რას ნახავ ბლოგში: ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტები - ვინ შექმნა, როგორ მუშაობს და როგორ გამოიყენო ის?
დიდი ხანია რაც ეთერიუმი ტექნოლოგიურ რევოლუციას ახდენს კრიპტოსამყაროში და არა-მხოლოდ. გარდა კრიპტოვალუტებისა, მისი ბლოკჩეინ ტექნოლოგია დანერგილია და გამოიყენება სხვადასხვა ციფრულ ბაზარზე, სამედიცინო სფეროში და ა.შ.
შეუძლებელია ტექნოლოგიებით დაინტერესებული იყო და ერთხელ მაინც არ გაგეგოს ჭკვიანი კონტრაქტების, ანუ Smart Contract-ების შესახებ. დროის გასვლასთან ერთად კი, ის ჩვენს ცხოვრებაში უფრო დიდი დოზით იქნება ჩართული, სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში ჩვენ გავიგებთ რა არის ჭკვიანი კონტრაქტები, ვინ შექმნა ისინი, როგორ მუშაობს და როგორ დაგეხმარება შენ ის შენი საქმიანობა აქციო უფრო უსაფრთხო და კომფორტული.
რა არის და რისთვის გამოიყენება ჭკვიანი კონტრაქტები ანუ Smart Contracts?
ჭკვიანი კონტრაქტი ორ ადამიანს შორის კომპიუტერული კოდის დახმარებით დადებული შეთანხმებაა. ის ჩაშენებულია ბლოკჩეინში, რაც მის შეცვლას, წაშლას და ა.შ გამორიცხავს. როდესაც ორივე მხარის მიერ დათქმული პირობები შესრულდება, კონტრაქტი ავტომატურად მოდის ძალაში და აქტიურდება.
მუშაობის პრინციპის უკეთ გასაგებად, მარტივი მაგალითის მოყვანა დაგვჭირდება:
დავუშვათ ერთ ადამიანს სურს მეორე ადამიანის სახლი იყიდოს. მათ ამ შეთანხმების დადება ჭკვიანი კონტრაქტის დახმარებით უნდათ.
ისინი შეთანხმდნენ და ჭკვიან კონტრაქტში ჩაწერეს, რომ თუ პირველი ადამიანი 500 ეთერიუმს გადარიცხავს მეორე ადამიანის ციფრულ საფულეში, ის ავტომატურად გახდება სახლის მესაკუთრე. შემდგომ ეს ხელშეკრულება, ანუ Smart Contract გადაინაცვლებს ბლოკჩეინში და ის გარეგანი ზემოქმედებისგან სრულიად დაცული და უვნებელი ხდება.
თუ ორი ადამიანი ჭკვიან კონტრაქტებს არ გამოიყენებს და შეთანხმების დასადებად ტრადიციულ გზებს მიმართავენ, შუამავალი დასჭირდებათ, როგორიც მაგალითად ბანკია, სახელმწიფოა ან მისი რომელიმე ორგანიზაციაა.
სწორედ ბლოკჩეინია მიზეზი ჭკვიანი კონტრაქტების ეფექტურობისა. ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოიყენებოდეს არა მხოლოდ კრიპტოვალუტების სფეროში, არამედ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც შეთანხმების დადებას მოითხოვს, იქნება ეს უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა, ჯანდაცვა თუ სხვა.
ვინ შექმნა ჭკვიანი კონტრაქტები?
ჭკვიანი კონტრაქტების ცნება პირველად 1994 წელს გვხვდება და ის ამერიკელმა მეცნიერმა ნიკ საბომ გამოიყენა. მაშინ, მისი იდეა რეალურ სამყაროში ვერ დაინერგებოდა, რადგან ტექნოლოგიური განვითარება ამის საშუალებას არ იძლეოდა. საბო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად რჩება კრიპტო და ტექნოლოგიურ სამყაროში.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია გამოჩენისგან შორს იყო, მან გამოუშვა წიგნი სახელად „ჭკვიანი კონტრაქტები: ბლოკების შექმნა ციფრული მარკეტისათვის“.
ხოლო 2009 წელს, როდესაც ბლოკჩეინმა სინათლის შუქი იხილა, ჭკვიანი კონტრაქტები რეალობად იქცა. ეს ტექნოლოგია ადამიანებს უზოგავს დროს და ეხმარება რომ თავიდან აიცილონ შუამავლებით გამოწვეული უსიამოვნებები. შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი აქტივები, უძრავი ქონება და სხვადასხვა საკუთრება გაცვალონ მარტივად და უსაფრთხოდ, დროის მოკლე პერიოდში.
როგორ მუშაობს ჭკვიანი კონტრაქტები?
მარტივად რომ ვთქვათ, ბლოკჩეინში განთავსებული პირობების თანახმად, მომხმარებელი რომელიც შეთანხმებით გათვალისწინებულ კრიპტოვალუტას ჩარიცხავს შესაბამის ციფრულ საფულეში, ავტომატურად იღებს მეორე პირის აქტივს, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული.
შესაბამისად, მომხმარებლებს წინასწარ შეუძლიათ განსაზღვრონ პირობები. სმარტ კონტრაქტებს კი, რამოდენიმე უნიკალური ფუნქცია აქვთ:
Multi-Signature:
ტრანზაქციები და გადაცვლა განხორციელდება, როდესაც წინასწარ დათქმული პირობები სრულად შეთანხმდება
Utility to Other Smart Contracts:
ჭკვიანი კონტრაქტები შესაძლოა ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებული. მაგალითად, თუ ერთი კონტრაქტი შესრულდა, მითითებისამებრ, შესაძლოა ეს მეორე, სხვა კონტრაქტის ავტომატურ დასაწყისს ნიშნავდეს.
Store Information:
მაშინ, როდესაც კონტრაქტი დაიდება ან შესრულდება, ისინი ისტორიის სახით უცვლელად ინახებიან ბლოკჩეინში.
კონტრაქტის ასამოქმედებლად, მომხმარებელმა კოდი უნდა დაწეროს რამოდენიმე პროგრამულ ენაზე: Solidity ან Vyper. დამატებით, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ეთერიუმის ქოინი, რათა კონტრაქტი ძალაში შევიდეს.
რას გვაძლევს ჭკვიანი კონტრაქტები?
როგორც მიხვდით, ჭკვიანი კონტრაქტები ტექნოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, კონკრეტულად კი ისინი შემდეგ უპირატესობებს გვაძლევს:
- ჭკვიანი კონტრაქტები სრულად ხსნის ნდობის ფაქტორს, ვინაიდან ისინი წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად ავტომატურად აქტიურდებიან.
- ისინი დაფუძნებულნი არიან „თუ, მაშინ“ პრინციპზე, რაც ნიშნავს, რომ „თუ“ პირველი პირობა შესრულდა, „მაშინ“ მეორე პირობა ამოქმედდება. ეს კი, უსაფრთხოების უდიდესი გარანტია.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეთანხმებაში მესამე პირის არ არსებობაა. ეს კი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაზოგონ დრო და საკუთარი ფინანსები.
როგორ გამოიყენება ჭკვიანი კონტრაქტები რეალურ ცხოვრებაში?
მისი კომფორტულობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჭკვიანი კონტრაქტები შესაძლოა უამრავ სფეროში გამოიყენებოდეს და ამის მაგალითები არსებობს. ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში დაიწყო სხვადასხვა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Smart Contract-ების წარმატებით დანერგვა.
თუმცა შესაძლებლობები უსაზღვროა და მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიები არ შემოიფარგლებიან ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენებით.
დაზღვევა: პირველი კომპანია, რომელმაც ჭკვიანი კონტრაქტები გამოსცადა სადაზღვევო ინდუსტრიაში ფრანგული AXA იყო. თუკი ფრენა დაიგვიანებდა წინასწარ შეთანხმებულზე მეტი დროით, მგზავრებს ავტომატურად უნაზღაურდებოდათ მგზავრობის საფასური
სახელმწიფო უწყებები: ჭკვიანი კონტრაქტები კარგ გამოსავალს იძლევა საარჩევნო სისტემების დასახვეწად. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ხმების გაყალბება გამორიცხულია.
საბანკო სექტორი: მსოფლიოში ცნობილმა ესპანურმა BBVA ბანკმა პირველი, 75 მილიონიანი სესხი გასცა ჭკვიანი კონტრაქტის გამოყენებით.
შეჯამება: ჭკვიანი კონტრაქტები - მომავლის ტექნოლოგია
Smart Contract-ები ნამდვილად ტექნოლოგიური რევოლუციაა და ის ახლა იკიდებს ფეხს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაბამისად ჯერ კიდევ ბევრი ასპექტია დასახვეწი.
თუმცა, მისი სრულყოფის შემდგომ ის რეალურად იქცევა მომავლის ტექნოლოგიად, რომელიც ადამიანებს მისცემს უსაფრთხოებისა და სისწრაფის გარანტიას, ასევე შეუმცირებს შუამავლებისათვის გადასახდელ ხარჯებს.
ნელ-ნელა ჭკვიანი კონტრაქტები გახდებიან ყოველდღიური ოპერაციების გამტარებელი ობიექტები, ისევე, როგორც თავის დროზე ბანკები, რომლებმაც ციფრული პროდუქტები დანერგეს მომხმარებლებისათვის.