bitcoin-halving-geo-1000x300
2023-07-28clock6 minutes

ბიტკოინის განახევრება: რას ნიშნავს ეს და როგორ იმოქმედებს ფასებზე?

ბიტკოინის ყოველი 210 000 ბლოკის შექმნის შემდგომ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც განახევრება ქვია - ანუ მაინერები, უფრო ნაკლებ და ნაკლებ ჯილდოს იღებენ.

პარალელურად კი, ცირკულაციაში უფრო ცოტა ბიტკოინი ეშვება. შესაბამისად იკლებს მაინერებისათვის მისაღები ჯილდოც.

ჰალვინგის პროცესი კი გაგრძელდება მანამ, სანამ ცირკულაციაში არსებული ბიტკოინების რაოდენობა 21 მილიონს არ მიაღწევს, რაც 2140 წლისათვის არის ნავარაუდები.

თავად კრიპტოვალუტა დამყარებულია Proof of Work მუშაობის პრინციპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ ტრანზაქციას ძლიერი კომპიუტერები ადასტურებენ სხვადასხვა რთული მათემატიკური თავსატეხების ამოხსნით, შემდგომ კი დადასტურებული ტრანზაქცია ქსელში, ერთ-ერთ ბლოკში სამუდამოდ გადაინაცვლებს.

ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით რას ნიშნავს ჰალვინგი, ანუ განახევრება და როგორ იმოქმედებს ის კრიპტოვალუტაზე.

რა არის ბიტკოინის ჰალვინგი, ანუ განახევრება?

ბიტკოინის განახევრება კრიპტოს ეკოსისტემაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ის მის პირვანდელ კოდშია ჩაწერილი.

კონკრეტულად რა როლს ასრულებს განახევრება?

  • ლიმიტირებული მიწოდება

ყოველი განახევრების შემდგომ, ბიტკოინის მაინინგისათვის ჯილდო უფრო მცირდება, ხოლო მაინინგისთვის საჭირო დრო იზრდება. პირველ განახევრებამდე დღეში დაახლოებით 1800 ბიტკოინი მაინინგდებოდა, 2020 წლის განახევრების შემდგომ კი, ეს რიცხვი 900-მდე შემცირდა. ეს კონტროლირებადი განახევრება კი საბოლოოდ ლიმიტირებულ მიწოდებას იწვევს. შესაბამისად, დროის გასვლასთან ერთად ბიტკოინის მაინინგი უფრო რთული ხდება, აქტივი კი უფრო ფასეული.

  • კრიპტო ინფლაცია

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კონტროლირებადი განახევრების პროცესი, მნიშვნელოვანი ასპექტია. ის უზრუნველყოფს ჯამური ბიტკოინების რაოდენობის ცირკულაციაში იმ დოზით ჩაშვებას, რომ ინფლაციური პროცესები არ წარიმართოს. რაც უფრო მცირეა მაინინგის შედეგად გამომუშავებული ჯილდო და რაც უფრო დიდი დრო სჭირდება პროცესს, კრიპტოვალუტა მით უფრო ფასეული ხდება.

  • ფასის ზრდა

რაც უფრო მეტია მოთხოვნა, ხოლო მიწოდება ნაკლები, ლოგიკურია რომ აქტივის ფასიც იმატებს. ბიტკოინი ისედაც ლიმიტირებული აქტივია, სულ 21 მილიონი ჩაეშვება ცირკულაციაში, ხოლო დროის გასვლასთან ერთად, მისი მაინინგიც რთულდება და ესეც მოქმედებს ფასის ზრდაზე.

  • მაინერები

ბიტკოინის განახევრება აუცილებლად აისახება მაინერების მოქმედებაზე. მაინინგის ჯილდოს განახევრებასთან ერთად, მაინერები უფრო ნაკლებ ბიტკოინს გამოიმუშავებენ. ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა მაინერების სერიოზული შემცირება გამოიწვიოს.

როგორ აისახება განახევრება, ანუ ჰალვინგი ბიტკოინის ფასზე?

ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განახევრების პროცესი ბიტკოინის ფასზე გრძელვადიან პერიოდში პოზიტიურად მოქმედებს.

მაგალითად, 2012 წლის განახევრების შემდგომ, ბიტკოინის ფასმა მაშინდელ რეკორდულ ნიშნულს 2013 წლის ნოემბრისთვის მიაღწია და $1000 შეადგინა. სწორედ ამ მატების შემდგომ დაინტერესდა უამრავი ადამიანი ამ კრიპტოვალუტის შეძენით.

მსგავსად, 2016 წლის განახევრების შემდგომ, ბიტკოინის ფასმა კიდევ ერთხელ მიაღწია ისტორიულ ნიშნულს, ახლა უკვე 2017 წლის 18 დეკემბერს, როდესაც კრიტპოვალუტამ $20 000-იანი ნიშნული დააფიქსირა. 2016 წლის განახევრებისა და ფასის ასეთი რადიკალური ზრდის შემდგომ, ბიტკოინის ციებ-ცხელებაც დაიწყო.

ლიმიტირებული მიწოდებისა და მუდმივად ზრდადი მოთხოვნის კომბინაცია დეფიციტს ქმნის, რაც ბიტკოინის ფასის ზრდის მაპროვოცირებელია. ამ ყოველივეს შემდგომ კი, ბუნებრივია აქტივით ბევრი ადამიანი ინტერესდება.

როგორ და რატომ იღებენ მაინერები ჯილდოებს?

ამჟამად, ბიტკოინის მაინინგი აქტიურ ფაზაშია და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ადამიანები ამ პროცესით არიან დაკავებულნი. მაინინგის ორი ეტაპი არსებობს, ინდივიდუალური და ჯგუფური.

ინდივიდუალური მაინინგის შემთხვევაში მაინერები მარტო ცდილობენ რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნას და მთლიანი ბიტკოინის ჯილდოს სახით მიღებას, ხოლო ჯგუფურის შემთხვევაში ადამიანები თანხმდებიან, რომ მაინინგს ეწევიან ერთობლივი ძალებით, ჯილდოს კი პროპორციულად ინაწილებენ.

ახალი ბიტკოინის წარმოქმნის ეტაპი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიტკოინის ქსელში ახალი ბლოკების გაჩენასთან, შესაბამისად ყოველი ახალი ბლოკის წარმოქმნით, მაინერები ჯილდოვდებიან ბიტკოინის ქოინით. ისინი ასრულებენ ვალიდატორისა და დამდასტურებლის როლს.

ცირკულაციაში ჩასაშვები ბიტკოინის რაოდენობა შემცირდება?

როდესაც 2140 წლისათვის ბიტკოინი თავის მაქსიმალურ რაოდენობას, 21 მილიონს მიაღწევს, ახალი ქოინები ცირკულაციაში აღარ ჩაეშვებიან და შესაბამისად მაინერებიც ვეღარ გამოიმუშავებენ ჯილდოებს. სწორედ ამ მომენტისთვის, ყველა ბიტკოინი, რომელიც თეორიულად უნდა არსებობდეს, ცირკულაციაში იქნება ჩაშვებული.

თუმცა, ბოლო ბიტკოინის დამაინინგებასთან ერთად, ბიტკოინის ქსელი მაინც გააგრძელებს ოპერირებას და მაინერები ჯილდოებს დადასტურებული ტრანზაქციების გამო მიიღებენ. ანუ, სხვადასხვა ტრანზაქციებიდან მათ გარკვეული საკომისიო შეხვდებათ.

ტრანზაქციის საკომისიოს მოცულობა შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული ტრანზაქციის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, შესაბამისად რაც უფრო პრიორიტეტული იქნება რომელიმე გადარიცხვა, მაინერიც მით უფრო დიდ საკომისიოს მიიღებს და შესაბამისად გაიზრდება ბიტკოინის გადარიცხვის სისწრაფეც.

ბიტკოინის განახევრების თარიღები

  • 2012 წლის ნოემერბი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 50 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 25 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $12.35
    ფასი 5 თვის შემდეგ: $127
  • 2016 წლის ივლისი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 25 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 12.5 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $650
    ფასი 5 თვის შემდეგ: $758
  • 2020 წლის მაისი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 12.5 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 6.25 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $8600
    ფასი 5 თვის შემდეგ: $15420

განახევრება, ანუ ჰალვინგი ყოველ 4 წელში ერთხელ არის, შესაბამისად მომავალში 2024 და 2028 წლებში იქნება.

შეჯამება: ბიტკოინის ჰალვინგი - კრიპტო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა?

ბიტკოინის განახევრებისას, როდესაც მაინერები სულ უფრო ნაკლებ ჯილდოს იღებენ, ხოლო მოთხოვნა უცვლელი რჩება, იწვევს კრიპტოვალუტაზე ფასის ზრდას.

ეკონომიკური პრინციპები და ისტორიული მონაცემები კი გვეუბნება, რომ ბიტკოინზე სწორედ ამ დროს იზრდება რეკორდულად ფასი.

უამრავი თრეიდერი თვლის, რომ კრიპტოვალუტის საყიდლად საუკეთესო დრო სწორედ განახევრების დაწყებამდეა და სწორედ ამაზე მოწმობს სტატისტიკაც.

Support