც კი წამოვიდეს.
მაგალითად, პირველ განახევრებამდე 122 დღით ადრე კრიპტოვალუტამ გამოშვებიდან ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, Halving-ის შემდგომ ცოტა ხანში კი, დაახლოებით 820%-იანი ზრდა დააფიქსირა.
სწორედ ასე მოხდა მეორე განახევრების დროსაც, როდესაც Halving-მდე ზუსტად 243 დღით ადრე ლაითქოინის ფასი საგრძნობლად დაეცა და ბევრი კრიპტო თრეიდერი ანერვიულდა, თუმცა განახევრების შემდგომ კრიპტოვალუტამ 550%-იანი ზრდა აჩვენა.
ლაითქოინის განახევრების (Halving) თარიღები
კრიპტოვალუტის პირველი განახევრება 2015 წლის 25 აგვისტოს მოხდა, როდესაც მაინინგის ჯილდო 25 LTC-მდე შემცირდა და კრიპტოვალუტის ფასი $3 ფარგლებში მერყეობდა, ხოლო მეორე განახევრების დროს, რომელიც 2019 წლის 5 აგვისტოს მოხდა, ჯილდო 12.5 LTC-მდე შემცირდა.
მესამე Halving, რომელიც 2023 წლის 2 აგვისტოს უნდა მოხდეს, ანუ სულ რამოდენიმე დღეში, ჯილდო ისევ შემცირდება და მომავალ განახევრებამდე 6.25 LTC იქნება.
შეჯამება: ლაითქოინის განახევრება კრიპტო ინდუსტრიაზე საგრძნობლად იმოქმედებს
ლაითქოინი კრიპტო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი კრიპტოვალუტაა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $7 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად მისი განახევრება მნიშვნელოვანი პროცესია და კრიპტო სამყაროზეც საგრძნობი გავლენა ექნება.
არ აქვს მნიშვნელობა თრეიდერი ხარ თუ არა და ლაითქოინის მაინინგიდან რაიმე ჯილდოს იღებ, 2 აგვისტოს დაგეგმილი განახლება შენზე აუცილებლად იმოქმედებს. ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ნავარაუდებია, რომ კრიპტოვალუტაზე ფასი შეიცვლება, ხოლო ტრანზაქციებისა და გადარიცხვების სიჩქარე კი - ასწრაფდება.