Სარჩევიchevron-down
რას გაიგებ კრიპტო საფულის შესახებ?
რა არის კრიპტო საფულე? - მარტივი ენით ახსნილი
რა არის Private და Public Key კრიპტო საფულეში?
რა ტიპის კრიპტო საფულეები არსებობენ?
ცხელი საფულე ანუ Hot Wallet
ცივი საფულე, ანუ Cold Wallet
ონლაინ საფულე (Online Wallet)
კრიპტო საფულე - ცხოვრებისეული ტერმინებით:
Georgian text about Crypto Wallet 1000x300
2024-02-14clock6 minutes

რას გაიგებ კრიპტო საფულის შესახებ?

ბევრი ადამიანისთვის უცხო და უცნაურია კრიპტო საფულე და მისი გამოყენება. რეალურად კი, იდენტურ პროდუქტს ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გაუაზრებლად, ყოველდღიურად და საკმაოდ კომფორტულად იყენებს. თუკი ერთი შეხედვით ეს წარმოუდგენლად ჟღერს, ამ ბლოგში აგიხსნით ყველაფერს მარტივად.

შენთვის გასაგებ ენაზე, ცხოვრებისეული ტერმინებით გაიგებ რა არის კრიპტო საფულე, როგორ გამოიყენო ის მარტივად, როგორც ტრადიციული საბანკო აპლიკაცია და გაჩვენებთ, რომელი კრიპტო საფულე შეიძლება იყოს შენზე მორგებული - კრიპტოს აქტიურად ყიდულობ თუ უბრალოდ ერთჯერადად გირიცხავენ რომელიმე ციფრულ აქტივს, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი თუ სხვა.

რა არის კრიპტო საფულე? - მარტივი ენით ახსნილი

კრიპტო საფულე არის ადგილი, სადაც შენ ინახავ სხვადასხვა კრიპტოვალუტას, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი თუ სხვა ნებისმიერი ციფრული აქტივი.

ადამიანები წარსულში თავიანთ მოძრავ ქონებას ქისებსა და მუთაქებში ინახავდნენ, მოგვიანებით გამოჩნდა საფულეები და ქაღალდის ბანკნოტები, კიდევ უფრო მოგვიანებით კი, საფულეები გაციფრულდა და საბანკო ანგარიშის სახე მიიღო, რომელშიც რეალური ფული ციფრული სახით არის განთავსებული. დღეს კი, კრიპტო საფულეები გვაქვს, რომელშიც კრიპტო ფულს ინახავ.

წარმოიდგინე, რომ კრიპტო საფულე = შენი საბანკო ანგარიში, სადაც უსაფრთხოდ მოთავსებულია შენს საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი. კრიპტო საფულეში ზუსტად ისე ინახავ და მართავ კრიპტოვალუტებს, როგორც ტრადიციულ საბანკო ანგარიშში გაქვს სხვადასხვა ფიატ ვალუტა - ქართული ლარი, ა.შ.შ დოლარი, ევრო და სხვა.

კრიპტო საფულეები ერთმანეთისგან სხვადასხვა ფუნქციონალით განსხვავდებიან, ზუსტად ისე, როგორც საბანკო ანგარიშები. მაგალითად, ზოგიერთ კრიპტო საფულეში ყველა ტიპის კრიპტოვალუტას ვერ ინახავ და შეიძლება ყოველ ციფრულ აქტივს თავისი კრიპტო საფულე დასჭირდეს. მაგალითად, თუკი ბიტკოინის შენახვა გინდა, ბიტკოინის საფულე გჭირდება, ან იქნებ შენი მეგობარი ლაითქოინს გირიცხავს, მაშინ ლაითქოინის საფულე გჭირდება. ზუსტად ისე, როგორც საბანკო ანგარიშის შემთხვევაში, სადაც ლარის შესანახად ლარის ანგარიში გჭირდება, ა.შ.შ. დოლარის შესანახად კი, დოლარის ანგარიში.

ისევე როგორც შენს საბანკო ანგარიშს, კრიპტო საფულესაც შეიძლება სხვადასხვა ფუნქციონალი და შესაძლებლობები ჰქონდეს. საბანკო ანგარიშის მთავარი დანიშნულება ფულის უსაფრთხოდ შენახვაა, სწორედ ასეა კრიპტო საფულის შემთხვევაშიც, რომლის უმთავრესი დანიშნულება შენი კრიპტოს ერთ სივრცეში უსაფრთხოდ შენახვაა. თუმცა, როგორც იცი, საბანკო ანგარიშს აქტივების შენახვის გარდა ისეთი ფუნქციებიც აქვს, როგორიც მაგალითად ლარის ევროში კონვერტაცია, შენი ანგარიშიდან მეგობრის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა და სულაც, ანაბრის გახსნაა.

ზუსტად ასეა კრიპტო საფულეც, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა, საბანკო ანგარიშის მსგავსი ფუნქცია ჰქონდეს. მაგალითად:

  • ფულის შენახვა = კრიპტოვალუტის შენახვა
    თუკი საბანკო ანგარიშზე ლარს, დოლარსა და ევროს ინახავ, კრიპტო საფულეში ბიტკოინს, ეთერიუმსა და ლაითქოინს ათავსებ.

  • ფულის კონვერტაცია = კრიპტოვალუტის გადაცვლა
    საბანკო ანგარიში იძლევა საშუალებას, რომ ციფრულად, სახლიდან გაუსვლელად ლარი გადაცვალო ა.შ.შ. დოლარში ან ევროში. კრიპტო საფულესაც აქვს ფუნქცია, რომ მარტივად, ერთი კრიპტოვალუტა გადაცვალო მეორეში - ბიტკოინი დოჯქოინში, დოჯქოინი ეთერიუმში ან პირიქით.

  • ანაბარი = სტეიკინგი
    შეიძლება გაგიჩნდეს შეკითხვა, შემიძლია თუ არა კრიპტო საფულისგან და ჩემს საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტებისგან სარგებელი მივიღო ზუსტად ისე, როგორც საბანკო ანაბრის შემთხვევაში?
    დიახ, შეგიძლია. როგორც ბანკში ანაბრის გახსნისას იღებ ფიქსირებულ ყოველწლიურ ან ყოველთვიურ სარგებელს ლარში, დოლარსა თუ ევროში, სწორედ ასეა კრიპტო საფულისა და კრიპტოვალუტების შემთხვევაში და ამ პროდუქტს არა ანაბარი, არამედ სტეიკინგი ჰქვია.
    ანაბრის მსგავსად, ანგარიშზე ათავსებ ბიტკოინს და შენი სურვილის მიხედვით, ყოველთვიურად ან ყოველწლიურად გერიცხება გარკვეული სარგებელი.

  • ფულის გადარიცხვა/მიღება = კრიპტოს გადარიცხვა/მიღება
    საბანკო ანგარიშის და საბანკო პროდუქტების მთავარი უპირატესობა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყენებს ფულის გადარიცხვა ან მიღებაა. ზუსტად ეს არის კრიპტო საფულის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენს კრიპტო საფულეში ჩაგირიცხოს ბიტკოინი ან სხვა აქტივი, ან პირიქით, სურვილისამებრ შეგიძლია შენ გადარიცხო სასურველ მისამართზე.

გარდა ამისა, კრიპტო საფულეს უამრავი დამატებითი ისეთი ფუნქციონალი აქვს, რომელიც ტრადიციულ საბანკო სერვისებს არ შეგვიძლია შევადაროთ, ვინაიდან მას არ აქვს ალტერნატივა, ამაზე კი მოგვიანებით ვისაუბრებთ.

რა არის Private და Public Key კრიპტო საფულეში?

თუკი შენი რომელიმე მეგობარი კრიპტოვალუტას გიგზავნის ან პირიქით, შენ აგზავნი სხვასთან რომელიმე კრიპტოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცნობილი ბიტკოინია (BTC) თუ ნაკლებ პოპულარული იუპიტერი (JUP), შენ აუცილებლად გჭირდება, რომ იცნობდე ცნებებს Private და Public Key.

ნებისმიერი კრიპტო საფულის შექმნისას, შენ ავტომატურად გენიჭება ეს ორი გასაღები და მათ კრიპტოს მიღება/გაგზავნაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვთ.

ქართულად კი, ეს ორი ტერმინი საჯარო და პირადი გასაღებია.

წარმოიდგინე, რომ შენს ძალიან მაგარ და მდიდარ მეგობარს უნდა გაჩუქოს 1 ბიტკოინი, როგორ შეუძლია მას ამის გაკეთება? ამისათვის შენი კრიპტო საფულის საჯარო გასაღები, ანუ Public Key დაგჭირდება, რომელიც კრიპტოსამყაროში შენი საბანკო ანგარიშის ნომრის როლს ასრულებს. მისი დახმარებით, სხვა ადამიანებს შეუძლიათ რომ შენს „ანგარიშზე“ კრიპტოვალუტა ჩარიცხონ. გაითვალისწინე, საჯარო გასაღების მეშვეობით შენი იდენტიფიკაცია ვერ მოხდება, ის სრულიად ანონიმური ცნებაა და თუკი რაიმე შეგეშალა, გადარიცხული კრიპტოს უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებ, ის სამუდამოდ დაიკარგება. Public Key უამრავი ციფრისა და ასოსგან შემდგარი კოდია, ზუსტად ისეთი, როგორიც საბანკო ანგარიშის ნომერია.

რაც შეეხება პირად გასაღებს, ანუ Private Key, ის შეგვიძლია პაროლს შევადაროთ, რომელსაც შენს მობაილ ბანკში ან ანგარიშში შესასვლელად იყენებ. პირადი გასაღების წყალობით, შენ წვდომა გაქვს შენს კრიპტო საფულესთან და შესაბამისად, შენს კრიპტოვალუტებთან. აუცილებლად გაითვალისწინე, რომ საჯარო გასაღებისგან განსხვავებით, შენი პირადი გასაღები არასდროს არავის უნდა გაუზიარო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ადამიანს ექნება წვდომა შენს ფინანსურ აქტივებთან.

ასევე, პირადი გასაღები გვეხმარება დავიწყებული კრიპტო საფულის აღდგენაში.

რა ტიპის კრიპტო საფულეები არსებობენ?

როგორც ვახსენეთ, არსებობს რამოდენიმე ტიპის კრიპტო საფულე, რომლებიც ერთმანეთისაგან დანიშნულებისა და ფუნქციონალის მიხედვით განსხვავდებიან.

გარდა იმისა, რომ შეიძლება ზოგიერთ კრიპტო საფულეს არ ჰქონდეს ბიტკოინის მხარდაჭერა, ანუ მასზე ვერ შეძლოთ კრიპტოვალუტა ბიტკოინის შენახვა, კრიპტო საფულეები მუშაობის პრინციპითაც განსხვავდებიან და არსებობს მათი რამოდენიმე ტიპი:

  1. ცხელი საფულე (Hot Wallet)
  2. ცივი საფულე (Cold Wallet)
  3. ონლაინ საფულე (Online Wallet)

ცხელი საფულე ანუ Hot Wallet

საფულის ამგვარი ტიპი ძალიან წააგავს მობაილ ბანკს, რადგან, როგორც მობილური აპლიკაცია, ისე ცხელი საფულეები მუდმივად დაკავშირებულნი არიან ინტერნეტთან და თუკი შენი კრიპტო ბალანსის შემოწმება მოგინდა, ინტერნეტთან კავშირი და საფულის აპლიკაცია დაგჭირდება.

ცხელ საფულესთან წვდომა შეგიძლია გქონდეს, როგორც შენს მობილურში ჩაწერილი აპლიკაციიდან, ისე შენს ლეპტოპსა და ბრაუზერში დაყენებული პროგრამის წყალობით.

ცივი საფულე, ანუ Cold Wallet

ცივი საფულე შეგვიძლია ტრადიციულ საფულეს შევადაროთ, რომელიც თითქმის ყველა ჩვენთაგანს ჯიბეში ან სულაც ჩანთაში უდევს. მასში უსაფრთხოდ ინახება ჩვენი ფული, მაგრამ ონლაინ სერვისებისთვის ვერ ვიყენებთ, რადგან ფიზიკურ საფულეში მხოლოდ ქეშია განთავსებული.

სწორედ ასეა ცივი საფულეც, სადაც უსაფრთხოდ არის განთავსებული კრიპტოვალუტა, თუმცა მისი გამოყენებისათვის გვჭირდება, რომ ჩვენი ცივი საფულე, რომელიც გარე მეხსიერების ბარათის (ფლეშკის) მაგვარი მოწყობილობაა, ინტერნეტთან დაკავშირებულ ლეპტოპს ან კომპიუტერს შევუერთოთ.

ონლაინ საფულე (Online Wallet)

ამგვარი ტიპის კრიპტო საფულეები, ყველაზე გავრცელებული ხერხია კრიპტოვალუტების შესანახად. ნებისმიერ ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟაზე რეგისტრაციისას, სადაც კრიპტოვალუტებს ყიდულობ, გეხსნება ონლაინ საფულე, სადაც სხვადასხვა კრიპტო აქტივის (ბიტკოინი, დოჯქოინი და სხვა) შენახვა შეგიძლია.

წარმოიდგინე, რომ კრიპტო ბირჟა არის შენი ბანკის გვერდი, ხოლო ბირჟაზე გახსნილი ონლაინ საფულე, რომელშიც მაგალითად ბიტკოინია განთავსებული, შენი საბანკო ანგარიშია, რომელშიც ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან სხვა ვალუტა გაქვს შენახული.

კრიპტო საფულე - ცხოვრებისეული ტერმინებით:

  • კრიპტო საფულე - საბანკო ანგარიშის ექვივალენტი კრიპტოვალუტების სამყაროში, სადაც შენახულია შენი ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვა კრიპტოვალუტა.

  • სტეიკინგი - ანაბრის მსგავსი კრიპტო ალტერნატივა, რომლის დროსაც ანგარიშზე განთავსებული კრიპტოვალუტების ნაცვლად გერიცხება სარგებელი ამავე კრიპტოვალუტაში.

  • Private Key (პირადი გასაღები) - შენს კრიპტო საფულეში წვდომისათვის განკუთვნილი პაროლი, რომელიც არასდროს, არავის არ უნდა გაუზიარო.

  • Public Key (საჯარო გასაღები) - საბანკო ანგარიშის ნომრის კრიპტო ალტერნატივა, რომლის გამოყენებითაც სხვა ადამიანები შენს კრიპტო საფულეში ბიტკოინს, ეთერიუმს ან სხვადასხვა კრიპტოს ჩაგირიცხავენ.

  • ცხელი საფულე (Hot Wallet) - მობაილ ბანკის მსგავსი კრიპტო საფულე, რომელიც მობილური აპლიკაციის სახით მუდმივად დაკავშირებულია ინტერნეტთან და ინახავს შენს კრიპტოვალუტას.

  • ცივი საფულე (Cold Wallet) - გარე მეხსიერების ბარათის (ფლეშკის) მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული და რომელზეც შენი კრიპტოვალუტაა მოთავსებული.

  • ონლაინ საფულე (Online Wallet) - საფულის ტიპი, რომელიც შენი კრიპტოვალუტების შენახვას ონლაინ, ვებ-გვერდზე უზრუნველყოფს და მასზე წვდომა შენს ანგარიშზე ავტორიზაციის შემდგომ გეხსნება.
Support