
რა არის Google VEO3?
Google VEO3 არის Google-ის ხელოვნური ინტელექტის ვიდეოგენერაციის უახლესი თაობა, შექმნილი DeepMind-ის მიერ, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ მაღალი ხარისხის ვიდეოები ტექსტური ან ვიზუალური პრომპტებიდან.
წინა ვერსიებისა და მრავალი კონკურენტი პლატფორმისგან განსხვავებით, VEO3-ს შეუძლია ერთიან პროცესში როგორც ვიდეოს, ისე სინქრონიზებული აუდიო დიალოგების, ხმოვანი ეფექტებისა და ფონური ხმაურის გენერაცია. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მარკეტინგული კამპანიების, კონტენტ-კრეატორებისა და დეველოპერებისთვის, რომლებსაც სურთ სწრაფი და ხარისხიანი პროდუქტების წარმოება.
VEO3 ხელმისაწვდომია Google-ის რამოდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის Gemini, Google Vids და Flow-ში, ასევე Gemini API-სა და Vertex AI-ის საშუალებით დეველოპერებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან დაახლოებით 8-წამიანი ვიდეოები, ხოლო ბიზნესებსა და პროფესიონალ მომხმარებლებს გაფართოებული შესაძლებლობები აქვთ პრემიუმ ანგარიშებითა და დამატებითი სერვისებით.
როგორ მუშაობს Google VEO3?
Google VEO3 იყენებს მოწინავე AI სწავლების მოდელებს, რათა ტექსტური აღწერილობები ან ვიზუალური მითითებები გადაიქცეს გენერირებულ ვიდეო კლიპებად. მომხმარებელი პრომპტში უთითებს დეტალებს, როგორიცაა გარემო, პერსონაჟები, მოქმედებები, კამერის კუთხეები და სასურველი ხმოვანი ფონი. თუ პლატფორმას სურათიც მიეწოდება, VEO3 ინარჩუნებს ვიზუალურ სტილსა და კომპოზიციას უკეთესი თანმიმდევრულობისთვის.
მისი უნიკალური უპირატესობა არის ის, რომ ვიდეოსთან ერთად სინქრონულად გენერირდება აუდიო დიალოგები, ფონური ხმები და ეფექტები ერთიან რენდერინგში. პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისებით, იქნება ეს Gemini თუ Google Vids, ასევე დეველოპერული ინსტრუმენტებით, როგორიცაა Gemini API და Vertex AI.
Google VEO3 გამოყენება საქართველოში:
Google VEO3-ის გამოყენება საქართველოში არც ისე მარტივი, მაგრამ შესაძლებელია თუ Google-ის ანგარიში გაქვთ. უშუალო ინსტრუქცია მარტივია, შედით თქვენს ანგარიშში და გახსენით Gemini-ის ვებვერსია ან მობილური აპი. მოძებნეთ “Video generation - Veo 3” ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 8-წამიანი მოკლე ვიდეოების შესაქმნელად. თუ გჭირდებათ უფრო გრძელი ვიდეოები ან გაფართოებული ფუნქციები, განიხილეთ Google AI Pro ან Ultra გეგმაზე გადასვლა.
ჩაწერეთ პრომპტი ანუ აღწერილობა ქართულად ან ინგლისურად, აღწერეთ სასურველი ვიზუალი, მოქმედებები და აუდიო ელემენტები. სურვილის შემთხვევაში, ატვირთეთ სურათი მეტი ვიზუალიზაციისთვის. დააჭირეთ “Generate”-ს ვიდეოს შესაქმნელად და დაელოდეთ შედეგს.
პროფესიული სამუშაოებისთვის შესაძლებელია ასევე Google Vids-ის, Flow-ს ან დეველოპერული API-ების, როგორიცაა Gemini API და Vertex AI, გამოყენება.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, საქართველოში Flow პლატფორმის გამოყენებისათვის გჭირდებათ VPN და ა.შ.შ.-ში რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ფასები და წვდომა
Google VEO3 უზრუნველყოფს წვდომის (Plan) რამდენიმე დონეს, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. საბაზისო Plan Gemini-ის მეშვეობით საშუალებას გაძლევთ უფასოდ შექმნათ შეზღუდული რაოდენობის 8-წამიანი ვიდეოები.
გაფართოებული შესაძლებლობებისთვის, გრძელი ვიდეოები, სწრაფი რენდერინგი და მაღალი გარჩევადობა, შესაძლებელია Google AI Pro ან Ultra გეგმებზე გადასვლით. პრემიუმ პაკეტები ასევე ხსნის დამატებით კრეატიულ ინსტრუმენტებს Google Vids-სა და Flow-ში.
ხელმისაწვდომობა განსხვავდება რეგიონების მიხედვით, ამიტომ მომხმარებლებმა საქართველოდან უნდა გადაამოწმონ Google-ის ოფიციალურ AI სერვისების გვერდზე ფასებიცა და შესაძლებლობებიც, რაც კონკრეტულ პაკეტს თან ახლავს.
VEO3 vs სხვა AI ვიდეო პლატფორმები - Runway, Sora, Pika და ა.შ.
ბევრი AI ვიდეო პლატფორმა ქმნის შთამბეჭდავ ვიზუალს, თუმცა Google VEO3 გამოირჩევა იმით, რომ შეუძლია ერთ რენდერინგში როგორც ვიდეოს, ისე სინქრონიზებული აუდიოს გენერაცია. მაგალითად, OpenAI-ის Sora უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ვიზუალს და უფრო გრძელ კლიპებს, მაგრამ არ აქვს ბუნებრივი აუდიოს შექმნის ფუნქცია.
Runway-ის Gen-3 და Pika გვთავაზობს ძლიერ რედაქტირების გარემოს და ვიზუალურ ეფექტებს, თუმცა ხმოვანი ელემენტების დამატება ცალკე ინსტრუმენტებით ხდება. Luma Dream Machine და Kling გამოირჩევა მოძრაობის რეალიზმით, მაგრამ აუდიო ინტეგრაციას მაინც გარე პროგრამები სჭირდება.
მარკეტერებისა და კონტენტ-კრეატორებისთვის VEO3-ის ერთიანი პროცესის წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება დრო, განსაკუთრებით ხმოვანი შინაარსის კონტენტის ან რეკლამის შექმნისას. Google-ის ეკოსისტემაში ინტეგრაცია ასევე უზრუნველყოფს სრულ თავსებადობას Google Vids, Flow და Workspace ინსტრუმენტებთან.
Prompt რჩევები - ვიდეოს შექმნის სახელმძღვანელო
Google VEO3-ისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად, პრომპტი დაწერეთ ისე, თითქოს ფილმის კადრების სია ქმნით. მკაფიოდ მიუთითეთ გარემო, პერსონაჟები, მოქმედებები და კამერის მოძრაობა, ასევე სასურველი აუდიო, დიალოგის ტონი, ფონის ხმები ან ხმოვანი ეფექტები. მაგალითისთვის სურათის გამოყენება ეხმარება ხელოვნურ ინტელეტქს შეინარჩუნოს სტილის თანმიმდევრულობა ერთ ან თუნდაც მრავალ კლიპში. პრომპტი უნდა იყოს მოკლე, მაგრამ საკმარისად დეტალური, რომ მოდელმა სწორად აღიქვას.
რთული პროექტებისთვის, ჯერ შექმენით მოკლე სატესტო ვიდეოები, შემდეგ დახვეწეთ და გააერთიანეთ საბოლოო ვერსიაში. ეს მეთოდი ზრდის ხარისხს და ამცირებს არასასურველი შედეგის მიღების შანსებს.
რა შეზღუდვები აქვს Google VEO3?
მიუხედავად მისი მოწინავე შესაძლებლობებისა, Google VEO3-ს ამ ეტაპზე აქვს გარკვეული შეზღუდვები. მომხმარებელთა ვერსიაში ვიდეოს სიგრძე შეზღუდულია დაახლოებით 8 წამით, რაც უფრო გრძელი კონტენტისათვის მოითხოვს რამდენიმე კლიპის გაერთიანებას.
აუდიო გენერაცია შთამბეჭდავია, თუმცა ენობრივი მხარდაჭერა ყოველთვის თანმიმდევრული არ არის, რის გამოც ქართულმა მეტყველებამ შეიძლება არასწორად ან საერთოდ არ იმუშაოს. მაღალი ხარისხის ვიდეოებისა და გაფართოებული ფუნქციების გამოყენება დაკავშირებულია ფასიან ვერსიასთან, რომლებიც ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის. ასევე, როგორც ნებისმიერი AI ვიდეო მოდელი, შედეგები შეიძლება მერყეობდეს, რთულ პრომპტებზე კი, სასურველი შედეგის მისაღებად რამოდენიმე ცდა იყოს საჭირო.
შეჯამება - Google VEO3 მზარდი AI პლატფორმაა!
Google VEO3 არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვიდეოგენერაციის სფეროში, რომელიც აერთიანებს ვიზუალსა და აუდიოს ერთ, გამარტივებულ პროცესში. მისი შესაძლებლობა, ერთდროულად შექმნას სინქრონიზებული დიალოგი, ხმოვანი ეფექტები და ფონური ხმაური, მაღალი ხარისხის ვიდეოსთან ერთად, ხსნის ახალ შესაძლებლობებს მარკეტერებისთვის, რეჟისორების, კონტენტ-კრეატორებისა და დეველოპერებისთვის.
იქნება ეს სოციალური მედიის კლიპი, რეკლამა თუ კრეატიული პროექტი, VEO3-ის ინტეგრაცია Google-ის ეკოსისტემასთან უზრუნველყოფს ეფექტურობასა და თავსებადობას ყველასთვის. მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, იქნება ეს კლიპის სიგრძე თუ ენობრივი მხარდაჭერის არათანმიმდევრულობა, ტექნოლოგია განუწყვეტლივ ვითარდება. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, VEO3 წარმოადგენს ხელმისაწვდომ და ინოვაციურ ინსტრუმენტს საინტერესო ვიდეოების შესაქმნელად.