Სარჩევიchevron-down
მეტავერსის ციებ-ცხელება ბრუნდება?
Walking Dead, Black Mirror, Peaky Blinders და ჰოლივუდი მეტავერსში გადადიან
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
Black Mirror glass crack on the right side and Georgian Text on the left side
2023-11-15clock5 minutes

მეტავერსის ციებ-ცხელება ბრუნდება?

ცნობილი მეტავერს პლატფორმა The Sandbox ჰოლივუდურ თემატიკაზე დაყრდნობით მომხმარებლებს ახალ ციებ-ცხელებას ჰპირდება და საკუთარ ციფრულ განზომილებაში ისეთ პოპულარულ სერიალებს შეიყვანს, როგორებიც „მოსიარულე მკვდრები“, „შავი სარკე“ და „ალესილი კეპები“ არის.

უკანასკნელი Bull Run-ის შემდგომ, რაც კრიპტო ბაზრის აღმავლობას ნიშნავს, Sandbox-ის NFT-ებზე, რომლითაც მომხმარებლები ციფრულ მიწებს ყიდულობდნენ, მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა ინდუსტრიის ექსპერტები ამ სიახლის შემდგომ ინდუსტრიის საგრძნობ გამოცოცხლებას ელოდებიან.

Walking Dead, Black Mirror, Peaky Blinders და ჰოლივუდი მეტავერსში გადადიან

როგორც ვახსენეთ, The Sandbox-მა საკუთარ ციფრულ სამყაროში სერიალების თემატიკა წარადგინა და მას „Cinerama” ჰქვია. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ მიწები სხვადასხვა სერიალის მიხედვით გაფორმებულ სამყაროებში.

როგორც თვითერის პოსტიდან ვიგებთ, The Sandbox-მა პარტნიორობა წამოიწყო კომპანია Banijay-სთან, რომელიც ნეტფლიქსზე განთავსებული ისეთი სერიალების უფლებებს ფლობს, როგორებიც Black Mirror და Peaky Blinders არის. კოლაბორაცია ვირტუალურ სამყაროს და მეტავერს ინდუსტრიას დიდ პოპულარობას მოუტანს.

კოლაბორაციის შედეგად, მომხმარებლებს ამ სერიალების სტილში გადაწყვეტილ მეტავერსში შეეძლებათ აქტივების შეძენა, მიწების ყიდვა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება რომ სერიალების პერსონაჟების სტილში მორთო შენი ციფრული პერსონაჟი და სხვა ფასეული დამატებები შეისყიდო, რომელიც ერთგვარი ინვესტიცია იქნება შენთვის.

ჯერ-ჯერობით ბევრი დეტალი არ არის ცნობილი და შეთანხმებაში მონაწილე მხარეები დეტალებს საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა პარტნიორობის შესახებ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ.

Black Mirror სატელევიზიო ეთერში პირველად 2011 წელს გამოჩნდა და სერიალში მოქმედება ისეთ სამყაროში ხდება, სადაც ადამიანები მომავლის ტექნოლოგიებით არიან გარშემორტყმულნი და სხვადასხვა გაჯეტები ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ.

დამატებით, არ უნდა გამოგვრჩეს კიდევ ერთი ცნობილი სერიალი „The Walking Dead”, რომლის თამაშიც ერთ-ერთ მეტავერსში უკვე გვხვდება, The Sandbox-ის სამყაროში კი, ამ თემატიკის მიმდინარეობა ახლა იქმნება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მიმდინარე Bull Run-ის დროს მეტავერსების მიმართ ინტერესი კვლავ გაცოცხლდა და ამაში თავისი წვლილი მარკ ცუკენბერგმაც შეიტანა, რომელმაც თავის Facebook-ს Meta დაარქვა.

NFT-ებისა და Metaverse-ების პიკში, 2021 წელს, The Sandbox-ის NFT სახელად LANDუპრეცენდენტო რიცხვებით გამოირჩეოდა და დღიური სავაჭრო მოცულობა 13,000 ეთერს აღემატებოდა, რაც OpenSea-ს მონაცემებით დაახლოებით $26 მილიონს უტოლდება. LAND ტოკენის ყველაზე დიდი ფასი კი 2022 წლის იანვარში დაფიქსირდა - 4.5 ეთერი ანუ $8600.

გამოცოცხლების პარალელურად ფასის მაღლა ასვლა The Sandbox-ის ახლანდელმა ტოკენმა SAND-მაც დააფიქსირა და ფასი $0.28-დან $0.42-მდე ავიდა.

უამრავი ექსპერტი თუ კრიპტო ენთუზიასტი ვარაუდობს, რომ მეტავერსში Black Mirror-ის, Peaky Blinders-ისა და ზოგადად, ჰოლივუდის შებიჯება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

ამ სერიალებს მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს და ისინი პოპულარობით ნამდვილად გამოირჩევიან, ეს კი კარგი შესაძლებლობაა Web3 და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისათვის, რომ ამ ადამიანების ყურადღება მიიპყრონ და მომავლის ტექნოლოგია უკეთ და უფრო ახლოს გააცნონ მათთვის საყვარელი და ნაცნობი გარემოს დახმარებით.

ვინ იცის, იქნებ მეტავერსში ერთ დღეს ისეთი ქართული სერიალებიც მოხვდნენ, როგორებიც ჩემი ცოლის დაქალები და ცვალებადი ნიშნები არიან. ამით კი, ვირტუალური რეალობა ქართველი კრიპტო ენთუზიასტისთვის უფრო მშობლიური და საინტერესო გახდეს.

Support