Სარჩევიchevron-down
შესავალი - ჭკვიანი კონტრაქტები იგივე Smart Contract
რა არის ჭკვიანი კონტრაქტი? - მარტივად დამწყებთათვის
როგორ მუშაობს ჭკვიანი კონტრაქტი?
რა უპირატესობები აქვს ჭკვიან კონტრაქტს?
რა გამოყენება აქვთ Smart Contract-ებს რეალურ სამყაროში?
კრიპტო ტრანზაქციები და ინდუსტრია
დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)
ჭკვიანი კონტრაქტების კრიპტოს გარეთ გამოყენება
რა რისკები აქვს ჭკვიან კონტრაქტებს?
ჭკვიანი კონტრაქტების მომავალი და კრიპტო აქტივები
როგორ შევქმნა Smart Contract?
შეჯამება: კრიპტო ტრანზაქციების რევოლუცია და ჭკვიანი კონტრაქტები
Georgian wording on the left side of the visual with Digital Smart Contract on the right side 1000x300
2024-10-30clock7 minutes

შესავალი - ჭკვიანი კონტრაქტები იგივე Smart Contract

კრიპტო აქტივების ინდუსტრია, იგივე კრიპტო ინდუსტრია, მუდმივად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა. ჭკვიანი კონტრაქტები კი, ამ განვითარებადი ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, თუმცა რას წარმოადგენენ ისინი კონკრეტულად, როგორ გეხმარებიან შენ და რატომ არიან კრიპტო ტრანზაქციებისთვის მნიშვნელოვანი? მარტივად რომ ვთქვათ, ჭკვიანი კონტრაქტები, იგივე Smart Contract, თვითაღსრულებადი ციფრული შეთანხმებებია, რომლებიც ძალაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით მოდიან.

ჭკვიანი კონტრაქტების ფენომენს რეალურად აქვს შესაძლებლობა, შუამავლების გაქრობით, ხარჯების შემცირებითა და გაზრდილი უსაფრთხოების წყალობით რეალურად გარდაქმნას არა მხოლოდ კრიპტო, არამედ სრულიად ფინანსური ინდუსტრია. ამ ბლოგში ჩვენ გავიგებთ რა არის სმარტ კონტრაქტები, როგორ მუშაობენ ისინი, რატომ არის მათი გამოყენება კრიპტო ტრანზაქციების მომავალთან დაკავშირებული და როგორ გეხმარებიან ისინი შენ.

რა არის ჭკვიანი კონტრაქტი? - მარტივად დამწყებთათვის

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ჭკვიანი კონტრაქტები წინასწარ დაპროგრამებული და განსაზღვრული ხელშეკრულებებია. ტრადიციულად, კონტრაქტის გაფორმებას გარდა ორი მხარისა სჭირდება მესამე მხარეც - ბანკები, ნოტარიუსები თუ ადვოკატები - რათა მათ აღსრულების ძალა გააჩნდეთ. მეორე მხრივ კი, ჭკვიანი კონტრაქტები არიან ავტომატიზებული პროგრამები, რომლებიც ეთერიუმის ბლოკჩეინში არიან ჩაშენებულნი. ისინი ავტომატურად აღსრულდებიან ადამიანების ჩარევის გარეშე და მუშაობენ „თუ-მაშინ“ პრინციპით: თუ პირობა A შესრულდა, მაშინ პირობა B ამოქმედდება.

მაგალითად, წარმოიდგინე მანქანის გაყიდვის მარტივი ოპერაცია და კონტრაქტი. ტრადიციულად, ეს პროცესი მოიცავს რამოდენიმე ნაბიჯს, ფურცლებთან ურთიერთობასა და მესამე მხარის ჩართულობას. ჭკვიანი კონტრაქტის, ანუ Smart Contract-ის დახმარებით, პროცესი ავტომატიზებული ხდება. მას შემდგომ, რაც მყიდველის ტრანზაქცია ბლოკჩეინში დადასტურდება, ავტომობილის ფლობის უფლება ავტომატურად გადადის მყიდველის სახელის ქვეშ, სრულიად ავტომატიზებულად, ვინმეს დადასტურებისა და ჩარევის გარეშე.

როგორ მუშაობს ჭკვიანი კონტრაქტი?

ჭკვიანი კონტრაქტები ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით არსებობენ, უფრო კონკრეტულად კი, იმ დეცენტრალიზაციის დახმარებით, რომელიც უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობაზეა პასუხისმგებელი. მისი მუშაობა კი, შემდეგ ეტაპებად შეგვიძლია დავყოთ:

  1. აღსრულების კოდი: ჭკვიანი კონტრაქტები კომპიუტერული კოდისგან შედგება და ისინი ეთერიუმის ქსელში მომუშავე პროგრამულ ენა სოლიდითზე არიან შექმნილნი. ეს კონტრაქტები და კოდები ბლოკჩეინში ინახებიან უსაფრთხოდ და გარეშე ძალების ჩარევისგან დაცულად. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება იმ კონტრაქტის ფუნდამენტი, რომელიც შემდგომ აღსრულებაში შევა.

  2. პირობების გაწერა: როგორც ვახსენეთ, ჭკვიანი კონტრაქტები „თუ-მაშინ“ ლოგიკას ეფუძნება. მაგალითად, კრიპტო ტრანზაქციის კონტრაქტი შემდეგ პირობას აყენებდეს: „თუ 1 ეთერიუმი მივიღე, გადაირიცხოს 10 ტოკენი გამომგზავნთან“. მოკლედ, ამ ეტაპზე იქმნება ის პირობები, რომლითაც ჭკვიანი კონტრაქტი ავტომატიზებულად იფუნქციონირებს.

  3. დეცენტრალიზება: მას შემდგომ, რაც ჭკვიანი კონტრაქტი ამუშავდება, ბლოკჩეინ ქსელი პირობებს დაადასტურებს. რადგანაც ბლოკჩეინი სრულად დეცენტრალიზებული ეკოსისტემაა, მასში ჩართული უამრავი და ცალკეული კომპიუტერი (nodes) დაიწყებენ აღსრულებული პირობების შემოწმებას და ცენტრალიზებული ორგანოს გარეშე, მიიღებენ გადაწყვეტილებას - ავთენტურია თუ არა ყველაფერი.

  4. ავტომატიზებული აღსრულება: მას შემდგომ, რაც პირობები გადამოწმდება და დადასტურდება, ჭკვიანი კონტრაქტი ავტომატურად დაიწყებს აღსრულებას. მესამე პირების ჩართულობა მასში საჭირო არ არის.

ბლოკჩეინი ყოველ ტრანზაქციას სამუდამოდ და შეუცვლელად ინახავს, უზრუნველყოფს რა გამჭვირვალობასა და დაცულობას, ქსელში ერთხელ ჩაბეჭდილი ინფორმაცია ვეღარასდროს ვეღარ შეიცვლება.

რა უპირატესობები აქვს ჭკვიან კონტრაქტს?

ჭკვიანი კონტრაქტების კრიპტო ტრანზაქციებსა და ინდუსტრიაში გამოყენება მრავალ უპირატესობას გთავაზობს:

  • ეფექტურობა და ავტომატიზაცია

ჭკვიანი კონტრაქტები მესამე პირების ჩართულობის გარეშე - ბანკები, ნოტარიუსები და სხვა - ეფექტურად უმკლავდება დავალებას თავს და ამით ზრდის აღსრულების სიჩქარეს. პირობების შესრულებისთანავე კონტრაქტიც ავტომატურად სრულდება. სწორედ ავტომატიზაცია არის ის, რისი წყალობითაც იზოგება დრო, გამოირიცხება ადამიანური შეცდომები და ტრანზაქციაც გაცილებით ეფექტურად მუშავდება.

  • თანხების დაზოგვა

მესამე პირების გამოთიშვით, ჭკვიანი კონტრაქტები იმ თანხების დაზოგვაში გეხმარება, რომელიც მათი გაწეული სერვისების ნაცვლად უნდა გადაგეხადა. შენ აღარ მოგიწევს იურისტებისა და შესაბამისი ფირმებისთვის თანხების გადახდა, დიდ და მოცულობით ტრანზაქციებში კი, ეს მეტად მნიშვნელოვანია.

  • უსაფრთხოება და გამჭვირვალობა

ჭკვიანი კონტრაქტები და მათი ისტორია ბლოკჩეინში ინახება, რაც თავისთავად დეცენტრალიზაციას ნიშნავს. ყოველი ტრანზაქცია ხილულია ქსელში ჩართული ან დაინტერესებული ადამიანებისთვის, ეს კი გამჭვირვალობის დონეს ზრდის. ხოლო როდესაც ინფორმაცია ქსელში მოხვდება, მისი შეცვლა ან წაშლა შეუძლებელი ხდება, ეს კი ნდობისა და უსაფრთხოების დამატებითი წყაროა.

  • საიმედოობა

რადგანაც ჭკვიანი კონტრაქტები, იგივე Smart Contract, წინასწარ დაწერილ კოდს მიჰყვება, მათ აღარ სჭირდებათ დამატებითი მონიტორინგი და კონტროლი. თუკი კოდი თავიდანვე სწორად დაიწერა, კონტრაქტი დაგეგმილად იმუშავებს, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, განსხვავებით ტრადიციული კონტრაქტებისგან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება აღსრულებაში გადაიდოს ან სულაც გაუქმდეს.

რა გამოყენება აქვთ Smart Contract-ებს რეალურ სამყაროში?

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მთავარი არეალი კრიპტო ინდუსტრიაში ვრცელდება, მათი გამოყენება რეალურ სამყაროშიც ძალიან დიდია. მოკლედ, მათ გამოყენებაზე აუცილებლად უნდა იცოდე, თუკი შემდეგ სფეროებში მუშაობ:

კრიპტო ტრანზაქციები და ინდუსტრია

კრიპტო სამყაროში ჭკვიანი კონტრაქტები თითქმის ყველგან გვხვდება, იქნება ეს ტოკენებისა და ქოინების მიმოცვლა სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე თუ ავტომატური გადახდების დანერგვა. მაგალითად, დეცენტრალიზებული ბირჟები (DEXs) მომხმარებლებს შორის გადარიცხვების საწარმოებლად სრულად ჭკვიან კონტრაქტებს ეყრდნობიან, რითაც შუამავლების საჭიროებას აქრობენ.

დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)

ისეთი დეცენტრალიზებული პლატფორმები, როგორიც Aave და Compound არიან, თავიანთი სერვისების საწარმოებლად - კრიპტო სესხები - ჭკვიან კონტრაქტებს იყენებენ და ამით ტრადიციული საბანკო სერვისების საჭიროებას სრულად აქრობენ. Smart Contract-ები არიან პასუხისმგებელნი ყველაფერზე, იქნება ეს სესხის გაცემის პირობები, პროცენტის გადახდა თუ სხვა რამ, ამით კი იქმნება გაცილებით სწრაფი, ხელმისაწვდომი და დეცენტრალიზებული ფინანსური გარემო.

ჭკვიანი კონტრაქტების კრიპტოს გარეთ გამოყენება

Smart Contract-ები მხოლოდ კრიპტო ინდუსტრიაში არ გამოიყენებიან და მათ დიდი როლი სხვა სფეროებშიც აქვთ:

  • ლოჯისტიკური ქსელი: ჭკვიანი კონტრაქტები გარდა კრიპტო ტრანზაქციების ასახვისა შესაძლებლობას იძლევა, რომ პროდუქტი მიწოდების ყოველ ნაბიჯზე დეტალურად აკონტროლოს.

  • დაზღვევა: თუკი პირობები წინასწარ არის განსაზღვრული სადაზღვევო კონტრაქტში, ინციდენტის შემთხვევაში ანაზღაურებაც უფრო სწრაფად ხდება, ჭკვიანი კონტრაქტის ავტომატიზებული ბუნებიდან გამომდინარე.

  • უძრავი ქონება: სახლის ან სხვა ტიპის ქონების ყიდვა უფრო მარტივია მაშინ, როდესაც საქმეში ჭკვიანი კონტრაქტი ერთვება. თუკი გადახდის ან სხვა პირობები წინასწარ არის გაწერილი და ის შესრულდება, საკუთრების უფლებაც ყოველგვარი ჩართულობის გარეშე გადადის შესაბამის პირზე, სწრაფად და მარტივად.

რა რისკები აქვს ჭკვიან კონტრაქტებს?

მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი კონტრაქტები უამრავ უპირატესობებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მათაც აქვთ გარკვეული რისკები. ეს არის იმ პოტენციური რისკების ჩამონათვალი, რომელსაც შეიძლება მათი გამოყენებისას გადააწყდე:

  • ცდომილება კოდში

ჭკვიანი კონტრაქტები იმდენად არის უსაფრთხო და შეუქცევადი, რამდენადაც კარგად არის კოდი დაწერილი, რომელზედაც ისინი არიან დაშენებულნი. თუკი კოდში რაიმე ბაგი, ანუ ხარვეზი იქნება, შესაძლოა კონტრაქტი არასასურველი შედეგით აღსრულდეს.

  • ლეგალური პრობლემები

ჭკვიანი კონტრაქტები სცდება იმ ლეგალურ გარემოს, რომელშიც ტრადიციული შეთანხმებები ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ Smart Contract-ები კოდზე დაფუძნებული შეთანხმებები, შესაძლოა მათზე ტრადიციული სისტემა არ ვრცელდებოდეს.

მაგალითად, ჭკვიანი კონტრაქტი შესაძლოა ავტომატურად ამუშავდეს და საკუთარი დანიშნულება შეასრულოს მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ჯდება ის ადგილობრივი რეგულაციების ფარგლებში.

ჭკვიანი კონტრაქტების მომავალი და კრიპტო აქტივები

Smart Contract-ები განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ. რაც უფრო მასშტაბური ხდება ბლოკჩეინ ტექნოლოგია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ჭკვიანი კონტრაქტებიც მის კვალს გაჰყვება და სულ უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს მათ. ისეთი ქსელები, როგორიც სოლანა და პოლკადოტია, ეძებენ იმ გზებს, რომლითაც ჭკვიანი კონტრაქტები უფრო გამოყენებადი და კომფორტული გახდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც კრიპტო ინდუსტრიაში დიდად ჩართული არ არიან.

გარდა ამისა, ჭკვიან კონტრაქტებს დიდი როლი აქვს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (Dapps)-ების განვითარებასა და ზოგადად, კრიპტო ეკოსისტემის დახვეწაში. რაც უფრო მეტი ინდუსტრია იყენებს ბლოკჩეინს, მით უფრო იზრდება ავტომატიზაცია და ჩვენი ფინანსური თავისუფლება.

როგორ შევქმნა Smart Contract?

თუ დამწყები ხარ და დაინტერესებული ხარ ჭკვიანი კონტრაქტებით, მაშინ უნდა იცოდე, რომ მათ ასამუშავებლად ყველაზე პოპულარული ქსელი ეთერიუმია, ხოლო პროგრამული ენა - სოლიდითი. გარდა ეთერიუმისა, სხვა ქსელებიც ნერგავენ ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენების შესაძლებლობას - სოლანა და Binance Smart Chain.

თუ კოდის წერა ახალი დაწყებული გაქვს, მაშინ დამწყებთათვის კარგი პლატფორმაა Remix. ის დაგეხმარება შექმნა შენი პირველი ჭკვიანი კონტრაქტი.

შეჯამება: კრიპტო ტრანზაქციების რევოლუცია და ჭკვიანი კონტრაქტები

ჭკვიანი კონტრაქტები ცვლიან იმ შეხედულებას, რაც ჩვენ შეთანხმებებსა და ტრანზაქციებზე გვაქვს, განსაკუთრებით კი, კრიპტო ინდუსტრიაში. ავტომატიზებული პროცესის, გაძლიერებული უსაფრთხოებისა და შუამავლების არ არსებობის პირობებში კრიპტო ტრანზაქციები უფრო სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალეა.

ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ჭკვიან კონტრაქტებთან ერთად, აგრძელებს განვითარებას და კრიპტო ინდუსტრიის რევოლუციას. დიდი ხანია რაც Smart Contract-ები გასცდა კრიპტოს და უფრო გლობალურ ფენომენად გადაიქცა.

Support