ციფრულ სამყაროში გავრცელებული პრობლემა - ორმაგი გახარჯვა
მანამ, სანამ დღემდე უცნობი სატოში ნაკამოტო ბიტკოინს შექმნიდა, ბევრმა ადამიანმა და ენთუზიასტმა სცადა დეცენტრალიზებული გადახდის სისტემის შექმნა, თუმცა ყველა მათგანი ორმაგი გახარჯვის პრობლემას წააწყდა.
პრობლემის გადაჭრის გზები კი, წლების შემდგომ აღმოვაჩინეთ.
ამ ბლოგში მოგიყვებით რა არის ციფრული სამყაროს გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ორმაგი გახარჯვა ჰქვია და როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაჭრა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით.
რა არის ორმაგი გახარჯვის პრობლემა კრიპტოვალუტებში?
სტაბილური საფინანსო სისტემის ერთ-ერთი გამოწვევა იყო, ისეთი დეცენტრალიზებული სისტემის შექმნა, სადაც ტრანზაქციები ავთენტურად დადასტურდებოდა და შესაბამისად, ერთხელ დახარჯული თანხა, მეორედ არ გადაიხარჯებოდა.
ანუ, ორმაგი გახარჯვა, ნიშნავს ერთი და იმავე აქტივის თავიდან გადახარჯვას. კრიპტოვალუტებში ორმაგი გახარჯვის პრობლემა ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთი გამგზავნი რამოდენმე ადრესატს უგზავნის ერთი და იგივე რაოდენობის აქტივს დროის ისეთი ინტერვალით, სანამ პირველი ტრანზაქცია დადასტურდება და ბლოკჩეინის ბლოკში ჩაიბეჭდება.
ცენტრალიზებული საგადახდო სისტემა ამ პრობლემას ყოველი ტრანზაქციის სპეციალური დადასტურების მექანიზმის მეშვეობით ჭრის და შესაბამისად ორმაგ გახარჯვასაც თავიდან იცილებს.
სიტუაციისა და ორმაგი გახარჯვის პრობლემის გასაგებად, უკეთესია მაგალითი მოვიშველიოთ:
წარმოიდგინე, როდესაც რეალურ ცხოვრებაში ადამიანი ყავას ყიდულობს და ამისათვის 5 ლარს იხდის, მისი გადახდილი თანხა ყავის კომპანიის სალაროში აღმოჩნდება და მისი მეორედ გახარჯვა ფიზიკურად შეუძლებელია. კრიპტოვალუტები კი, ფიზიკური აქტივები არ არიან და მათი გადარიცხვებიც ციფრულ სამყაროში ხორციელდება. შესაბამისად, სანამ ტრანზაქცია დადასტურდება და განხორციელდება, ის მანამდე საფულეში რჩება. ეს კი აჩენს სიტუაციას, სადაც შეიძლება, რომ ტრანზაქციის დადასტურებამდე არსებულ დროის მონაკვეთში, მომხმარებელმა აღნიშნული აქტივი მეორედ გამოიყენოს.
როგორ გადავჭრათ ორმაგი გახარჯვის პრობლემა კრიპტოვალუტებში?
ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტებში ორმაგი გახარჯვის პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული მექანიზმები არსებობს და ესენია:
- ტრანზაქციების ღია სივრცე
- დადასტურების სპეციალური მექანიზმი
როგორც ვიცით, ბლოკჩეინი იმგვარი ტექნოლოგიაა, სადაც არანაირი ინფორმაცია არ იკარგება და ყოველი განხორციელებული ტრანზაქცია ბლოკში ინახება, ყოველი ახალი ბლოკი კი, ინახავს უკვე წინა ტრანზაქციების ისტორიას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც ბლოკჩეინში ხდება, ბლოკჩეინშივე რჩება. შესაბამისად, ყოველ გადარიცხვას მინიჭებული აქვს დრო, თუ როდის განხორციელდა ესა თუ ის ოპერაცია. ეს კი სისტემას საშუალებას აძლევს განასხვაოს ორიგინალი და გამეორებული ტრანზაქციები.
ხოლო, რაც შეეხება მეორე მექანიზმს, რომელიც ტრანზაქციებს ადასტურებს. წარმოიდგინე, რომ ერთ ადამიანს გამიზნული აქვს, რომ საკუთარი აქტივები ორმაგად გახარჯოს და სარგებელი არაკეთილსინდისიერი გზით ნახოს. დავუშვათ, მას საფულეში აქვს 1 ბიტკოინი და აგზავნის ერთი მიმართულებით, სანამ ტრანზაქცია დადასტურდება, ის გადაწყვეტს, რომ ორმაგი გახარჯვის მიზნით, იმავე ბიტკოინები გააგზავნოს მეორე მისამართზე.
ორივე გადარიცხვა ავტომატურად იგზავნება დასადასტურებელ ტრანზაქციათა სიაში, სადაც ტრანზაქციები რიგითობით მოწმდება და შემდგომ დასტურდება ან არ დასტურდება. მაშინ, როდესაც პირველი გადარიცხვა დადასტურდება, მას ავთენტური სტატუსი მიენიჭება, ხოლო მეორე ტრანზაქცია, რომლის ინფორმაციაც იდენტურად მეორდება, შესაბამისად არ დადასტურდება მრავალი შემმოწმებლის მხრიდან და უარყოფილი იქნება.
შესაბამისად, მეორე ადამიანი, რომელიც ტრანზაქციის ჩარიცხვას ელოდება, მხოლოდ დადასტურების შემდგომ გაუგზავნის მყიდველს შესაბამის პროდუქტსა თუ აქტივს. ითვლება, რომ საშუალოდ 6 დადასტურების შემდგომ ტრანზაქცია უსაფრთხოა და ის ორმაგი გახარჯვის პრობლემას აღარ შექმნის.
თუ გაინტერესებს, როგორ შეამოწმო თუ რა ეტაპზეა შენი ტრანზაქცია და რამდენი დადასტურება გაიარა, გაეცანი ჩვენს ბლოგს.
შეჯამება: ორმაგი გახარჯვის პრობლემა გადაჭრილია
კრიპტოვალუტებმა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ტრადიციულმა საფინანსო სისტემამ - გადაჭრა ორმაგი გახარჯვის პრობლემა.
ტრანზაქციების ღია სივრცის წყალობით, სადაც ისინი ბლოკებში სამუდამოდ ინახებიან და დადასტურების სპეციალური მექანიზმის წყალობით, რა დროსაც ქსელში ჩართული უამრავი მაინერი და ადამიანი სათითაოდ ამოწმებს ყველა ტრანზაქციის ავთენტურობას, ორმაგი გახარჯვა წარსულს ჩაბარდა.