Სარჩევიchevron-down
ბიტკოინი და ა.შ.შ.-ს რეზერვები - რა ხდება?
რა არის ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი?
როგორ მუშაობს რეზერვი?
ბიტკოინის ფასი - რატომ შემცირდა ის?
რას ნიშნავს ეს კრიპტო სამყაროსთვის?
შეჯამება
georgian text about Bitcoin Reserve 1000x300
2025-03-12clock7 minutes

ბიტკოინი და ა.შ.შ.-ს რეზერვები - რა ხდება?

გასულ კვირას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფმა თეთრმა სახლმა დააანონსა პროექტი, რომელსაც მთლიანი კრიპტო ინდუსტრია სიხარულით შეხვდა - ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი.

2025 წლის 6 მარტს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ა.შ.შ.-ს სტრატეგიული რეზერვები ბიტკოინსა და სხვა კრიპტო აქტივებში. ეს ბიტკოინისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს, კრიპტო აქტივი, რომელიც პირველად 2009 წლის იანვარში გაეშვა, ა.შ.შ-ს სტრატეგიულ რეზერვს შეუერთდა. გარდა ბიტკოინისა, ეს გარდამტეხი ისტორიული მოვლენა გამოდგა მთლიანად ციფრული აქტივების ინდუსტრიისთვის. გადადგმული ნაბიჯი ასახავს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას, სადაც ა.შ.შ-ს მთავრობა ბიტკოინს აღიარებს სტრატეგიულ აქტივად, ზუსტად ისეთი ტრადიციული რეზერვის მსგავსად, როგორიც მაგალითად ოქროა.

სოციალურ ქსელ Truth Social-ში ტრამპის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ პოსტში საუბარი იყო, რომ ის კრიპტო აქტივების მარაგს შექმნიდა, რომელშიც ბიტკოინი (BTC), ეთერუმი (ETH), რიპლი (XRP), სოლანა (SOL) და კარდანო (ADA) შევიდოდნენ.

მარაგში სოლანას არსებობამ ბევრი საუბარი გამოიწვია, რადგან ინაუგურაციამდე პრეზიდენტმა ტრამპმა სოლანას ბლოკჩეინზე დაფუძნებული მიმქოინიშექმნა და მას “ოფიციალური ტრამპ ქოინი” უწოდა.

თუმცა, რას ნიშნავს ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი, როგორ იმუშავებს ის და ზოგადა, რა გავლენა ექნება ბიტკოინის ფასზე? - ამ საკითხებზე მიმდინარე ბლოგში ვისაუბრებთ.

რა არის ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი?

სტრატეგიული რეზერვი არის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მნიშვნელოვანი აქტივების მარაგი, რომელიც შექმნილია ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ არასტაბილურობასთან ან მსგავს რისკებთან დაკავშირებული პრობლემების გასამკლავებლად. ა.შ.შ-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარაგი ნავთობის სტრატეგიული რეზერვია (SPR), რომელიც ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემის გადასაჭრელად არსებობს. გარდა ამისა, მთავრობები - მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები - ფლობენ ოქროსა და სხვა, უცხოური ვალუტების რეზერვებს თავიანთი ეროვნული ეკონომიკების სტაბილიზაციისთვის.

ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, შეერთებული შტატების მთავრობა გააერთიანებს ყველა ბიტკოინს, რომელიც ამოღებულია სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კონფისკაციის გზით და შეინახავს მათ, როგორც სარეზერვო აქტივს - ზუსტად ისე, როგორც ოქროსა და ნავთობს.

ინიციატივის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ბიტკოინის რეზერვი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფინანსური არასტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული დაცვის მექანიზმი, განსაკუთრებით ისეთ მომავალში, სადაც პოტენციურად შესაძლებელია, რომ კრიპტო აქტივმა ტრადიციული ვალუტები ჩაანაცვლონ. მათი მტკიცებით, ბიტკოინის ყიდვა სახელმწიფოს ვალის შემცირებაში შეტანილი წვლილია. თუმცა, მეორე მხრივ თუ ა.შ.შ. გაყიდის მის მფლობელობაში არსებულ BTC-ს, ამან შესაძლოა ბიტკოინის ფასი საგრძნობლად შეამციროს.

ბიტკოინის რეზერვის შექმნის მომხრეების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეიძლება აშშ დოლარი და ეკონომიკა სწორად ვერ წარმართოს.

თუმცა, კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ იდეას, რომელიც ამერიკის ფინანსური მომავლის მიბმას მაღალი რისკის მქონე სპეკულაციურ აქტივზე გულისხმობს. ისინი ფიქრობენ, რომ რეზერვის შექმნა უბრალოდ სტრატეგიული სვლაა გაზარდონ ბიტკოინის ფასი ინვესტორებისთვის, მათ შორის იმ 30 აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომლებიც ცოტა ხნის წინ ტრამპს თეთრ სახლში ესტუმრნენ.

ყველაფრის მიუხედავად, ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნა ნიშნავს, რომ ა.შ.შ-ს მთავრობა ბიტკოინს განიხილავს, როგორც ტრადიციულ სარეზერვო აქტივად - ოქროსა და სხვა ქვეყნების ვალუტების მსგავსად. ეს ნაბიჯი, აქტივის ვოლატილური ხასიათის მიუხედავად, ბიტკოინის ლეგიტიმაციას ახდენს, როგორც მომავლის აქტივად.

როგორ მუშაობს რეზერვი?

თეთრის სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბიტკოინის რეზერვი მთლიანად სამართალ დამცავების მიერ ჩამორთმეული ბიტკოინისგან შეიქმნება. ა.შ.შ-ს მთავრობა უკვე ფლობს $17 მილიარდის ღირებულების BTC, რომლებიც წლების განმავლობაში იქნა ჩამორთმეული სხვადასხვა ლეგალური პროცესების შედეგად. ზოგადად, ხაზინა ამ აქტივებს ყიდის, რათა გარკვეული ხარჯები დაფაროს, იქნება ეს მსხვერპლთა კომპენსაცია თუ სამართალ დამცავი ორგანოების საქმიანობა.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ახალი ბიტკოინის საყიდლად გადასახადთა გადამხდელების ფული არ დაიხარჯება. თუმცა, ბრძანება ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტს ნებას აძლევს ახალი ბიტკოინის საყიდლად სხვა გზა გამონახონ და რეზერვი მხოლოდ ჩამორთმეულ ბიტკოინზე არ იყოს დამოკიდებული.

ბიტკოინის ფასი - რატომ შემცირდა ის?

როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ტრამპი აღმასრულებელი ბრძანების (EO) ხელმოსაწერად 2025 წლის 7 მარტისთვის დაგეგმილ კრიპტო სამიტამდე ემზადებოდა, ბიტკოინის ფასი $90,000 გადასცდა. თრეიდერები ვარაუდობდნენ, რომ ა.შ.შ-ს მთავრობა აქტიურად დაიწყებდა ბიტკოინის ყიდვას, განსაკუთრებით იმ პირობებში რომ ჯამური 21 მილიონიანი მარაგიდან მიმოქცევაში სულ რაღაც 1.5 მილიონი ბიტკოინი არის დარჩენილი.

თუმცა, მას შემდგომ რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რეზერვების შესავსებად ჩამორთმეულ ბიტკოინს გამოიყენებდა და აქტივის ყიდვას არ დაიწყებდა, ფასის პოზიტიური ტრენდი უკან წამოვიდა. გაურკვევლობას ისიც ემატება, რომ აღმასრულებელი ბრძანება კანონი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გაუქმება მომავალ პრეზიდენტს შეუძლია თუ კონგრესი მას კანონად არ აქცევს, შესაბამისად ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის გრძელვადიანი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ხუთშაბათს საღამოს, მას შემდეგ რაც ტრამპმა ოფიციალურად მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, ბიტკოინის ფასი $90,000-დან დაახლოებით $85,000-მდე დაეცა. ინვესტორებმა, რომლებმაც რეზერვის შექმნამდე დიდი რაოდენობის ბიტკოინის ყიდვა დაიწყეს, ახლა პირიქით მოიქცნენ და თავიანთი აქტივები გასაყიდად გამოიტანეს, ამან კი აქტივის ფასი რამდენიმე საათში კიდევ უფრო დააგდო და BTC $82,000 ჩამოსცდა.

კრიპტო ბაზრის რეაქციამ ხაზი უფრო დიდ პრობლემას გაუსვა - უამრავ ტრეიდერს ეგონა, რომ ბიტკოინის რეზერვი ცენტრალური ბანკის რეზერვის მსგავსად იფუნქციონირებდა, რომელიც ოქროს ინახავს. ჩამორთმეულ ბიტკოინზე დამოკიდებულებამ კი, კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა რეზერვი პოლიტიკური ნაბიჯი და არა კარგად სტრუქტურირებული ეკონომიკური სტრატეგია. ის ფაქტი, რომ ა.შ.შ-ის მთავრობის ბიტკოინის მარაგი მთლიანად კონფისკაციით შეივსებოდა და არა ღია ბაზარზე პირდაპირი შესყიდვის გზით, შეშფოთება წამოჭრა და ლეგიტიმური კითხვები გააჩინა, ხომ არ არის ეს ჩამორთმეული აქტივების ლეგალურად მონეტიზაციის საშუალება.

დამატებით, ზოგიერთმა ინვესტორმა ტრამპის გეგმა ბიტკოინის ფუნდამენტურ ფასეულობებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. BTC რეალურად დეცენტრალიზებული და მასშტაბური აქტივია, რომელშიც მსოფლიოს გარშემო არსებული მილიონობით კომპიუტერია ჩაბმული, მასში სახელმწიფოს ჩართულობა სრულად გამორიცხავს დეცენტრალიზაციასა და ბიტკოინის პრინციპების დაცვას.

რას ნიშნავს ეს კრიპტო სამყაროსთვის?

ტრამპის ინიციატივამ შექმნილიყო ბიტკოინის რეზერვები ორმხრივი შეფასებები გამოიწვია - როგორც მოწონება, ისე სკეპტიციზმი. ეს კი, ხაზს უსვამს კრიპტო ინდუსტრიაში არსებულ დაძაბულობაზე ციფრული აქტივების სამყაროში სახელმწიფოს გამოჩენასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როგორ იმუშავებს რეზერვები ან რა სარგებელს მოუტანს გადასახადის გადამხდელებს. ტრამპის პრო-კრიპტო პოზიციამ - კრიპტო ინდუსტრიისა და რესპუბლიკელი დონორებისგან მიღებული მილიონობით დოლარის შემოწირულობის შემდეგ - დაძაბულობა გამოიწვია ორივე ფლანგს შორის. მათი აზრით ინიციატივა შეიძლება მდიდარი ელიტის ძალაუფლების ზრდას და პარალელურად, ციფრული სამყაროს შესუსტებას ემსახურებოდეს.

წლების განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტო სამყაროს მიმართ მკაცრ შეზღუდვებს ინარჩუნებდა, ტრამპის ინიციატივა კი, ბიტკოინის ადაპტაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, რეზერვების მართვის მკაფიო სტრატეგიის არ არსებობამ, პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებულ ეჭვებთან ერთად ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. თუკი მთავრობა არაკეთილსინდისიერად ან არაგონივრულად წარმართავს პროცესებს, გაატარებს გაუმჭვირვალე პოლიტიკას, შეეცდება ხელოვნურ მანიპულაციებს ან სხვა მსგავს ქმედებებს ჩაიდენს, ამან ბიტკოინის რეპუტაციას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

დამატებით, ტრამპის მხარდაჭერა კრიპტო ინდუსტრიის მიმართ ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. ცოტა ხნის წინ მან და მისმა ოჯახმა მიმ ქოინი ჩაუშვა მიმოქცევაში, რომლის ღირებულებაც რამდენიმე დღეში დრამატულად დაეცა.

მომდევნო კვირები აუცილებლად გვაჩვენებს, ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნა რეალურად ფინანსური მოდერნიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს თუ ეს უბრალოდ მაღალი რისკის შემცველი ექსპერიმენტია. ამ ეტაპზე კი, გაურკვევლობა კვლავ დიდ გავლენას ახდენს ციფრული აქტივების ბაზარზე და ბიტკოინის ზოგად როლზე ა.შ.შ-ს ეკონომიკურ პოლიტიკაში.

შეჯამება

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2025 წლის 6 მარტის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე ა.შ.შ-ს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოების სტრატეგიული რეზერვი შეიქმნა და ამით, ციფრული აქტივები ოქროსა და სხვა მნიშვნელოვანი სარეზერვო აქტივების გვერდით მოხვდა. რეზერვი მხოლოდ ჩამორთმეული ბიტკოინით შეივსება და დაემატება ა.შ.შ.-ს ხაზინაში აქამდე არსებულ $17 მილიარდის ღირებულების BTC-ს.

თავდაპირველად, გავრცელებულმა ინფორმაციამ აქტივზე პოზიტიურად იმოქმედა და ბიტკოინის ფასი $90,000 გადასცდა. ტრეიდერების აზრით, ა.შ.შ-ს მთავრობა აქტიურად დაიწყებდა BTC შესყიდვას. თუმცა, მას შემდგომ რაც ცნობილი გახდა, რომ რეზერვი სრულად კონფისკირებული BTC-სგან შეიქმნებოდა, ბიტკოინის ღირებულება $82,000-მდე ჩამოვიდა.

კრიპტოს სტრატეგიული რეზერვის გრძელვადიანი გავლენა გაურკვეველია, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, როდესაც აღმასრულებელ ბრძანებას კანონის ძალა არ აქვს და მისი შეცვლა მომავალ პრეზიდენტს მარტივად შეუძლია. მომავალი კვირები აუცილებლად გვიჩვენებს, რა როლი ექნება კრიპტო ინდუსტრიაზე ტრამპის ინიციატივას და ზოგადად, ეს ნაბიჯი რეალური ფინანსური მოდერნიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია თუ სარისკო ეკონომიკური ექსპერიმენტია.

Support