Სარჩევიchevron-down
ვინ არიან კრიპტო ვეშაპები?
საიდან წამოვიდნენ კრიპტო ვეშაპები?
როგორ უნდა გავხდე კრიპტოვალუტების ვეშაპი?
ვინ არიან კრიპტოს ყველაზე დიდი ვეშაპები?
ვინ არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტებს ფლობენ და ვეშაპებად ითვლებიან?
ვინ არის ყველაზე დიდი კრიპტო ვეშაპი?
რა ზეგავლენას ახდენენ ვეშაპები კრიპტოვალუტების ბაზარზე?
როგორ ვუთვალთვალო კრიპტოვალუტების ვეშაპებს?
Georgian Text above the visual with Whales swimming below 1000x300
2024-02-09clock9 minutes

ვინ არიან კრიპტო ვეშაპები?

კრიპტო ვეშაპები ჰქვიათ ადამიანებსა და თრეიდერებს, რომლებიც დიდი მოცულობის კრიპტოვალუტებს ფლობენ და ბაზარზე თავიანთი აქტივებითა თუ ტრანზაქციებით მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ვეშაპებს აქვთ შესაძლებლობა, კრიპტო ბაზარზე გამოიწვიონ საფუძვლიანი რყევები ერთი, მოცულობითი თრეიდის განხორციელებით. თუკი კრიპტოს ყიდვის დროს შეამჩნიე, რომ მაგალითად ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა, ან გაიზარდა, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი კრიპტო ვეშაპების ბაზარზე აქტიურობის გამოა.

დიდი აქტივების მფლობელს მარტივად შეუძლია მცირე აქტივების მფლობელი „ჩაყლაპოს“, სწორედ აქედან წამოვიდა ტერმინი „კრიპტო ვეშაპი“.

ზოგიერთი კრიტერიუმის მიხედვით, ინდივიდი ვეშაპად ითვლება მაშინ, თუკი მინიმუმ 1,000 ბიტკოინს (BTC) ფლობს. ეს რიცხვი ფიატ ვალუტაში რომ დავაკონვერტიროთ, ბიტკოინის ფასის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად დაახლოებით $44,000 ფარგლებშია, გამოდის, რომ კრიპტოვალუტების ვეშაპს ანგარიშზე უხეშად $44 მილიონი უნდა ჰქონდეს.

გარდა ვეშაპებისა, არსებობენ კრიპტოვალუტების ცალკეული მფლობელები, რომლებიც ამ კატეგორიაში ალბათ არ ხვდებიან და ამის მაგალითი ბიტკოინის უცნობი შემქმნელი სატოში ნაკამოტოა, რომელიც უზარმაზარი რაოდენობის კრიპტოვალუტას ფლობს. სატოში ნაკამოტოს საფულეში დაახლოებით 1.1 მილიონი ბიტკოინია.

საიდან წამოვიდნენ კრიპტო ვეშაპები?

კრიპტოვალუტების პირველი გამოჩენისთანავე, ვეშაპებიც გამოჩნდნენ. ტერმინი ვეშაპიც რეალური ვეშაპის ზომიდან მომდინარეობს და ისინი დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი არსებები არიან, სწორედ ისე, როგორც დიდი აქტივების მფლობელი ინვესტორები. თუმცა ტერმინი კრიპტოსთვის მშობლიური ნამდვილად არ არის და მას სხვა ინდუსტრიებსა თუ სფეროებში მანამდეც იყენებდნენ. მაგალითად, შესაძლებელია არსებობდეს უძრავი ქონების ვეშაპი და ა.შ.

როგორც ვახსენეთ, ვეშაპად იწოდებიან ის ინდივიდები, რომლებსაც კრიპტო ბაზარზე თავიანთი აქტივობით რეალურად შეუძლიათ დიდი ზეგავლენის მოხდენა, ბიტკოინის ფასის ცვლილება და ამგვარი ქმედებები.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც, რომ კრიპტოვალუტების დიდ ოკეანეში მხოლოდ ვეშაპები არ დაცურავენ და არსებობენ სხვა ტიპის ინვესტორებიც:

  1. ვეშაპები
  2. ზვიგენები
  3. თევზები

მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენებს კრიპტო ბაზარზე ვეშაპების მსგავსი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, მათაც აქვთ გარკვეული რესურსი, რომ მცირე ძვრები გამოიწვიონ. თევზები კი, კრიპტოვალუტების მფლობელი ყველა დანარჩენი მონაწილეა.

როგორ უნდა გავხდე კრიპტოვალუტების ვეშაპი?

იმის დადგენა, თუ სად და როგორ მოიაზრება კრიპტოვალუტების მფლობელი ვეშაპად, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კრიპტო ვეშაპობისკენ. მაგალითად, როგორც ზემოთ ვისაუბრებთ, თუკი გინდა, რომ ბიტკოინის სამყაროში გახდე ვეშაპი, მაშინ ათასობით ქოინს უნდა ფლობდე, რომელიც მილიონობით ა.შ.შ დოლარის ღირებულების იქნება. თუმცა, თუ ნაკლებად ცნობილ კრიპტოვალუტას ავიღებთ საზომად, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ $20 კი, ითვლებოდე ვეშაპად. მნიშვნელოვანია განსაზღვრო, რომელი კრიპტოს ყიდვა გსურს და შემდგომ უკვე დაიწყო აქტივების ყიდვა და შეგროვება.

თუმცა, როგორც წესი, კრიპტო ვეშაპები უმეტესობა საშუალო ზომის ბაზარზე აქტიურობენ, სადაც მათი დიდი რესურსებით მარტივად შეძლებენ გარკვეული მანიპულაციების ჩატარებას. ბიტკოინისა და ეთერიუმის მსგავს კრიპტოვალუტებში ვეშაპები შედარებით ნაკლებად გვხვდებიან.

ვინ არიან კრიპტოს ყველაზე დიდი ვეშაპები?

  • ტაილერ და ქემერონ ვინკლევოსები: ძმები ვინკლევოსები კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ცნობილი ადამიანები არიან და მათ ჯამში დაახლოებით 70,000 ბიტკოინამდე აქვთ. თუმცა, ისინი უფრო „იყიდე და შეინახე“ ტიპის კრიპტო ინვესტორები არიან და ბაზარზე დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან.


  • ჩენგპენგ ჟაო: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟის, ბაინანსის თანადამფუძნებელი და ყოფილი CEO საკმაოდ მოცულობით კრიპტო საფულეს ფლობს. ჟაოს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ზუსტი მოცულობა უცნობია, თუმცა კრიპტოვალუტების უდიდესი ბირჟის 30%-იანი წილის ფლობა, მის კრიპტო ვეშაპობაზე უკვე მეტყველებს.

  • ბრაიან არმსტრონგი: ბაინანსის დამფუძნებლის, ჩენგპენგ ჟაოს მსგავსად, ბრაიანიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო ბირჟა ქოინებსის შემქმნელია. პლატფორმა Airbnb-სათვის პროგრამისტობიდან დაწყებულმა კარიერამ საბოლოოდ ის $2 მილიარდის მფლობელ ადამიანად აქცია, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟის 19%-იანი წილის მფლობელობით კი, ის კრიპტო ვეშაპიების რიგებში თამამად ხვდება.

ვინ არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტებს ფლობენ და ვეშაპებად ითვლებიან?

  • ილონ მასკი: Tesla-ს დამფუძნებელი და CEO ცნობილია, როგორც ინოვაციების მოყვარული ადამიანი. მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ილონ მასკის კომპანიებიც ხშირად იკვეთებიან კრიპტოვალუტებთან. მაგალითად, 2021 წელს ავტომწარმოებელმა კომპანია ტესლამ $1,5 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი იყიდა.


  • მაიკ ტაისონი: ჯერ კიდევ კრიპტოვალუტების 2017 წლის ბუმამდე, მაიკ ტაისონი ბიტკოინის პოპულარიზაციას ახდენდა. 2016 წელს, ყოფილი ბოქსიორი, ბიტკოინის საფულის რეკლამაშიც კი გამოჩნდა. მაიკი კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ნამდვილი პიონერია, რადგან მან კრიპტოს ყიდვა და მისი პოპულარიზაცია ჯერ კიდევ ბიტკოინის ციებ-ცხელებამდე დაიწყო.

    გარდა ამისა, ცნობილია რომ ის ბიტკოინსაც ფლობს, თუმცა რა რაოდენობით ეს დაზუსტებული არ არის.

ვინ არის ყველაზე დიდი კრიპტო ვეშაპი?

ბიტკოინი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, რომელიც მთლიანი საბაზრო წილის 45% იკავებს. შესაბამისად, თუკი მხედველობიდან კრიპტო ბირჟებს ამოვიღებთ, ბიტკოინის იდუმალი შემქმნელი, სატოში ნაკამოტო, არის კრიპტო აქტივების ყველაზე დიდი ინდივიდუალური მფლობელი. ზოგიერთი წყაროს ვარაუდით, სატოში ნაკამოტოს საკუთარ ბიტკოინის საფულეში 1.1 მილიონი BTC ქოინი აქვს შენახული.

რა ზეგავლენას ახდენენ ვეშაპები კრიპტოვალუტების ბაზარზე?

კრიპტო ვეშაპებს აქვთ შესაძლებლობა ბაზარზე თავიანთ სასარგებლოდ მოახდინონ გარკვეული მანიპულაციები. მაგალითად, თუკი ისინი ემზადებიან გრძელვადიანი და დიდი ინვესტიციის განსახორციელებლად, შესაძლებელია რომ ბაზარზე ხელოვნურად გამოიწვიონ რყევები.

საპირისპიროდ, თუკი მათ უნდათ, რომ გაყიდონ თავიანთი აქტივები და კრიპტოვალუტა გაანაღდონ, შესაძლოა ხელოვნურად გაზარდონ ბიტკოინის ფასი ან სულაც სხვა ნებისმიერი ციფრული აქტივის ღირებულება.

  • ლიკვიდურობა: ზოგიერთი კრიპტო ვეშაპი, ბაზარზე აქტიურობის უფრო პასიურ გზას ირჩევს და თავიანთ ნაყიდ კრიპტოვალუტას დიდი ხნით ინახავენ საფულეში. ეს სტრატეგია კი, ბაზარზე ცირკულაციაში არსებულ კრიპტოვალუტების რაოდენობას ამცირებს და მცირე ინვესტორებსა და თრეიდერებს შორის ქმნის გაზრდილ მოთხოვნას.

    ხოლო მეორე მხრივ, თუ ვეშაპს საკუთარი კრიპტოს გაყიდვა ერთიანად მოუნდა, ამ ფაქტს საგრძნობი ზეგავლენა ექნება ბაზარზე, ამგვარ ქმედებას კი, Liquidity Dump ეწოდება. ბაზარზე კრიპტოვალუტების უხვი შემოდინება, აქტივზე ფასის დაცემას იწვევს, ხოლო თრეიდები და კრიპტოს ყიდვის მსურველები აქტივის შეძენისაგან თავს იკავებენ, რადგან ქოინის ღირებულება პერიოდულად დაბლა ჩამოდის, უხვი აქტივებიდან გამომდინარე.


  • ფასი: ვეშაპებისათვის, ისევე როგორც ყველასთვის, მნიშვნელოვანია ფასი, თუმცა მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ვეშაპებს კრიპტოს ფასზე ზეგავლენის მოდენა შეუძლიათ.

    ფასების დინამიკაზე გავლენა ძირითადად დიდი მოცულობის ტრანზაქციებში ჩანს. როდესაც ვეშაპებს რომელიმე კრიპტოვალუტის ყიდვა უნდათ და მისი დაბალ ფასში შეძენა უნდათ, თავიანთ საკუთრებაში არსებულ სხვა აქტივებს ჰყიდიან, რითაც ბაზარზე პანიკურ სიტუაციას ქმნიან, სხვა თრეიდერებს დაუყოვნებლივ უბიძგებენ კრიპტოს გაყიდვისაკენ, რითაც შეგნებულად დაბლა წევენ სხვადასხვა აქტივების ღირებულებას.

    საპირისპიროდ კი, როდესაც მათ აქტივების გაყიდვა უნდათ, იწყებენ სხვა კრიპტოს ყიდვას, რითაც ფასებს მაღლა სწევენ. როდესაც კრიპტოს ღირებულება მათთვის სასურველ ნიშნულს მიაღწევს, შემდგომ ქოინებსა თუ ტოკენებს „იშორებენ“ და ბაზარზე გამოაქვთ. ეს პროცესი კი, მათ საშუალებას აძლევთ სურვილისამებრ იმანიპულირონ ფასებით.

როგორ ვუთვალთვალო კრიპტოვალუტების ვეშაპებს?

თუკი კრიპტო ვეშაპებზე დაკვირვება გინდა და შესაბამის ხელსაწყოებს ეძებ, სწორ ადგილას ხარ. არსებობს რამოდენიმე პროგრამა, რომელიც ამაში გვეხმარება და გვიადვილებს თვალი ვადევნოთ კრიპტო ვეშაპების ყველა ნაბიჯს:

  • ბლოკჩეინ ქსელზე თვალის დევნება: ისეთი პლატფორმები, როგორებიც Whale Alert და WhaleBot არიან, გვაძლევენ საშუალებას თვალი ვადევნოთ ბაზარზე დიდი მოცულობის აქტივების მიმოცვლას. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ვეშაპების იდენტიფიცირება არ შეგვიძლია, მაინც ვხედავთ თუ რა ზომის ტრანზაქციები და აქტივობები ხორციელდება ბაზარზე.

    დამატებითი ხელსაწყოები:
    - Whale Watcher
    - Whale Alert
    - DeBank
    - Spot on Chain
    - Look on Chain


  • სოციალური მედიის მონიტორინგი: სხვადასხვა სოციალური მედიის თვალის დევნება, მედიების კითხვა და ფორუმებზე სტუმრობა, განსაკუთრებით კრიპტო ფორუმებზე, შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს. ხშირად დიდი ვეშაპები გარკვეულ მინიშნებებს იძლევიან წინასწარ, თუ რა ქმედების განხორციელებას აპირებენ.
Support