კრიპტო მარტივად - ყველაფერი დამწყებთათვის
კრიპტო აქტივი თანამედროვე საფინანსო სისტემაში სწრაფად შემოიჭრა და ადამიანებს მისცა შესაძლებლობა შეინახონ აქტივები და ღირებულება ტრადიციული საბანკო სისტემის გამოყენების გარეშე. თუმცა, რა არის კრიპტოვალუტა უფრო კონკრეტულად და რატომ გახდა ის ასე სწრაფად გლობალური ფენომენი?
ამ ბლოგში მოგიყვებით ყველა იმ საბაზისო ნიუანსს, რაც კრიპტოვალუტას ეხება, მარტივად გეტყვით როგორ მუშაობს და რა პოტენციურ რისკებსა და სარგებელს შეიცავს ის. არ აქვს მნიშვნელობა უკვე დაგიგროვდა გამოცდილება კრიპტო სამყაროში თუ ახლა დგამ პირველ ნაბიჯებს, ამ ბლოგში შენთვის სასარგებლო ინფორმაციას აუცილებლად ნახავ.
რა არის კრიპტო აქტივი?
მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტო აქტივი, იგივე კრიპტო, არის ვირტუალური ან ციფრული ფულის ფორმა, რომელსაც გარკვეული ღირებულება გააჩნია და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ტრადიციული ფულისგან განსხვავებით, რომელსაც მთავრობები ბეჭდავენ, იქნება ის ლარი, ა.შ.შ. დოლარი თუ ევრო, კრიპტოვალუტა სრულიად დეცენტრალიზებულ ქსელში, ანუ ბლოკჩეინში მუშაობს და მას მთავრობის მსგავსი მაკონტროლირებელი ორგანო არ ჰყავს. სწორედ ეს დეცენტრალიზება უზრუნველყოფს იმას, რომ კრიპტოვალუტა თავისუფალია ბანკების, მთავრობებისა და ყოველგვარი რეგულაციებისგან.
ყველაზე კარგი მაგალითი ბიტკოინია, პირველი და ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა. თუმცა, ამჟამად ათასობით სხვა პოპულარული კრიპტოვალუტა არსებობს ბაზარზე, მათ შორის ისეთი როგორიც ეთერიუმი ან სხვა ალტქოინები არიან. ყველა კრიპტოვალუტა საკუთარი უნიკალური მახასიათებლებითა და თვისებებით გამოირჩევა, თუმცა ყველა მათგანს აქვს საერთო - კრიპტოგრაფია და დეცენტრალიზებულობა.
იმისათვის, რომ კრიპტოვალუტა სრულად და საფუძვლიანად გავიგოთ, მის უკან მდგომი ტექნოლოგია - ბლოკჩეინი - უნდა გავიაზროთ.
იმის გაგებით, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ჩვენ ვიგებთ თუ რა არის კრიპტოვალუტა და რატომ არის მისი ყოველი ტრანზაქცია უსაფრთხო.
კრიპტოს ისტორია
კრიპტო, როგორც კონცეპტი ახალი სულაც არ არის და საფუძველს ჯერ კიდევ 2000-იან წლებში იღებს, თუმცა თეორიას რეალურად ხორცი 2009 წელს, ბიტკოინის გამოჩენით შეესხა, რომელიც სატოში ნაკამოტოს ქვეშ მყოფი ანონიმური ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ შექმნა, როგორც პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. ბიტკოინის შექმნა ნამდვილად რევოლუციური მოვლენა იყო, რომელიც ადამიანებს აქტივების ერთმანეთში მიმოცვლის შესაძლებლობას ცენტრალიზებული საბანკო შუამავლების გარეშე აძლევდა.
მას შემდგომ კრიპტოვალუტები საგრძნობლად გაიზარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი კვლავაც ინდუსტრიის ლიდერია, გამოჩნდნენ სხვა კრიპტოვალუტებიც, მაგალითად ეთერიუმი, რომელსაც ჭკვიანი კონტრაქტების ფუნქცია აქვს - შეთანხმებების ავტომატური აღსრულება. იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს ეთერიუმის ჭკვიანი კონტრაქტები დაგეხმარება უკეთესად გამოიყენო კრიპტო ინდუსტრიის ყველა უპირატესობა.
მოკლედ, ყველაფერი 2009 წელს, სატოში ნაკამოტოს მიერ ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე გამოქვეყნებული „გზამკვლევის“ წყალობით დაიწყო, რომელიც შემდგომ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტა ბიტკოინად გადაიქცა, სხვა დანარჩენი კი ისტორიაა.
როგორ მუშაობს კრიპტო?
კრიპტოვალუტების მუშაობაში უმნიშვნელოვანესი როლი ეგრეთ წოდებულ გასაღებს შეაქვს, რომელიც ორ ტიპად იყოფა - საჯარო და პირადი გასაღები. ყველასათვის გასაგები საბანკო ტერმინებით რომ ავხსნათ, საჯარო გასაღები შენი ერთგვარი საბანკო ანგარიშია, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა კრიპტოვალუტასა და აქტივს გირიცხავენ, ხოლო პირადი გასაღები ერთგვარი პაროლის როლს ასრულებს, რომლის დახმარებითაც შენ წვდომა გიჩნდება შენს საკუთრებაში არსებულ კრიპტო აქტივებთან.
ყოველი განხორციელებული ტრანზაქცია კი, დეცენტრალიზებულობის პრინციპიდან გამომდინარე, ქსელში, ანუ ბლოკჩეინში ჩაბმული კომპიუტერების წყალობით დასტურდება და ამ კომპიუტერებს მაინერები ჰქვიათ. მაინერების ჩართულობა ტრანზაქციაში გამორიცხავს ცენტრალიზებული მაკონტროლირებელი ორგანოს საჭიროებას, ყოველი განხორციელებული გადარიცხვა კი, დადასტურების შემდგომ სამუდამოდ ინახება ბლოკჩეინში, ზუსტად ისე, როგორც საბანკო გადარიცხვები ინახება ტრანზაქციებში, თუმცა ბლოკჩეინში ყოველი ქმედება გამჭვირვალე და შეუცვლელია.
როგორც ვახსენეთ, დეცენტრალიზებულობის პრინციპი სრულიად გამორიცხავს შუამავლების საჭიროებას და მომხმარებლებს რეალურ ფინანსურ თავისუფლებას ანიჭებს განკარგონ თავიანთი აქტივები ანონიმურად.
ტრანზაქციების დადასტურების პროცესს, რომელსაც მაინერები უძღვებიან, მაინინგი ჰქვია და ის კრიპტო ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს. გაწეული შრომისათვის კი, ყოველი დადასტურებული ტრანზაქციიდან მაინერები გარკვეულ ჯილდოს იღებენ იმ კრიპტოვალუტაში, რომელშიც გადარიცხვა განხორციელდა.
რა ტიპის კრიპტო არსებობს?
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი ყველაზე დიდი და პოპულარული კრიპტოვალუტაა, ბაზარზე სხვა უამრავი ქოინი და ციფრული აქტივი არსებობს, რომლებსაც ხშირად ალტქოინებადაც მოიხსენიებენ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება შენთვისაც ცნობილი იყოს:
- ბიტკოინი (BTC): კრიპტოვალუტების პიონერი, რომელიც საინვესტიციო აქტივად გამოიყენება და ადამიანები მისი ყიდვით ერთდროულად ღირებულებასაც ინახავენ და ინვესტიციასაც აბანდებენ.
- ეთერიუმი (ETH): ცნობილი, როგორც მეორე ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა და ჭკვიანი კონტრაქტების მთავარი შემოქმედი. ამ კრიპტოს წყალობით ადამიანებს გარდა საინვესტიციო პოტენციალისა შეხება დეცენტრალიზებულ ეკოსისტემასთანაც აქვთ.
- ლაითქოინი (LTC): ამ კრიპტოვალუტას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „კრიპტო ვერცხლი“, რადგან ის მისი სისწრაფიდან და დაბალი საკომისიოებიდან გამომდინარე ტრანზაქციებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ციფრული აქტივია, სწორედ ისეთი პოპულარული, როგორც რეალურად ვერცხლი.
გარდა ამ სამი პოპულარული აქტივისა, კრიპტოვალუტების დიდ ინდუსტრიაში სხვა ტიპის ქოინებიც არსებობენ, რომლებსაც ალტქოინები, მიმქოინები და ა.შ. ჰქვიათ. ქოინის ტიპს ძირითადად მისი მუშაობის პრინციპი და დანიშნულება განსაზღვრავს, თუმცა ხშირად კრიპტოვალუტის შექმნის ისტორიაც დიდ როლს თამაშობს ამა თუ იმ აქტივის კატეგორიზაციაში.
რა უპირატესობა აქვს კრიპტოს?
კრიპტოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მის დეცენტრალიზაციაში მდგომარეობს. ეს კი, დამატებით უპირატესობებს ქმნის მომხმარებლებისათვის:
- დეცენტრალიზაცია: არც ერთი ორგანო ერთპიროვნულად არ აკონტროლებს კრიპტოვალუტას, რაც ინდუსტრიას დაცულს ხდის მანიპულაციებისა და გარეგანი ჩარევებისგან.
- დაბალი საკომისიოები: ტრადიციულ საბანკო სექტორთან შედარებით კრიპტოვალუტა ნაკლები საკომისიოებით გამოირჩევა, განსაკუთრებით თუ საერთაშორისო ტრანზაქციებზე ვსაუბრობთ.
- ხელმისაწვდომობა: კრიპტოვალუტა რეალურად ხელმისაწვდომი ინდუსტრიაა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო ხელი არ მიუწვდებათ საბანკო სექტორზე. ამის კარგი მაგალითი აფრიკის რამოდენიმე ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს კრიპტოს, ძვირადღირებული და რთულად მისაწვდომი საბანკო სექტორის პირისპირ.
ამ უპირატესობების გარდა, ინდუსტრიას ბევრი ისეთი პლიუსი აქვს, როგორიც არის: ინფლაციის მიმართ მდგრადობა, 24/7 ხელმისაწვდომობა, სრული ფინანსური თავისუფლება და ა.შ.
რა რისკებს შეიცავს კრიპტო?
მიუხედავად ინდუსტრიის უამრავი უპირატესობისა, კრიპტოვალუტა და მასთან დაკავშირებული სერვისები მაინც შეიცავენ გარკვეულ რისკებს:
- ვოლატილობა: მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივები ინფლაციის მიმართ მდგრადები არიან, ვოლატილობის პრობლემა მაინც წარმოიშვება. შესაძლოა რომელიმე კრიპტოს ფასი დროის მოკლე პერიოდში ხშირად შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო.
- უსაფრთხოების რისკები: მიუხედავად ბლოკჩეინის დაცულობისა, კრიპტოვალუტების შემთხვევაში უსაფრთხოების საკითხი ინდივიდუალურ დონემდე დადის. მნიშვნელოვანია, რომ შენ თავად უზრუნველყო შენი აქტივების უსაფრთხოდ შენახვა სხვადასხვა ტიპის კრიპტო საფულეში.
- სქემერები: სამწუხაროდ, კრიპტო ინდუსტრიის არნახული ზრდა მხოლოდ კარგ მხარეში არ გამოიხატება. რაც უფრო დიდია მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება და ინვესტიციების ზრდა, მით უფრო იმატებს სქემერებისა და თაღლითების რაოდენობაც. თუ გინდა შენი აქტივები დაიცვა, მაშინ უსაფრთხოების ზომები უნდა გაითვალისწინო.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა და გამოყენება?
თუ ფიქრობ რომ დამწყები ხარ და კრიპტოს ყიდვა რთულ პროცედურებს უკავშირდება, ცდები. ისეთი კრიპტოვალუტების ყიდვა, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა პოპულარული აქტივები არიან კრიპტო ბირჟების დახმარებით შეგიძლია.
კრიპტო ბირჟები არიან ისეთი პლატფორმები, რომლებიც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებენ და მათ შესაძლებლობას აძლევენ, რომ სასურველი აქტივები უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში გაცვალონ ერთმანეთში.
ერთ-ერთი ასეთი კრიპტო ბირჟა კრიპტალია, რომელიც სიმარტივიდან, დაბალი საკომისიოებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მორგებულია როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ მომხმარებლებზე.
გარდა ამისა, პლატფორმაზე შეგიძლია შენი BOG და TBC Bank-ის საბანკო ბარათები დაუკავშირო და თანხა რამოდენიმე წამში, შეიტანო ან გაიტანო შენი ანგარიშიდან.
ციფრული აქტივის შეძენით შენი კრიპტო მოგზაურობა არ მთავრდება, მნიშვნელოვანია, რომ შენს საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტა უსაფრთხოდ შეინახო და ამისათვის კრიპტო საფულე დაგჭირდება, რომელიც სხვადასხვა ტიპის არსებობს, იქნება ცხელი & ცივი თუ ონლაინ საფულეები.
კრიპტო და მომავლის ფინანსები
კრიპტოვალუტა უბრალოდ მორიგი წარმავალი ტრენდი არ არის, მათ რეალურად შესწევთ ძალა, რომ გლობალური საფინანსო სისტემა გარდაქმნან. ისეთი ინოვაციური ინდუსტრიები, როგორიც დეცენტრალიზებული ფინანსებია (DeFi) მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გვერდი აუარონ ტრადიციულ საფინანსო სექტორს და საკუთარი ფინანსები სრულიად დამოუკიდებლად განკარგონ. ამ ცვლილებას კი, უახლოეს მომავალში რეალურად შეუძლია ჩვენი წარმოდგენები საბანკო სისტემაზე ფუნდამენტურად შეცვალოს.
მეორე მხრივ კი, ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტა (CBDCs) იმაზე ახლოს არის, ვიდრე ეს წარსულში ჩანდა. მთავრობების მიერ მხარდაჭერილი ციფრული აქტივები საფუძვლიანად ცვლის ურთიერთობას კრიპტოვალუტასა და ტრადიციულ საფინანსო სისტემას შორის.
შეჯამება
კრიპტოვალუტა არის შესაძლებლობების უზარმაზარი სივრცე, სადაც ადამიანები სარგებლობენ ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზაციის ყველა უპირატესობით - უსაფრთხოება, რეალური ფინანსური თავისუფლება და პოტენციური სარგებელი.
მიუხედავად უამრავი პოზიტიური თვისებისა, კრიპტო ინდუსტრიას თან ახლავს საკუთარი რისკებიც, რომლებიც ძირითადად თაღლითებს უკავშირდება.
ხოლო თუ კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა და ზოგადად კრიპტო ვაჭრობა გინდა დაიწყო, მაშინ აუცილებელია რომ კრიპტოვალუტების საბაზისო ცნებებში გაერკვე.