შესავალი: PayPal-ის ახალი სტაბილური კრიპტოვალუტა
ონლაინ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა PayPal-მა წარადგინა ა.შ.შ დოლარით გამყარებული სტაბილური კრიპტოვალუტა და ამით გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც ტრადიციულ ვალუტასთან ერთად საკუთარ ოპერაციებში კრიპტოვალუტაც ჩაუშვა. ახალ სტაბილურ კრიპტოვალუტას PYUSD ერქმევა.
ჩვეულებრივი კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა ღირებულებაც მოთხოვნა მიწოდების პარალელურად შესაძლოა სწრაფად იცვლებოდეს, სტაბილური კრიპტოვალუტები მუდმივად ინარჩუნებენ ერთი და იგივე ფასს.
ეს ყველაფერი კი, მის უკან მდგომი ა.შ.შ დოლარის დამსახურებაა, სწორედ ისე, როგორც ოქრო უმყარებს ტრადიციულ ვალუტებს ზურგს.
რაც ყველაზე საინტერესოა, პლატფორმა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს PYUSD პირდაპირ, ერთი-ერთი გადაცვალონ ა.შ.შ დოლარში.
სტაბილური ვალუტის ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასა და უზრუნველყოფას ცნობილი ბლოკჩეინ და ფინტეკ კომპანია Paxos Trust Company უზრუნველყოფს და PYUSD ეთერიუმის ქსელზე იქნება დაშენებული.
მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური კრიპტოვალუტის შექმნის პირველი ნაბიჯებია, კომპანიისთვის კრიპტო ინდუსტრია ახალი სფერო არ არის და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მათ კრიპტო ტრანზაქციები დაამატეს თავიანთ პლატფორმას.
რა არის სტაბილური ქოინი?
სტაბილური ქოინები კრიპტოვალუტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც თავიანთ ფასს სტაბილურად ინარჩუნებენ, სხვა, ვოლატილური კრიპტო აქტივებისაგან განსხვავებით, როგორებიც ბიტკოინი და ეთერიუმი არიან. ეს სტაბილურობა მისი ფასის რაიმე სხვა აქტივზე მიბმით ხორციელდება, ჩვენს შემთხვევაში კი, ეს აქტივი ა.შ.შ დოლარია.
რა ტიპის სტაბილური ქოინები არსებობენ?
- ფიატ ვალუტით გამყარებული:
ასეთი ტიპის სტაბილური ქოინები ყველაზე გავრცელებული სახეობაა და ისინი გამყარებულნი არიან ტრადიციული, ფიატ ვალუტების რეზერვებით, როგორიც არის ა.შ.შ დოლარი ან ევრო. ყოველი გამოშვებული სტაბილური ქოინის სანაცვლოდ, კომპანია იმავე რაოდენობის ფიატ ვალუტას ინახავს ბანკში. ასეთი ტიპის კრიპტოს ყველაზე პოპულარული მაგალითი USDT არის.
- კრიპტოთი გამყარებული:
ასეთი ტიპის სტაბილური ქოინები სხვა კრიპტოვალუტებით არიან გამყარებული. კრიპტოვალუტების ვოლატილური ბუნების გათვალისწინებით, ეთერიუმის ქსელზე დამყარებული ჭკვიანი კონტრაქტები უზრუნველყოფენ სტაბილური ქოინების ფასის შენარჩუნებას.
- ალგორითმით გამყარებული:
ასეთი ტიპის სტაბილური ქოინები არაფრით არ არიან გამყარებული, არამედ ისინიც იყენებენ სმარტ კონტრაქტებს, ანუ ჭკვიან კონტრაქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთხოვნა მიწოდების საპასუხოდ ქოინების მიმოქცევაში ჩაშვებას, რომლითაც სტაბილურ ფასს ინარჩუნებენ.
შეჯამება: სტაბილური ქოინების მნიშვნელობა კრიპტო სამყაროში
სტაბილური ქოინები ფინანსური სამყაროს ორივე მხარის უპირატესობებს გამოხატავენ და მომხმარებლებს სთავაზობენ კრიპტოს უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და ტექნოლოგიებს, პარალელურად კი ტრადიციული ვალუტების მსგავს სტაბილურ ფასს ინარჩუნებენ. ამ თვისებების გამო, სტაბილური ქოინები კარგი აქტივებია, როგორც სხვადასხვა კრიპტო პლატფორმაზე სავაჭროდ, ისე გადარიცხვებისა და გადახდებისათვის.
Stablecoin-ები წარმოადგენენ ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს ტრადიციულ ფინანსურ და კრიპტო სამყაროებს შორის, სადაც ამგვარი აქტივი მომხმარებლებს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და მოქნილობას სთავაზობს.
PayPal-ის სტაბილური ქოინის გამოჩენა კი, ამ მიმდინარეობის კიდევ ერთი გაგრძელება და მომხმარებლებისათვის დამატებითი ალტერნატივის შეთავაზებაა.