satoshi-geo-1000x300
2023-08-04clock7 minutes

სატოში ნაკამოტო - ბიტკოინი, კრიპტოვალუტა და ყველაფერი რაც მის სახელს უკავშირდება

ბიტკოინი (BTC) მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი კრიპტოვალუტაა. შექმნის დღიდან, დღემდე, ბიტკოინი კრიპტოვალუტებს შორის მოცულობით, საბაზრო კაპიტალიზაციით, პოპულარობით და ა.შ წამყვანი ციფრული აქტივია.

კრიპტომ უამრავი აღმავალი და დაღმავალი პერიოდი ნახა, მიაღწია $69 045-იან ნიშნულს, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასია. მაგრამ, ვინ დგას მისი ტექნოლოგიის უკან, დღემდე უცნობი რჩება.

თუმცა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კრიპტოვალუტებში მეტ-ნაკლებად ერკვევა, გეტყვის მის „სახელს“ და ეს სატოში ნაკამოტოა.

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით ყველაფერს, რაც ამ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე ვიცით, რა ინფორმაციაც წლების განმავლობაში ინტერნეტში დაგროვდა, გაჩვენებთ ამ სახელს ამოფარებულ რამოდენიმე პოტენციურ კანდიდატს და შევეცდებით, ერთად გავარკვიოთ ვინ დგას მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და ინოვაციური კრიპტოვალუტის, ბიტკოინის უკან.

მოგვიანებით, სატოში ნაკამოტოს საპატივცემულოდ კრიპტო საზოგადოებამ Bitcoin-ის უმცირეს ნაწილაკს, რომელიც 0.00000001 BTC შეადგენს, Satoshi უწოდა.

ისტორია - ბიტკოინის დაბადება და სატოში ნაკამოტოს გაუჩინარება

ბიტკოინის შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს უკეთ გასაცნობად დროში მოგზაურობა მოგვიწევს. მოდით გადავინაცვლოთ 2008 წლის 31 ოქტომბერში, როდესაც ინტერნეტ ფორუმის მომხმარებელმა, სახელად სატოში ნაკამოტო, წარადგინა ციფრული ვალუტის და დეცენტრალიზებული გადახდების სისტემის Whitepaper, ანუ საინფორმაციო დოკუმენტი.

2009 წლის ნოემბერში კი, სატოშიმ ბიტკოინის ქსელი წარადგინა, სადაც პირველი ბლოკიც დამაინინგდა, რომელსაც Genesis Block ან Block Number 0 ეწოდა.

მოგვიანებით, სატოშიმ ბიტკოინისა და მისი ტექნოლოგიისადმი მიძღვნილი ფორუმი შექმნა ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც bitcointalk.org ეწოდა. სწორედ ამ ფორუმზე განხორციელდა ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი ტრანზაქცია, როდესაც დეველოპერმა სახელად ლაზლო ჰაიეცმა 10 000 BTC გადაიხადა ორ პიცაში.

მომდევნო წლებში სატოში ნაკამოტო სხვა დეველოპერებთან მჭიდრო კომუნიკაციაში იყო და მათთან ერთად 2010 წლამდე აუმჯობესებდა ბიტკოინის ქსელს. სწორედ ეს ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ მომავალში ქსელის მუშაობაზე პასუხისმგებელნი.

თუმცა, წლის ბოლოს უეცრად მან პროექტზე მუშაობა შეწყვიტა, კოდები და გასაღებები დეველოპერ გევინ ენდრესენს გადასცა, ხოლო ქსელის მუშაობის პრინციპი ფორუმზე არსებულ საზოგადოებას დაუტოვა.

2011 წელს მაიკ ჰერნს მიწერა, რომ სხვა პროექტებზე გადაინაცვლა და ბიტკოინის პროექტი უსაფრთხო ხელში დატოვა, შემდგომ კი სამუდამოდ გაუჩინარდა ფორუმიდან.

სატოში ნაკამოტო - რა ვერსიები გვაქვს?

მისი რეალური პერსონის შესახებ მცირე ინფორმაცია გვაქვს, ისიც მხოლოდ ვარაუდი. ვიცით, რომ ის კომპიუტერული გენიოსი უნდა იყოს და კარგად ესმოდეს ფინანსები. სავარაუდოდ კი, ის მამაკაცი უნდა იყოს იაპონიიდან.

მის ინტერნეტ ფორუმის პროფილზე დაბადბეის თარიღად 1975 წლის 4 აპრილი აქვს მითითებული, თუმცა ეს ინფორმაციაც დაუზუსტებელია.

ნაკამოტო ინგლისურ ენაზე გამართულად საუბრობს, ხოლო მისი ფორუმზე მოღვაწეობისა და მუშაობის დრო GMT-ის დროის ზონას ემთხვევა, რაც გრინვიჩის მერიდიანის ტოლია და შესაბამისად იაპონიის დროის სარტყელს სცდება.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სატოში ნაკამოტო ერთი პიროვნება არ არის, არამედ ის დეველოპერებისგან შემდგარი ჯგუფია. ამას მისი ნამუშევრის მოცულობაზე და კომპლექსურობაზე დაყრდნობით ამბობენ.

ინტერნეტში უამრავი კონსპირაციული თეორიები არსებობს ამ სახელის ირგვლივ, კრიპტო საზოგადოება კი, დღემდე ცდილობს მისი რეალური პიროვნების დადგენას და საამისოდ რამოდენიმე „ეჭვმიტანელიც“ არის შერჩეული.

დორიან ნაკამოტო (Dorian Nakamoto) - რეალური სატოში ნაკამოტო?

რაც სატოში ნაკამოტოზე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ ის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია. სწორედ ასეთია დორიან ნაკამოტოც, რომელიც მისი „მოგვარეა“.

2014 წელს, ერთ-ერთმა ინტერნეტ გამოცემამ გადაწყვიტა ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა დაედგინა და სწორედ ჟურნალისტური გამოცემის ფარგლებში, მიაკვლიეს ერთ ადამიანს. ის ამერიკელ-იაპონელი დორიანია, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და იმ დროს ა.შ.შ-ს თავდაცვის უწყებისთვის უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელის შექმნაზე მუშაობდა.

ეჭვს დამატებით ისიც ამძაფრებდა, რომ მისი სრულის ახელი დორიან პრენტის სატოში ნაკამოტო იყო. თუმცა ერთი გარემოება ყველაფერს წყალში ყრიდა, დორიანი გამუდმებით ამტკიცებდა, რომ არაფერი აკავშირებდა კრიპტოვალუტასთან.

ჰოლ ფინი (Hal Finney) - სატოში ნაკამოტოს სახელს ამოფარებული კიდევ ერთი ადამიანი

სატოში ნაკამოტოს პოზიციაზე კიდევ ერთი კანდიდატი გამოჩნდა, რომლის სახელიც ჰოლ ფინია. ერთი საინტერესო ფაქტი, რაც ადამიანებმა მის შესახებ მომენტალურად შეამჩნიეს არის ის, რომ ჰოლი დორიან ნაკამოტოს მეზობლად ცხოვრობდა.

შეთქმულების თეორიის ზოგიერთი მოყვარული ამტკიცებდა, რომ ჰოლმა დორიანის სახელი გამოიყენა მისი რეალური იდენტობის დასამალად.

ჰოლ ფინი ასევე პირველი ადამიანია, რომელმაც სატოში ნაკამოტოსგან პირდაპირი ტრანზაქციით მიიღო 10 ბიტკოინი.

დორიანის მსგავსად ჰოლიც კატეგორიულად უარყოფდა იმას, რომ რეალური სატოში ნაკამოტო ის არის.

მისი უარყოფის მიუხედავად, მისი ბიოგრაფია სხვა რამეს გვეუბნება. ჰოლმა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა პროგრამირების კუთხით და კრიპტო ინდუსტრიაშიც ერთ-ერთი პიონერია. სამწუხაროდ ფინი 2014 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.

ნიკ საბო (Nick Szabo) - 90-იანი წლების სატოში ნაკამოტო

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა კრიპტო ინდუსტრიაში ნიკ საბოა, რომელმაც ციფრული აქტივების უსაფრთხოების შესახებ საკუთარი იდეა წარმოადგინა 1998 წელს და სახელად “Bit Gold” უწოდა.

ნიკი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ჭკვიანი კონტრაქტების, ანუ Smart Contracts-ების შესახებ თეორია წამოჭრა საკუთარ წიგნში.

2014 წელს, საფინანსო სექტორში მოღვაწე ჟურნალისტმა დაასკვნა, რომ საბო ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველა იმ თვისებას აერთიანებს, რაც სატოში ნაკამოტოს გააჩნია.

ნიკ საბომ ეს თეორია უარყო და პასუხების ნაცვლად, უფრო მეტი კითხვა დატოვა, თუ რეალურად ვინ არის სატოში ნაკამოტო.

კრეიგ ვრაითი (Craig Wright) - ერთადერთი ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ სატოში ნაკამოტოა

ჩვენს სიაში მოხვედრილი ყველა ადამიანი უარყოფს, რომ ისინი რეალურად არიან სატოში ნაკამოტოს სახელს უკან მდგომი პიროვნებები. თუმცა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სატოში ნაკამოტოა ავსტრალიელი კრეიგ ვრაითია.

2015 წელს, ერთ-ერთმა ავსტრალიულმა გამოცემამ დაწერა, რომ კრეიგ ვრაითი ან რეალურად სატოში ნაკამოტოა, ან ის ძალიან კარგი მატყუარაა.

2016 წელს, BBC-სთან ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ ჰქონდა დამადასტურებელი მოწმობა, თუ როგორ უკავშირდებოდა ბიტკოინის პირველი დამაინინგებული ბლოკი მის სახელს და ამტკიცებდა, რომ ჰოლ ფინმა 2009 წელს 10 ბიტკოინი მისგან მიიღო.

თუმცა, რაიმე დამადასტურებელი ფაქტი ჯერ-ჯერობით არ არსებობს და სატოში ნაკამოტოს რეალური ვინაობა კვლავ არ ვიცით.

ილონ მასკი (Elon Musk) - ყველაზე ცნობილი სატოში ნაკამოტო

ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეალურად სატოში ნაკამოტოს სახელის უკან ილონ მასკი იდგა.

ილონ მასკი ნამდვილად არის ჩვენი დროის ტექნოლოგიური გენიოსი, თუმცა ბიტკოინის შექმნა სრულიად სხვა რამეა. მისი ერთ-ერთი კომპანიის, SpaceX-ის ყოფილი თანამშრომელი თვითერზე წერდა, რომ სწორედ ილონ მასკი იყო სატოში ნაკამოტო. მასკმა ამაზე პასუხად განაცხადა, რომ ეს სიმართლე არ იყო.

ამის მიუხედავად, დღემდე არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ სატოში ნაკამოტოს უკან სწორედაც ილონ მასკი დგას.

შეჯამება: სატოში ნაკამოტოს მემკვიდრეობა

ვინც არ უნდა იყოს სატოში ნაკამოტო, მისი ტექნოლოგიური მიღწევები დასაფასებელია ნებისმიერი კრიპტო მოყვარულისთვის და არა-მხოლოდ.

დღემდე გრძელდება იმაზე დავა, თუ ვინ არის სატოში ნაკამოტო და გაცემულ პასუხებზე მეტად, გაუცემელი კითხვებია.

მოგვიანებით, სატოში ნაკამოტოს საპატივცემულოდ კრიპტო საზოგადოებამ Bitcoin-ის უმცირეს ნაწილაკს, რომელიც 0.00000001 BTC შეადგენს, Satoshiუწოდა.

სატოში ნაკამოტომ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და კრიპტოვალუტების ნამდვილი პიონერი, ბიტკოინი გვაჩუქა.

Support