რა არის ბლოკჩეინი? - რატომ არის მნიშვნელოვანი ის კრიპტოვალუტებისთვის
ბლოკჩეინი კრიპტოვალუტების სამყაროში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და სწორედ მისი წყალობით არის შესაძლებელი ისეთი ციფრული აქტივების ცენტრალური მაკონტროლირებელი ორგანოს გარეშე არსებობა, როგორიც მაგალითად ბიტკოინია. მაგრამ, უფრო კონკრეტულად, რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?
თუკი კრიპტო ინდუსტრიაში ახალი ხარ, მაშინ აუცილებლად უნდა გესმოდეს რა პრინციპსა და ტექნოლოგიაზე დგას მთლიანი ინდუსტრია.
ამ ბლოგში კი, ყველაფერს მარტივად გეტყვით, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია, რატომ არის ის კრიპტოვალუტებისთვის მნიშვნელოვანი და რა გამოყენება აქვს ბლოკჩეინს რეალურ სამყაროში.
საბაზისო ცნებები ბლოკჩეინის შესახებ
რა არის ბლოკჩეინი?
მარტივად რომ ვთქვათ, ბლოკჩეინი არის ციფრულ სამყაროში არსებული ჯაჭვი, ან თუნდაც ჩანაწერების ჟურნალი, სადაც ქსელში განხორციელებული ყოველი ტრანზაქცია სამუდამოდ იბეჭდება და ერთმანეთს უკავშირდება ინფორმაციის უწყვეტობის პრინციპით. ტრადიციული საფინანსო სისტემისგან განსხვავებით, სადაც მაკონტროლირებელ ფუნქციას ერთი რომელიმე ცენტრალური ორგანო ასრულებს, ბლოკჩეინ ტექნოლოგია სრულად დეცენტრალიზებულ პრინციპს ეფუძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი ინფორმაცია ქსელში ჩართულ უამრავ კომპიუტერში ერთდროულად ინახება, ამ კომპიუტერებს კი nodes ჰქვიათ.
დეცენტრალიზებულობის ეს პრინციპი კი იმის გარანტია, რომ ვერცერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ყველა კომპიუტერზე კონტროლის დამყარების გარეშე ვერ შეძლებს თვითნებურად რაიმე ცვლილების შეტანას და რეალობის ფალსიფიცირებას.
ყოველი ჩანაწერი, რომელიც ბლოკში თავსდება, შეიცავს ინფორმაციას წარსული ტრანზაქციების შესახებ. ეს ბლოკები კი, კრიპტოგრაფიად ცნობილი ტექნოლოგიის წყალობით, ერთმანეთს უკავშირდება და იქმნება ჯაჭვი. ბლოკჩეინი კი ხელუხლებელი კონცეპტია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი იქ რაიმე სახის ინფორმაცია ჩაიწერება, მისი შეცვლა, გადაწერა და წაშლა სამუდამოდ ხდება შეუძლებელი, ეს კი ერთი მხრივ გამჭვირვალობის, მეორე მხრივ - უსაფრთხოების გარანტიაა.
როგორ მუშაობს ბლოკჩეინი?
ბლოკები, ტრანზაქციები და კრიპტოგრაფია
ბლოკჩეინის მუშაობის ფარგლებში ინფორმაცია ბლოკებში ინახება, სადაც ყოველი მომდევნო ბლოკი წინას უკავშირდება, რითაც ინფორმაციის უსაფრთხო და დაცული ჯაჭვი იქმნება. როდესაც ახალი ტრანზაქცია ფიქსირდება - კრიპტოს ყიდვა ან გაყიდვა - ყველა დეტალი სწორედ ბლოკში ინახება. თავად ბლოკი კი, უნიკალური კოდისგან შედგება, რომელსაც კრიპტოგრაფიული ჰეში (hash) ჰქვია. ეს ერთგვარი მათემატიკური ალგორითმია, რომლის შეცვლაც თითქმის შეუძლებელია.
როდესაც ტრანზაქციების საკმარისი რაოდენობა მოიყრის თავს ერთ ბლოკში, ის ავტომატურად ბლოკჩეინში გადადის და ჯაჭვში საკუთარ ადგილს სამუდამოდ იმკვიდრებს, ყოველგვარი შეცვლისა ან წაშლის გარეშე. სწორედ აქ შემოდის საქმეში კრიპტო მაინინგი. მაინერები შენი ტრანზაქციის, იქნება ის კრიპტის ყიდვა, გაყიდვა თუ უბრალოდ გადარიცხვა, დასადასტურებლად, იყენებენ მძლავრ კომპიუტერულ მოწყობილობებს, მათი დახმარებით ხსნიან კომპლექსურ მათემატიკურ ამოცანებს, შემდგომ კი შენი ტრანზაქციის ავთენტურობაც დასტურდება. როდესაც მაინერი წარმატებით ამოხსნის მათემატიკურ თავსატეხს, ბლოკი ბლოკჩეინში გადაინაცვლებს, მაინერი კი სანაცვლოდ გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტას იღებს გასამრჯელოს სახით. ეს პროცესი არის იმის გარანტი, რომ ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა უსაფრთხო ცნებებია.
დეცენტრალიზებული ქსელი
დეცენტრალიზებულობა ბლოკჩეინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მაშინ, როდესაც ტრადიციულ საფინანსო და საბანკო სექტორებში ცენტრალური ორგანო არსებობს, რომელიც ტრანზაქციებსაც ადასტურებს და გადაწყვეტილებებსაც ერთპიროვნულად იღებს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ასეთი ცნება არ არსებობს და ყველაფერი კონსენსუსის შედეგად მიიღწევა. ყოველი ქსელში ჩართული კომპიუტერი, ანუ node, ინახავს მთლიანი ბლოკჩეინის ისტორიას, ახალი ტრანზაქციების ჩამატებაზე კი, თანხმობა node-ის უმეტესობამ უნდა განაცხადოს თანხმობა - დემოკრატიულად და დეცენტრალიზებულად.
ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
ბლოკჩეინის როლი კრიპტოვალუტების ფუნქციონირებაში
ბლოკჩეინი ისეთი კრიპტოვალუტებისთვის, როგორიც ბიტკოინია, ფუნდამენტურ მნიშვნელობას ასრულებს. მისი წყალობით კრიპტო აქტივები ტრადიციული საფინანსო სექტორის კონტროლს სცდებიან და დამოუკიდებლად არსებობენ. როგორც ვახსენეთ, ყოველი ტრანზაქცია ბლოკჩეინში უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ ინახება.
როდესაც კრიპტო ბირჟის დახმარებით კრიპტოს ყიდულობ, შენი ტრანზაქცია ბლოკჩეინში ინახება. მსგავსად, როდესაც შენს აქტივებს კრიპტო საფულეში ინახავ, პაროლის ფუნქციის შემთავსებელი პერსონალური გასაღები (private keys) ბლოკჩეინს იდენტობის დადასტურებისთვის უკავშირდება. ბლოკჩეინი უზრუნველყოფს იმას, რომ შენი აქტივები უსაფრთხოდ და დეცენტრალიზებულად, ყოველგვარი ცენტრალური ორგანოს კონტროლის გარეშე იყოს შენახული.
რატომ არის ბლოკჩეინი აუცილებელი კრიპტოვალუტებისთვის
ბლოკჩეინის გარეშე კრიპტო ინდუსტრია თავის ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობებს დაკარგავდა - დეცენტრალიზაცია, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. ბლოკჩეინი კრიპტოვალუტებს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად იარსებონ ისეთ გარემოში, სადაც მომხმარებლებს თავიანთ აქტივებზე სრული კონტროლი თავად ექნებათ, ქსელის წყალობით იარსებებს ნდობა და კრიპტოგრაფიის დახმარებით იქნება უსაფრთხოება.
ბლოკჩეინის პრაქტიკული გამოყენება რეალურ სამყაროში
ბლოკჩეინი ლიმიტირებული არ არის მხოლოდ ბიტკოინით ან რომელიმე სხვა კრიპტოვალუტით. კრიპტოს გარეთ, მისი უპირატესობებისა და ტექნოლოგიის გამოყენება ბევრ ასპექტში შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ჭკვიანი კონტრაქტებია, რომლებიც წინასწარ დათქმული პირობების აღსრულების შემთხვევაში, ავტომატურად აქტიურდებიან. ამ ტიპის კონტრაქტები ერთგვარი შეთანხმებებია, რომლებსაც იურისტები და სხვა შუამავლები არ სჭირდება.
მაგალითად, თუკი ორი ადამიანი ციფრული ნამუშევრის მიმოცვლაზე შეთანხმდება, ჭკვიან კონტრაქტში ჩადებენ მსგავს პირობას - თუკი ერთი ადამიანის ციფრულ საფულეში გაჩნდება მეორე ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი ნამუშევარი, ეს უკანასკნელი ავტომატურად, დადასტურებების გარეშე მიიღებს წინასწარ განსაზღვრულ კრიპტოს ან თანხას მის საფულეში.
თუკი პირობა ა შესრულდება, მაშინ ჭკვიანი კონტრაქტი პირობა ბ-ს ავტომატურად აღასრულებს.
ბლოკჩეინის რეალურ სამყაროში გამოყენების კიდევ ერთი კარგი მაგალითი ლოჯისტიკური ქსელია. ბლოკჩეინს აქვს შესაძლებლობა პროდუქტის ყველა განვლილი გზა, შექმნიდან მომხმარებლამდე მისული, შეინახოს ხელუხლებლად. ეს მნიშვნელოვანია გამართული მოთხოვნა-მიწოდების სისტემის არსებობისა და პროდუქტის განვითარებისათვის, განსაკუთრებით კი ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიც საკვები და ფარმაცეპტიკული ინდუსტრიებია.
ჯანდაცვის სფეროში ბლოკჩეინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კერძოდ კი - ქსელში უსაფრთხოდ და ამავე დროს ხელმისაწვდომად ინახება პაციენტის სენსიტიური ინფორმაცია და ისტორია. ციფრული იდენტობის ხანაში, ბლოკჩეინი მნიშვნელოვან გზად იქცა დაიცვა საკუთარი იდენტობა, ინფორმაცია და აქტივები ისე, რომ მათთან წვდომა მარტივადაც შეგეძლოს.
რა უპირატესობები აქვს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას?
გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და დეცენტრალიზაცია
ბლოკჩეინის დეცენტრალიზებული ბუნება ფინანსურ სამყაროში მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს. იმის გათვალისწინებით, რომ ქსელი გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომია სანახავად, დეცენტრალიზება კიდევ ერთ ასპექტში ვლინდება - არ არსებობს ერთი, მაკონტროლირებელი ორგანო, რომელსაც თვითნებურად და ერთპიროვნულად შეეძლება უკვე არსებული ინფორმაციის წაშლა, გადაწერა და ა.შ. გამჭვირვალობა კი, ხელს უწყობს სანდოობას.
უსაფრთხოება ბლოკჩეინის კიდევ ერთი უპირატესობაა. ყოველი ბლოკი კრიპტოგრაფიის წყალობით უსაფრთხოდ ინახება ბლოკჩეინში, თუკი ინფორმაცია ქსელში მოხვდა, მისი შეცვლა და წაშლა შეუძლებელი ხდება სამყაროში შესაბამისი კომპიუტერული რესურსის გათვალისწინებით. სწორედ ეს აქცევს ბლოკჩეინს ჰაკერებისა და თაღლითებისთვის მიუწვდომელ სისტემად.
დეცენტრალიზაცია კი, სრულად აქრობს შუამავლების საჭიროებას. ბლოკჩეინის წყალობით, მომხმარებლებს პირადად შეუძლიათ ჰქონდეთ კონტროლი საკუთარ ფინანსურ აქტივებზე, დამოუკიდებლად განახორციელონ ტრანზაქციები და მეტიც - შექმნან ჭკვიანი კონტრაქტები. ამ ყველაფრისთვის კი, არც ერთ ეტაპზე არ გჭირდება რომელიმე ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტის ჩართულობა.
რა რისკები და გამოწვევები ახლავს თან ბლოკჩეინს?
მოცულობა და ენერგიის მოხმარება
მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინი მომხმარებლებს უამრავ უპირატესობას სთავაზობს, გარკვეული გამოწვევები მაინც არსებობს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი მოცულობებია, რომელსაც ინგლისურად scalability ჰქვია. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს ბლოკჩეინს, ის მეტად უფრო იტვირთება, ნელდება და ძვირი ხდება გამოსაყენებლად. მაგალითად, ბიტკოინის ტრანზაქციები შესაძლოა ქსელის გადატვირთულობიდან გამომდინარე დროში გაიწელოს.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ინდუსტრიას აქვს კრიპტო მაინინგიდან გამომდინარე ენერგიის დიდი მოხმარებაა. მაინინგი მძლავრ კომპიუტერული რესურს მოითხოვს, ქსელში ჩართული უამრავი მოწყობილობა კი, თავის მხრივ ბევრ ელექტრო ენერგიას მოიხმარს. ინდუსტრია ერთ ადგილას არ დგას და ამ პრობლემის გადასაჭრელად უამრავი გზა მოისინჯა, ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტა მეტად-ეფექტური კონსენსუსის მექანიზმების მოძიება გამოდგა, რომელსაც Proof of Stake ჰქვია.
რა როლი ექნება ბლოკჩეინს მომავლის ფინანსებში?
დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) და სხვა
ბლოკჩეინ ტექნოლოგია და მასთან ერთად კრიპტოვალუტა, მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევენ საფინანსო სამყაროში. დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) კი, ზოგიერთი ადამიანის აზრით რევოლუციური საფინანსო სექტორიც კი არის. DeFi არის სექტორი, რომელიც მომხმარებლებს ისეთი ქმედებების დამოუკიდებლად, შუამავლების გარეშე წარმოების საშუალებას აძლევს, როგორიც არის სესხის აღება, გასესხება, ვაჭრობა და ა.შ.
სანაცვლოდ, მსგავს სერვისებს მომხმარებლებს დეცენტრალიზებული პლატფორმები შესთავაზებენ, რომელთაც ასევე არ ჰყავთ მაკონტროლირებელი და შემზღუდავი ორგანო.
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოპულარობის ზრდასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებსაც გაუჩნდათ მისი გამოყენების სურვილი და ასე დაიბადა ცენტრალური ბანკების ციფრული აქტივები (CBDCs) - ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ეროვნული ვალუტების ციფრული ვერსიები. ცენტრალიზების მიუხედავად, ამგვარი აქტივები ბლოკჩეინის ისეთ უპირატესობებს იყენებენ, როგორიც უსაფრთხოებაა. მსგავსი ქმედებები კი, სამომავლოდ უფრო ამცირებს ზღვარს ტრადიციულ საფინანსო სისტემასა და დეცენტრალიზებულ სექტორს შორის.
შეჯამება
ბლოკჩეინი რეალურად რევოლუციური ინდუსტრიაა, რომელიც კრიპტოვალუტების წყალობით ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად უფრო ხშირად ჩნდება. მისი დეცენტრალიზებული ბუნება, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა მიმზიდველია არა მხოლოდ ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტების მომხმარებლებისთვის, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა არის, არამედ რეალურ სამყაროში არსებული ინდუსტრიებისთვისაც, იქნება ეს საფინანსო სამყარო, ჯანდაცვის სფერო თუ სხვა. ბლოკჩეინის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო აშკარა ხდება მისი მზარდი როლი მომავალში.
არ აქვს მნიშვნელობა, კრიპტო მოგზაურობას ახლა იწყებ თუ უკვე გამოცდილი ხარ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კარგად გაგება ყველასათვის მნიშვნელოვანია.