
ხელოვნური ინტელექტი - DeepSeek, Chat GPT და სხვა.
ჩინური AI სტარტაპის, DeepSeek-ის გამოჩენამ გლობალური ბაზარი სრულად შეარყია. აპლიკაცია მალევე გახდა ჩამოტვირთვების ლიდერი და თავისი კვალი ა.შ.შ.-ს ტექნოლოგიურ ბაზარსაც დაატყო.
სტარტაპმა თავისი პირველი AI მოდელი, სახელად DeepSeek R1 იანვარში გაუშვა. დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათი ქმნილება Open AI-ის Chat GPT-ის პირდაპირი კონკურენტია და მას შედეგებში საერთოდაც არ ჩამოუვარდება, იმის პარალელურად, რომ DeepSeek-ის შექმნას გაცილებით ნაკლები რესურსი დასჭირდა.
მისმა გამოჩენამ და სწრაფმა აღმავლობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ინვესტორებში. ხელოვნური ინტელექტის შესამუშავებლად საჭირო მოწყობილობების მწარმოებელმა Nvidia-მ მილიარდობით დოლარი დაკარგა და რაც მთავარია - გაჩნდა კითხვა, კვლავ შეუძლია თუ არა ამერიკას ტექნოლოგიური და AI დომინანტობის შენარჩუნება.
რა არის ხელოვნური ინტელექტი?
იმისათვის, რომ DeepSeek-ის გავლენა კარგად გავიაზროთ, პირველ რიგში საჭიროა ჩავწვდეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობას - კომპიუტერები აალაპარაკოს ადამიანებივით.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია კომპიუტერებს შესაძლებლობას აძლევს, დიდი მოცულობის ინფორმაციის გაანალიზების წყალობით, გაიგოს, შეისწავლოს და ამოხსნას მის წინაშე დასახული პრობლემები. ეს ყველაფერი კი, იმის პარალელურად რომ მათ ადამიანის მსგავსად მოქცევა და კომუნიკაცია შეუძლიათ.
ბოლო პერიოდში, AI ტექნოლოგიებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, სწორედ ისეთი მოდელების დამსახურებით, როგორიც ChatGPT და DeepSeek არიან. ეს მოწყობილობები ჩვენთან უკეთ საკომუნიკაციოდ ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციას ამუშავებენ, იქნება ეს თავად მომხმარებლების მიერ მიწოდებული თუ ინტერნეტში მოძიებული. სწორედ დასწავლის უნარის წყალობით შეუძლიათ AI მოდელებს ახალი, უნიკალური კონტენტის გენერაცია.
თუმცა, მათი პროგრესის მიუხედავად, კვლავინდებურად არის შანსები, რომ გარკვეული ინფორმაციის მოწოდებისას შეცდომები დაუშვან, ისინი ხომ ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში არიან.
მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანია დამოკიდებული ChatGPT-ის მსგავს AI მოდელებზე, იქნება ეს მეილების შედგენა, ტექსტის შეჯამება, კოდის წერა თუ სასწავლო პროცესის წარმართვა.
რა არის DeepSeek AI?
DeepSeek არის AI მოდელი, რომელიც ფუნქციებით, დიზაინითა და გამოყენებით ძალიან წააგავს ChatGPT-ის. თუმცა, მისი ეფექტურობა, უამრავ ადამიანს შორის კამათისა და დავის საკითხია.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვლინდება, რომ DeepSeek R1 აქვს Open AI-ის o1 მოდელის შესაძლებლობები, ისეთ სფეროებში როგორიც კოდის წერა და სხვადასხვა მათემატიკური დავალებების ამოხსნაა. ჩატ ჯიპიტის o1 მოდელი კი, ჯერ კიდევ ადრეულ 2023 წელს გამოვიდა. O1-ის მსგავსად, R1-იც იმავე პრინციპზე მომუშავე მოდელია - პასუხებს აგენერირებს ისე, როგორც ამას ადამიანი იზამდა.
DeepSeek-ის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, მისი ხელმისაწვდომობაა. დეველოპერების მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელის შემუშავებას სულ რაღაც $6 მილიონი დასჭირდა, შედარებისთვის, OpenAI-ის CEO სემ ალტმანის თქმით, GPT-4-ის შემუშავება $100 მილიონზე მეტი დაჯდა.
კომპანიამ ასევე შეძლო და გვერდი აუარა ა.შ.შ-ს ჩიპებზე დაწესებულ აკრძალვებს. სავარაუდოდ, DeepSeek-ის დამფუძნებელი დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა მოდელის შესაქმნელად საჭირო Nvidia A100 ჩიპებს - მათი ჩინეთში ექსპორტი 2022 წელს აიკრძალა. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ მან შედარებით იაფი ალტერნატივაც გამოიყენა.
ხარჯების შემცირების ნაწილში, კომპანიამ გადაწყვიტა რომ AI მოდელს მის კონკურენტებთან შედარებით ნაკლები მახსოვრობა ჰქონოდა, ამით კი ის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. სიიაფისა და ეფექტურობის კომბინაციამ, Apple-ის App Store-ში AI მოდელი ერთ-ერთ ყველაზე ჩამოტვირთვად აპლიკაციად აქცია.
თუმცა, DeepSeek-ის წარმომადგენლების თქმით, გაშვების დღეს მათ მძლავრი, დიდი კიბერ შეტევა მოიგერიეს, რამაც აპლიკაციას კვალი მაინც დაატყო - მისი გამოყენება შეზღუდული რაოდენობის ადამიანებმა შეძლეს.
დამატებით კი, სხვა ჩინური AI მოდელების მსგავსად - Baidu-ს Ernie და Bytedance-ის Doubao – DeepSeek-იც შეზღუდულია პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისგან.
DeepSeek vs Chat GPT
ორივე, DeepSeek და ChatGPT, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების კარგი მაგალითია, თავიანთი უნიკალური თვისებებითა და გამოხატული უპირატესობებით. Open AI-ის მიერ შექმნილმა Chat GPT რეალურად დააწესა AI სტანდარტი, რაც მანამდე არ არსებობდა, ხოლო DeepSeek იაფ და ხელმისაწვდომ ალტერნატივად მოგვევლინა. DeepSeek-ის შემქმნელების თქმით, მათ მოდელს Chat GPT-ის შესაძლებლობები აქვს ისეთ საკითხებში, როგორიც მაგალითად კოდის წერაა, ეს ყოველივე კი, გაცილებით ნაკლები დანახარჯებით იქნა მიღწეული. Open AI-იმ GPT-ის შესაქმნელად დიდი თანხები დახარჯა, თუმცა შედეგიც მისი უამრავი მომხმარებლისთვის თვალსაჩინოა.
გარდა პერფორმანსისა, ChatGPT-ის გლობალურად უფრო სანდო რეპუტაცია გააჩნია, ეს კი მეტ მომხმარებელს ნიშნავს. ადამიანების აქტიური გამოყენების შედეგად, Open AI-ის მოდელს მიეცა საშუალება წვდომა ჰქონოდა დიდ ინფორმაციაზე, რომლის წყალობითაც ის საგრძნობლად განვითარდა.
DeepSeek-ის მინიმალური მეხსიერებიდან და დაბალი ხარჯებიდან გამომდინარე კი, ის კარგ ალტერნატივად შეიძლება ისეთი ბაზრებისთვის ჩაითვალოს, როგორიც მაგალითად ჩინეთია.
მოკლედ, DeepSeek-ის გამოჩენა და სწრაფი აღმავლობა იმის ნათელი მაგალითია, რომ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ინდუსტრია, ჯერ კიდევ ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს ახალი მოთამაშეების სახით. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT კვლავაც რჩება მთავარ მოდელად, DeepSeek და სხვა ალტერნატივები, კარგ კონკურენციას ქმნიან დარგის კიდევ უფრო განსავითარებლად და ინოვაციების დასანერგად.
თუმცა, მთავარი შეკითხვაა, როგორ განვითარდება AI ინდუსტრია, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს და რაც მთავარია, როგორ დაგვეხმარება ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს?