ბიტკოინის მფლობელები გააქტიურდნენ
ბიტკოინის ფასის $50,000-მდე ვარდნამ 5-6 აგვისტოს პერიოდში ბაზარზე დიდი გაუგებრობა გამოიწვია და უამრავი მომხმარებელი საკუთარ კრიპტო აქტივებს პანიკურად ყიდდა. თუმცა, ბევრი გამოცდილი თრეიდერისთვის სწორედ ეს პერიოდი აღმოჩნდა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა. კრიპტო ანალიტიკური პლატფორმების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილის შემდგომ, სწორედ ფასის ვარდნის პერიოდში შეინიშნა ბიტკოინ ვეშაპების ყველაზე დიდი აქტიურობა და მათმა კრიპტო საფულეებმა მოძრაობა დაიწყეს.
Santiment-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინმა ამ პერიოდში 5,738 ტრანზაქცია დააფიქსირა, რომელთა ღირებულებაც $1 მილიონს აღემატებოდა, ხოლო 28,319 ტრანზაქცია, რომელთა ღირებულებაც $100,000 უტოლდებოდა.
ადამიანები უფრო მეტ ბიტკოინს ყიდულობენ
ბიტკოინის ყიდვისა და შენახვის დრო დიდი ხანია რაც რამოდენიმე დღეს გასცდა, მომხმარებლები ახლა ამ კრიპტოვალუტას უფრო გრძელვადიან აქტივად უყურებენ. კრიპტო საფულეებზე მონიტორინგის წყალობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიტკოინის გრძელვადიანი მფლობელების რაოდენობა გაიზარდა და ასევე გაიზარდა მათი ბიტკოინის რაოდენობაც. ჯამურად, მომხმარებლები 404,000 BTC ინახავენ თავიანთ კრიპტო საფულეში, რაც დაახლოებით $23 მილიარდის ტოლია. ამ რიცხვში შედის 40,000 BTC, რომელიც ინვესტორებმა ბიტკოინ ETF-ების სახით შეიძინეს.
სხვადასხვა კრიპტო პლატფორმების დამფუძნებლები და CEO-ები აღნიშნავენ, რომ გრძელვადიან ინვესტორთა ზრდა, საბოლოო ჯამში, კრიპტო ინდუსტრიაზე პოზიტიურად აისახება. დამატებით, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ფასების ვარდნის პერიოდში, რომელიმე ბიტკოინ ვეშაპის საფულიდან, რომლებიც ბიტკოინს სამი ან მეტი წლის განმავლობაში ინახავენ მისამართზე, კრიპტოვალუტა არ გამოძრავებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად პანიკის საფუძველი არ არსებობს და BTC გრძელვადიანი საინვესტიციო აქტივია.
თუმცა, მეორე მხრივ კრიპტო პლატფორმა CryptoQuant-ზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასების ვარდნის პერიოდში ცენტრალიზებულ ბირჟებზე ბიტკოინის მიწოდება შემცირდა და წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. 2015 წლის შემდგომ კრიპტო ვეშაპებს ყველაზე აქტიურად გამოაქვთ თავიანთი ბიტკოინები ბირჟებიდან და მას საფულეებში ინახავენ. ეს ტრენდი კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ მათ არ აქვთ კრიპტოს გაყიდვის განზრახვა და ბიტკოინს, როგორც გრძელვადიან აქტივს, ისე უყურებენ.
რას უნდა ველოდოთ?
კრიპტო ბაზრის ბოლო რეცესიიდან ბიტკოინის ფასი $55,000 - $60,000 ფარგლებში დასტაბილურდა. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციაც გაუმჯობესდა და 5 აგვისტოს დაფიქსირებული $951 მილიარდიდან $1.12 ტრილიონამდე გაიზარდა.
ფასების დასტაბილურებაში საკუთარი როლი ითამაშა ეთერიუმის ETF-ებმაც და ზოგადად, ETF-ებს პოზიტიური როლი აქვთ კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში.
გაუმჯობესების მიუხედავად, პლატფორმა BitMEX-ის თანადამფუძნებელი არტურ ჰაიესი ვარაუდობს, რომ მომდევნო დღეების ან კვირების განმავლობაში კრიპტო ბაზარზე ფასების კიდევ ერთ ვარდნას მოვესწრებით. თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, უამრავი ადამიანისთვის ეს მოვლენა ტრაგიკული სულაც არ არის და შესაძლებლობების ახალ ფანჯარას აჩენს, სადაც მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა „ფასდაკლებით“ შეუძლიათ.