
შეუძლია McDonald's-ის McRib-ს ბიტკოინის ფასის პროგნოზირება? - BTC’s ყველაზე უცნაური ინდიკატორი
ერთი წუთით დაივიწყე უოლ სტრიტის ანალიტიკოსები, რთული გრაფიკები და ეკონომიკური პროგნოზები. რა მოხდებოდა, ბიტკოინის ფასის პროგნოზირების საიდუმლო მაკდონალდსის სენდვიჩში რომ იმალებოდეს? უცნაურად ჟღერს, მაგრამ კრიპტოსაზოგადოება ამ თეორიაზე წლებია მსჯელობს. ეგრეთ წოდებული McRib-ის ინდიკატორის თანახმად, ბიტკოინის ფასი ხშირად იზრდება, როცა ქსელი თავის ცნობილ სენდვიჩს მენიუში დროებით აბრუნებს.
ერთი ისტორიული ანალიზის შედეგები ამ თეორიას ერთი შეხედვით ამყარებს. 2017–2025 წლებში McRib-ის მენიუში დაბრუნების რვა შესწავლილი შემთხვევიდან ხუთს ბიტკოინის გაძვირება მოჰყვა. მართლა არსებობს კავშირი თუ საქმე კრიპტოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე სახალისო დამთხვევასთან გვაქვს?
რა არის McRib-ის ინდიკატორი?
McRib-ის ინდიკატორი არაოფიციალური თეორიაა, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის ფასი სენდვიჩის მენიუში დაბრუნების შემდეგ ხშირად იზრდება. თეორია მაკდონალდსის მენიუს ცვლილებას ეყრდნობა. ტრადიციული საბაზრო ინდიკატორები კი ისეთ მონაცემებს იყენებს, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა, ეკონომიკური მაჩვენებლები და ბლოკჩეინის აქტივობა.
McRib პირველად 1981 წელს გამოჩნდა. სენდვიჩი იმით გახდა ცნობილი, რომ McDonald’s მას მენიუში პერიოდულად, შეზღუდული დროით აბრუნებს. ყოველი დაბრუნება მომხმარებლების ყურადღებას იქცევს.
2017, 2020 და 2023 წლებში სენდვიჩის დაბრუნება ბიტკოინის ფასის მკვეთრ ზრდას დაემთხვა. ამ დამთხვევების შემდეგ კრიპტოს მოყვარულებმა McRib-ის დაბრუნების თარიღების შედარება დაიწყეს ბიტკოინის ფასის ისტორიულ გრაფიკებთან.
თეორია ინტერნეტმემად იქცა. ტრეიდერები ხუმრობდნენ, რომ ბარბექიუს სენდვიჩის დაბრუნება ბიტკოინის ფასის ზრდის ახალი ციკლის დასაწყისს მოასწავებდა. დამაჯერებელი მტკიცებულებების სიმცირემ ხუმრობას პოპულარობაში ხელი ვერ შეუშალა.
„Never Short the McRib“ - როგორ იქცა თეორია მიმად?
„Never Short the McRib“ კრიპტო საზოგადოებაში გავრცელებული ხუმრობაა. ვაჭრობაში შორტის გახსნა ნიშნავს პოზიციის გახსნას, რომელიც მოგებას მოგიტანს, თუ აქტივის ფასი დაეცემა. ამ ფრაზის აზრი კი ასეთია - როცა McRib ბრუნდება, ბიტკოინის ფასის ვარდნაზე ფსონს ნუ დადებ.
ხუმრობა ბიტკოინის ისტორიის მკვლევარ პიტ რიზოსთან დაკავშირებულ დისკუსიებშიც გავრცელდა. საბოლოოდ, ამ თემას მსხვილი კრიპტობირჟებიც გამოეხმაურნენ.
2026 წლის ოქტომბერში Coinbase-მა, Kraken-მა და რამდენიმე სხვა კრიპტოპლატფორმამ სენდვიჩის დაბრუნებამდე McRib-ზე პოსტები გამოაქვეყნა.
McDonald’s-ის მენიუს მიხედვით ბიტკოინის ფასის ზრდაზე ფსონის დადება სპეკულაციურია. ფრაზის პოპულარობა უფრო იმაზე მეტყველებს, რამდენად სწრაფად შეიძლება საბაზრო დამთხვევა კრიპტოკულტურის ნაწილად იქცეს.
McRib და ბიტკოინი - რას აჩვენებს ისტორიული მონაცემები?
ერთ-ერთ ანალიზში 2017–2025 წლებში McRib-ის მენიუში დაბრუნების რვა შემთხვევა შეისწავლეს. ხუთ შემთხვევაში ბიტკოინის ფასი გაიზარდა, სამში კი შემცირდა. ამ შერჩევაში ზრდის წილმა 62.5% შეადგინა.
| ისტორიული მონაცემები | შედეგი |
|---|---|
| McRib-ის დაბრუნების შესწავლილი შემთხვევები | 8 |
| შემთხვევები, რომლებსაც ბიტკოინის გაძვირება მოჰყვა | 5 |
| შემთხვევები, რომლებსაც ბიტკოინის გაიაფება მოჰყვა | 3 |
| შემთხვევების წილი, რომლებშიც ფასი გაიზარდა | 62.5% |
ეს მონაცემები Crypto.com-ის ისტორიულ მიმოხილვას ეყრდნობა. შედეგზე გავლენას ახდენს როგორც შემთხვევების შერჩევის წესი, ისე ის, თუ დაბრუნებიდან რამდენ ხანში გაზომავ ფასის ცვლილებას.
როდის დაემთხვა McRib-ის დაბრუნება ბიტკოინის გაძვირებას?
- 2017 წელი - ბიტკოინის ისტორიული გაძვირება. მაკდონალდსმა McRib ნოემბერში დააბრუნა. დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ბიტკოინის ფასი დაახლოებით $19,500-მდე გაიზარდა და იმ დროისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
- 2020 წელი - ფასის ზრდის ახალი ტალღა. McRib მენიუში 2 დეკემბერს დაბრუნდა. ამის შემდეგ ბიტკოინმა ახალი რეკორდები დაამყარა და ბაზარზე ზრდის ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა.
- 2023 წელი - ბიტკოინის ფასის აღდგენა. McRib ნოემბერში დაბრუნდა, რასაც ბიტკოინის მკვეთრი გაძვირება მოჰყვა. იმავე ანალიზის მიხედვით, ამ პერიოდში ფასის შემდგომმა ზრდამ დაახლოებით 71% შეადგინა.
ამ წლებში ბიტკოინის ბაზარზე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მიმდინარეობდა. თუ გინდა, ფასის მოძრაობას უფრო ფართო კონტექსტში შეხედო, გაეცანი ბიტკოინის ფასის ისტორიას - $0.01-დან $100,000-მდე.
როდის ვერ გაამართლა McRib-ის ინდიკატორმა?
- 2018 წელი - კრიპტოზამთარი. McRib-ის დაბრუნების შემდეგ ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობდა და საბოლოოდ დაახლოებით $3,250-მდე ჩამოვიდა.
- 2021 წელი - რეკორდი და შემდგომი ვარდნა. ნოემბერში McRib-ის დაბრუნებიდან მალევე ბიტკოინმა რეკორდულ ფასს მიაღწია. მომდევნო თვეებში ტენდენცია შეიცვალა და ფასი მკვეთრად დაეცა.
- 2022 წელი - ბაზარზე ვარდნა გაგრძელდა. McRib-ის მორიგი დაბრუნება კრიპტობაზრისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა. ბიტკოინის ფასი საბოლოოდ დაახლოებით $15,500-მდე შემცირდა.
2021 წლის მაგალითი კარგად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ფასის ცვლილების გასაზომად შერჩეული პერიოდი. თუ მხოლოდ პირველ რამდენიმე კვირას შეხედავ, შეიძლება ზრდა დაინახო. რამდენიმე თვის შემდეგ კი შედეგი საპირისპირო აღმოჩნდეს. მხოლოდ ყველაზე შთამბეჭდავი ზრდის მაგალითების შერჩევა ინდიკატორზე მცდარ წარმოდგენას ქმნის.
რატომ უნდა იმოქმედოს მაკდონალდსის სენდვიჩმა ბიტკოინის ფასზე?
დღემდე არ არის დადგენილი ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც McRib-ის გაყიდვებს ბიტკოინის საბაზრო ღირებულებასთან დააკავშირებდა. თუმცა არსებობს რამდენიმე ახსნა, თუ რატომ შეიძლება ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დაემთხვეს.
- სეზონურობა. McDonald’s-ს McRib ხშირად წლის ბოლო თვეებში შემოაქვს. ბიტკოინის რამდენიმე მკვეთრი გაძვირებაც სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა.
- ბიტკოინის საბაზრო ციკლები. ფასის ზრდის ტენდენცია ზოგჯერ თვეების ან წლების განმავლობაში ვითარდება. თუ სენდვიჩი ამ დროს ბრუნდება, შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს მან უკვე დაწყებული ზრდა იწინასწარმეტყველა.
- ინვესტორების ფსიქოლოგია. ტრეიდერებიგანმეორებად კანონზომიერებებს ეძებენ. როცა ორი მოვლენა რამდენჯერმე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ხდება, მათ შორის კავშირის დანახვა ადვილია.
- სოციალური მედიის გავლენა. კრიპტოსაზოგადოებაში მემები სწრაფად ვრცელდება. პოპულარული თეორიის მხარდამჭერი მაგალითებიც უფრო ხშირად ხვდება ყურადღებისცენტრში.
- შემთხვევითი თანხვედრა. ორი დამოუკიდებელი მოვლენა ზოგჯერ უბრალოდ ერთსა და იმავე პერიოდში ხდება.
ცალკე თეორიის თანახმად, მაკდონალდსი McRib-ის დაბრუნების დროს ღორის ხორცის ფასის მიხედვით ირჩევს. ისტორიული მონაცემები ამ მოსაზრებას ერთმნიშვნელოვნად ვერ ამყარებს. ბიტკოინის გაძვირებასა და სენდვიჩის დაბრუნებას შორის თანხვედრის ყველაზე მარტივი ახსნა კი შემთხვევითობაა.
McRib 2026 წლის ოქტომბერში დაბრუნდა - როგორ შეიცვალა ბიტკოინის ფასი?
2026 წლის 27 ოქტომბერს McRib მენიუში კვლავ შეზღუდული დროით დაბრუნდა. ამჯერად კრიპტოტრეიდერებს განსაკუთრებით აინტერესებდათ, დაემთხვეოდა თუ არა სენდვიჩის დაბრუნება ბიტკოინის ფასის აღდგენას. მანამდე რამდენიმე ბირჟამ და ბაზრის კომენტატორმა McRib-ზე ხუმრობები და პროგნოზები გაავრცელა.
სენდვიჩის დაბრუნებისას ბიტკოინის ფასი დაახლოებით $80,000 იყო. ოქტომბრის ბოლო დღეებში ფასი შემცირდა და 31 ოქტომბრისთვის დაახლოებით $77,000–$78,000-ის ფარგლებში მერყეობდა. ზუსტი მაჩვენებელი ბირჟისა და მონაცემთა წყაროს მიხედვით განსხვავდებოდა. McRib-ის დაბრუნებას ფასის მდგრადი ზრდა არ მოჰყოლია.
CoinShares-ის მკვლევრებმა McRib-ის დაბრუნების ათი შემთხვევისგან შემდგარი სხვა შერჩევა შეისწავლეს და ბიტკოინის მკაფიო გაძვირება მხოლოდ სამ შემთხვევაში დააფიქსირეს. Crypto.com-ის მიმოხილვაში კი ზრდა რვიდან ხუთ შემთხვევაში დაფიქსირდა. ეს სხვაობა აჩვენებს, რამდენად იცვლება ინდიკატორის შედეგი შესწავლილი შემთხვევებისა და ფასის გასაზომად შერჩეული პერიოდის მიხედვით. Decrypt-ის 27 ოქტომბრის ანალიზი
კორელაცია და მიზეზშედეგობრივი კავშირი - სად არის პრობლემა?
კორელაცია ნიშნავს, რომ ორი მაჩვენებელი ერთმანეთთან გარკვეულ თანხვედრაში იცვლება. მიზეზშედეგობრივი კავშირი კი ნიშნავს, რომ ერთი მოვლენა მეორეზე გავლენას ახდენს ან მას იწვევს.
მაგალითად, ზაფხულში შეიძლება ერთდროულად გაიზარდოს ნაყინის გაყიდვებიც და ცურვისას მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობაც. საერთო ფაქტორი სიცხეა. ცხელ ამინდში მეტი ადამიანი ყიდულობს ნაყინს და მეტიც მიდის საცურაოდ.
თუ McRib-ის დაბრუნების შემდეგ ბიტკოინი გაძვირდა, მოვლენების თანმიმდევრობა თავისთავად ვერ გვეტყვის, რამ გამოიწვია ფასის ზრდა. თეორიას რამდენიმე სტატისტიკური შეზღუდვაც აქვს.
- მცირე შერჩევა. რვა შემთხვევა ძალიან ცოტაა სანდო ფინანსური პროგნოზის შესაქმნელად.
- გაზომვის განსხვავებული პერიოდები. ერთი კვირის, ერთი თვის და ერთი წლის შემდეგ მიღებული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
- მაგალითების შერჩევით გამოყენება. თუ მხოლოდ წარმატებულ წლებს გამოყოფ, თეორია რეალურზე უფრო სანდოდ გამოჩნდება.
- დაუდასტურებელი მიზეზშედეგობრივი კავშირი. სანდო მტკიცებულება არ არსებობს, რომ McRib-ის ხელმისაწვდომობა ბიტკოინის მოთხოვნას, მიწოდებას ან საბაზრო ღირებულებას პირდაპირ ცვლის.
CoinShares-ის მკვლევარმა ლუკ ნოლანმა Decrypt-თან საუბარში აღნიშნა, რომ ისტორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი კორელაცია არ დასტურდება. GSR-ის მკვლევარმა კარლოს გუსმანმაც ყურადღება მიზეზშედეგობრივი მექანიზმის არარსებობაზე გაამახვილა. Decrypt-ის სტატია მკვლევრების შეფასებებით
62.5% წარსულში შესწავლილი შემთხვევების წილია. შემდეგი დაბრუნებისას ბიტკოინის გაძვირების ალბათობის შესაფასებლად ამ მონაცემით ვერ იხელმძღვანელებ.
რა მოქმედებს ბიტკოინის ფასზე?
ბიტკოინის ფასის მოძრაობის გასაანალიზებლად შეგიძლია დააკვირდე ეკონომიკურ და საბაზრო ფაქტორებს, რომლებიც მიწოდებას, მოთხოვნას ან ინვესტორების ქცევას უკავშირდება.
- მიწოდება და მოთხოვნა. ბიტკოინის მაქსიმალური მიწოდება 21 მილიონი ერთეულია. ფასზე შეიძლება იმოქმედოს იმან, როგორ იცვლება მოთხოვნა ბაზარზე ხელმისაწვდომ მიწოდებასთან შედარებით.
- ინსტიტუციური ინვესტიციები. საინვესტიციო ფონდების, კომპანიებისა და სხვა მსხვილი მფლობელების შესყიდვებმადა გაყიდვებმა შეიძლება ბიტკოინის ლიკვიდობასა და მოთხოვნაზე იმოქმედოს.
- ბიტკოინის ETF-ები. ბიტკოინის სპოტ ბირჟაზე ვაჭრობად ფონდებში თანხის შედინებამ ან გადინებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, რამდენ ბიტკოინს ყიდულობენ ან ყიდიან ბაზარზე.
- აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები. საპროცენტოგანაკვეთები და მონეტარულიპოლიტიკა გავლენას ახდენს ინვესტორების მზაობაზე, ფული უფრო მაღალი რისკის მქონე აქტივებში დააბანდონ.
- ინფლაცია და ეკონომიკური მაჩვენებლები. აშშ-ის ინფლაციისა და დასაქმების მონაცემებს, ისევე როგორც სხვა ეკონომიკურანგარიშებს, შეუძლია ფინანსური ბაზრის მოლოდინების შეცვლა.
- ბიტკოინის ჰალვინგი. დაახლოებითოთხ წელიწადში ერთხელ მაინინგით ახალი ბლოკის შექმნისთვის გასაცემი ჯილდო ნახევრდება. შედეგად, ახალი ბიტკოინი მიმოქცევაში უფრო ნელა შედის.
- ინვესტორების განწყობა. ბაზრის ნდობამ, რეგულაციებთან დაკავშირებულმა განცხადებებმა, უსაფრთხოების ინციდენტებმა და მნიშვნელოვანმა ფინანსურმა მოვლენებმაშეიძლება ფასის მერყეობა გააძლიეროს.
ამ ფაქტორების ცოდნა დაგეხმარება გაიგო, რატომ შეიძლება იცვლებოდეს ფასი, თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება მაინც რთულია. მეტი კონტექსტისთვის წაიკითხე ბიტკოინის რევოლუცია - როგორ დაიწყო ყველაფერი და სად არის ბიტკოინი დღეს.
ღირს თუ არა McRib-ის ინდიკატორით ვაჭრობა?
McRib-ის ინდიკატორს სავაჭრო სტრატეგიად ვერ დაეყრდნობი. სენდვიჩის დაბრუნება ბიტკოინის რამდენიმე შთამბეჭდავ გაძვირებას დაემთხვა, თუმცა ისტორიული შედეგები არაერთგვაროვანია და ანალიზის მეთოდის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება.
თუ კრიპტოთი ვაჭრობას ახლა ეცნობი, ეს ისტორია კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება დამაჯერებლად გამოიყურებოდეს დამთხვევა, რომელსაც პროგნოზირების უნარი არ დაუდასტურებია. გადაწყვეტილების მიღებამდე გაითვალისწინე საბაზრო პირობები, ეკონომიკური მოვლენები, სანდო ისტორიული მონაცემები და ის, რა მოცულობის რისკის გაწევა შეგიძლია.
მემზე გაცინება უფასოა. მხოლოდ მემზე დაყრდნობით ვაჭრობა კი შეიძლება ძვირი დაგიჯდეს.
ხშირად დასმული კითხვები McRib-ის ინდიკატორზე
1. რა არის McRib-ის ინდიკატორი?
ეს არაოფიციალური თეორიაა, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის ფასი ხშირად იზრდება, როცა McDonald’s McRib-ს მენიუში დროებით აბრუნებს. თეორია რამდენიმე ისტორიული დამთხვევიდან გაჩნდა და შემდეგ პოპულარულ კრიპტომემად იქცა.
2. იზრდება ბიტკოინის ფასი McRib-ის დაბრუნების შემდეგ?
ზოგჯერ. ერთმა ანალიზმა 2017–2025 წლებში რვიდან ხუთ შემთხვევაში ზრდა დააფიქსირა. სხვა შერჩევაზე ჩატარებულმა ანალიზმა ზრდა უფრო იშვიათად აჩვენა.
3. რას ნიშნავს „Never Short the McRib“?
ეს ტრეიდერების ხუმრობაა. ფრაზა გეუბნება, რომ McRib-ის დაბრუნებისას ბიტკოინის ფასის ვარდნაზე ფსონი არ დადო. მისი ეფექტიანობა, როგორც სავაჭრო სტრატეგიის, დადასტურებული არ არის.
4. რამდენჯერ გაამართლა McRib-ის ინდიკატორმა?
ერთ-ერთი ისტორიული ანალიზის მიხედვით, რვიდან ხუთ შემთხვევაში სენდვიჩის დაბრუნებას ბიტკოინის გაძვირება მოჰყვა. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რომელ შემთხვევებს შეისწავლი და დაბრუნებიდან რამდენ ხანში გაზომავ ფასს.
5. დაბრუნდა თუ არა McRib 2026 წელს?
დიახ. 2026 წლის 27 ოქტომბერს McRib აშშ-ში, მაკდონალდსის იმ ფილიალებში დაბრუნდა, რომლებიც აქციაში მონაწილეობდნენ. ამ ამბავს კრიპტოტრეიდერები და რამდენიმე მსხვილი ბირჟაც გამოეხმაურნენ.
6. შეუძლია McRib-ს ბიტკოინის ფასის ზრდის შემდეგი ციკლის პროგნოზირება?
ამის დამადასტურებელი სანდო მტკიცებულება არ არსებობს. რამდენიმე ისტორიული დამთხვევა საკმარისი არ არის იმის დასადგენად, გამოდგება თუ არა სენდვიჩის დაბრუნება სავაჭრო სიგნალად.
შეჯამება - ბიტკოინის გრაფიკს ენდო თუ მაკდონალდსის სენდვიჩს?
McRib-ის ინდიკატორი კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საბაზრო თეორიაა. 2017, 2020 და 2023 წლებში ბიტკოინის მკვეთრმა გაძვირებამ სენდვიჩის დაბრუნების თარიღებს ისეთი ყურადღება მოუტანა, რომ დამთხვევა სავაჭრო მემად იქცა.
ერთ ანალიზში 2017–2025 წლებში McRib-ის რვა დაბრუნებიდან ხუთს ფასის ზრდა მოჰყვა. სხვა შერჩევამ გაცილებით სუსტი შედეგი აჩვენა. 2026 წლის ოქტომბრის დაბრუნებამ დისკუსია გააცოცხლა, თუმცა იმავე თვის ბოლო დღეებში ბიტკოინის ფასი დაეცა.
თუ ბიტკოინის ფასის მოძრაობა გაინტერესებს, გრაფიკით დაიწყე. თუ სადილს არჩევ, McRib-ს თავისი შანსი აქვს.