Სარჩევიchevron-down
რა ხდება კრიპტოვალუტების სამყაროში 2024 წელს?
Bull Market და ბიტკოინის ETF-ები
კრიპტო ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი (AI) შემოვიდა
ახალი ერა ინვესტორებისა და კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მსურველთათვის
ინდუსტრიაში კრიპტო რეგულაციები შემოდის
კრიპტოვალუტების როლი გარემოზე
Real-World აქტივები რეალურ სამყაროში გადმოდიან
ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა (CBDCs) უკვე ხელმისაწვდომია
შეჯამება: კრიპტო ტრენდები 2024 წელს დაიწყო და 2025 წელსაც აქტუალური იქნება
Georgian text above with Bull and Bear figure below 1000x300
2024-07-19clock8 minutes

რა ხდება კრიპტოვალუტების სამყაროში 2024 წელს?

გასული წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში უამრავი რამ მოხდა. თაღლითური სქემებისა და კრიპტოს ფასების დაცემის შემდგომ, 2024 წელს ბაზარმა გაუმჯობესება დაიწყო და ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $2.66 ტრილიონს მიაღწია, რა დროსაც 2021 წლის პიკს გაუტოლდა.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმ ტრენდების შესახებ, რომლებიც 2024 წელს გავრცელებულია კრიპტო ბაზარზე და ინვესტორებს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვისკენ უბიძგებს.

გარდა ამისა, ბლოგში ნახავ თუ რა ტრენდები იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას კრიპტოს ფასზე 2025 წლის განმავლობაში.

Bull Market და ბიტკოინის ETF-ები

2024 წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 150%-ით გაიზარდა, ეს კი უამრავი ინვესტორისთვის 2025 წლის Bull Run-ის საწყისი ნიშნებია.

ბიტკოინის ფასი 2024 წლის სტარტზე $44,000 ფარგლებში მერყეობდა, ხოლო უკვე მაისის ბოლოს ღირებულება $70,000-მდე გაიზარდა. ფასის ზრდას ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა შეუწყო ხელი - ETF-ების გამოსვლა და ბიტკოინის განახევრება.

ბიტკოინის ETF-ებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წლიდან მიმდინარეობდა, თუმცა SEC-მა მის საჯარო მიმოქცევაში გაშვების განკარგულებას მხარი 2024 წლის იანვარში დაუჭირა. ETF-ები ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს ბიტკოინი სრულად ან ნაწილობრივ აქციების სახით ჰქონდეთ საკუთარ პორტფელში, რაც მას უფრო ხელმისაწვდომ აქტივად აქცევს.

საფინანსო ფირმები ყიდულობენ კრიპტოვალუტას, შემდგომ კი მათ ნაწილობრივ ან სრულად სთავაზობენ მომხმარებლებს აქციების სახით. რეალურად კრიპტოვალუტა, ბიტკოინი, საინვესტიციო კომპანიების კრიპტო საფულეებშია განთავსებული, აქტივების მოვლასა და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს თავიანთ თავზე სწორედ ისინი იღებენ, შენ კი აქციის სახით ფლობ სასურველ აქტივს, იქნება ეს ბიტკოინი თუ სხვა.

BlackRock და Fidelity ETF-ების დიდი წილის მფლობელები არიან და მათ განკარგულებაში $15 და $9 მილიარდის ღირებულების ბიტკოინია.

ბიტკოინის ფასზე გავლენა 2024 წლის აპრილში განხორციელებულმა ჰალვინგმაც იქონია, რა დროსაც მაინინგისათვის განკუთვნილი ჯილდო განახევრდა და შესაბამისად, შემცირდა ცირკულაციაში ჩასაშვები ბიტკოინების რაოდენობაც. მიწოდების შემცირება კი, როგორც წესი ფასის ზრდას იწვევს. ისტორიულად, ყოველი ჰალვინგის შემდგომ ბიტკოინის ფასი იზრდებოდა - 2016 წელს კრიპტოს ფასი 51%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის განახევრების შემდგომ - 83%-ით.

ჰალვინგის პროცესი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, პირველი განახევრება 2012 წელს მოხდა, ხოლო ბოლო - 2024 წელს.

კრიპტო ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი (AI) შემოვიდა

კრიპტო სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) უკვე დიდი დოზით შემოიჭრა და სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე AI ტოკენები და ბლოკჩეინ ქსელებიც გამოჩნდა. ეს ტოკენები გამოიყენება სხვადასხვა მიზნით: საინვესტიციოდ, საგადახდოდ და ა.შ.

დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში 90-მდე დიდი AI ტოკენია, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც საოცარი ზრდა დააფიქსირეს, მხოლოდ შექმნის დღიდან 2023 წლის აპრილამდე - $2.6 მილიარდიდან $39 მილიარდამდე ზრდა. განსაკუთრებით გამოირჩა Fetch.ai (FET), რომლის ფასმაც ერთი თვის პერიოდში (თებერვალი-მარტი) 329%-იანი ზრდა აჩვენა.

სიახლე ამით არ დასრულებულა და კრიპტო პროექტი სხვა წარმატებულ პროექტებთან - SingularityNET და Ocean Protocol-თან გაერთიანდა, რის შედეგადაც ახალი AI ტოკენი ASI (artificial superintelligence) ჩამოყალიბდა.

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი წვლილი OpeanAI-ის ChatGPT-საც მიუძღვის, რომლის სახელობის ქოინებიც ბირჟებზე არაერთხელ გამოჩნდა და გარდა საინვესტიციო პოტენციალის ქონისა, ადამიანებში კრიპტო ცნობიერებაც გაზარდა.

ახალი ერა ინვესტორებისა და კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მსურველთათვის

კრიპტოვალუტებს 2022 წელს მძიმე პერიოდი ედგათ, რა დროსაც უამრავმა ადამიანმა და კომპანიამ დაკარგა საკუთარი ინვესტიცია და კრიპტოში ჩადებული თანხები. თუმცა, 2023 წელი ინდუსტრიისთვის გარდამტეხი გამოდგა, რა დროსაც კრიპტოსთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სხვადასხვა ციფრულ აქტივში $1.9 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს. ყველაზე დიდი, $225 მილიონიანი ინვესტიცია, საგადახდო კომპანია Wormhole-ს უკავშირდება.

მომავალში ფინანსური შედინება მოსალოდნელია real-world ბლოკჩეინისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებში. ასე, რომ მნიშვნელოვანია ყურადღებით დავაკვირდეთ ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტებსა და მათ ფასების დინამიკას.

2023 წლის ბოლო კვარტალში კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები მათ სათანადოდ დაუფასდათ. ყველაზე დიდი ამონაგები და მოგება ბიტკოინის მაინინგით დაკავებულმა კომპანიებმა ნახეს, კერძოდ:

  • Marathon Digital-ის აქციების ღირებულება 590%-ით გაიზარდა
  • CleanSpark-ის ფასმა 440%-ით მოიმატა
  • Riot Platforms-ის ღირებულება კი, 350%-ით არის გაზრდილი

დიდი კომპანიების დაინტერესება კრიპტოვალუტების ბაზრის შეუქცევად განვითარებაზე მიუთითებს, განსაკუთრებით ისეთი კომპანიების გააქტიურება, რომლებიც კრიპტოსთან ან სულაც ფინანსურ სექტორთან პირდაპირ კავშირში არ არიან.

ინდუსტრიაში კრიპტო რეგულაციები შემოდის

კრიპტო ბირჟა FTX-ის კრახმა და სხვა, მსგავსმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა ქვეყნების მთავრობები კრიპტო რეგულაციებზე დააფიქრა. ყველაზე აქტიური მოთამაშე ამ მიმართულებით ა.შ.შ-ს აქტივების რეგულაციის სააგენტო (SEC) გამოდგა, რომელიც მოითხოვდა, რომ კრიპტოსთან დაკავშირებული კომპანიები შესაბამის პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ და კანონის კონკრეტულ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყვნენ.

2023 წელს დიდი კრიპტო დავა შედგა, რა დროსაც SEC-მა ორ უმსხვილეს კრიპტო ბირჟას, Coinbase-სა და Binance რეგულაციების დარღვევისათვის სასამართლოში უჩივლა. ამ ქეისის გამო ბაინანსს $4 მილიარდის გადახდა დაეკისრა. დამატებით კი, პრეზიდენტი ბაიდენი გამოვიდა ინიციატივით, რომ კრიპტოვალუტების მაინინგი 30%-იანი გადასახადით დაიბეგროს.

ა.შ.შ.-ში რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, ბევრი კრიპტო კომპანია უცხოური ბაზრების ათვისებას გეგმავს. კრიპტო ბირჟა Gemini საოპერაციო ნაწილის გადატანას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გეგმავს, ხოლო Coinbase-მა ოპერაციები ბერმუდაში განაახლა, სწორედაც სარეგულაციო პოლიტიკიდან გამომდინარე.

რეგულაციებს მიღმა არც ქართული კრიპტო ინდუსტრია დარჩა. ეროვნული ბანკის მოთხოვნით, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც კრიპტო სერვისს უზრუნველყოფენ, იქნება ეს კრიპტოს ყიდვა გაყიდვა, მისი შენახვა თუ სხვა, ვალდებულნი არიან VASP-ის ლიცენზია აიღონ.

მაგალითისთვის, სწორედ აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი გახდა ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტალის სერვისები სრულ თანხვედრაშია ქართული რეგულაციებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

  • VASP ლიცენზია კომპანიებს უფლებას აძლევს ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები შეასრულონ - იქნება ეს კრიპტოს ყიდვა გაყიდვა, გადარიცხვა, შენახვა თუ სხვა.

  • VASP ლიცენზია ენიჭება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც ვირტუალური აქტივების მართვასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ისეთ ტრადიციულ ფინანსურ ორგანიზაციებსაც, როგორებიც ბანკები და მიკროსაფინანსო კომპანიები არიან.

კრიპტოვალუტების როლი გარემოზე

კრიპტო მაინინგი, მაგალითად ბიტკოინის მაინინგი, რომელიც Proof of Work ალგორითმზე მუშაობს, ენერგიის მაღალი მოხმარებითა და გარემოზე ნეგატიური გავლენით გამოირჩევა. მაგალითისთვის, ბიტკოინის ერთი ტრანზაქცია იმდენ ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც საშუალო ამერიკული ოჯახი 26 დღის განმავლობაში. ამ ენერგიის 67% კი, ამოწურვად ენერგიაზე მოდის, რაც ბუნებას კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს. ადამიანების ნაწილი ვარაუდობს, რომ კრიპტო ეკოსისტემას გლობალურ დათბობაში საკუთარი ნეგატიური წვლილი შეაქვს.

კრიპტო მაინინგი მხოლოდ ელექტროენერგიას არ მოითხოვს, პროცესს წყალიც ესაჭიროება. თუკი კრიპტოს გენერაციისთვის დიდი რაოდენობის ელექტროენერგიაა საჭირო, ამ კომპიუტერების გასაგრილებლად წყალი გამოიყენება. ბიტკოინის მაინინგში ყოველწლიურად გამოყენებული წყლის რაოდენობა 2,237 გიგალიტრს უტოლდება, რაც ქალაქ ვაშინგტონის წყლის წლიური მოხმარების ტოლია.

სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავმა ქსელმა და კრიპტო პროექტმა საკუთარი სამუშაო პრინციპი შეცვალა და ახალ ალგორითმზე გადავიდა. მაგალითად, Ethereum-ის 2022 წლის განახლება, რომელსაც The Merge ჰქვია, მიზნად ისახავს Proof of Work-დან Proof of Stake ალგორითმზე გადასვლას და შესაბამისად, ენერგიის მოხმარების 99%-ით შემცირებას.

Real-World აქტივები რეალურ სამყაროში გადმოდიან

აქტივების ტოკენიზაცია და ამისათვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უნიკალური მახასიათებლების გამოყენება ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს რეალურ სამყაროში არსებული აქტივები გააციფრულონ, იქნება ეს უძრავი ქონება თუ ინტელექტუალური საკუთრება - სახლი, აგარაკი, წიგნი და ა.შ.

Real-World აქტივების გაციფრულება კი, საშუალებას იძლევა დაიხვეწოს ავტომატიზაციის პროცესი, შემცირდეს ბიუროკრატია, გაიზარდოს საკუთრების ხილვადობა და მისი უსაფრთხოება.

საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა საკუთარი პირველი გაციფრულებული აქტივი სახელად BUIDL 2024 წელს, ეთერიუმის ბლოკჩეინზე წარადგინა და შედეგად, პირველსავე კვირას $240 მილიონის ღირებულების ინვესტიცია მოიზიდა. საგადახდო კომპანია Citigroup კი აქტივების გაციფრულებაზე აქტიურად მუშაობს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარ საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრები თუ ნებისმიერი უძრავ-მოძრავი საკუთრება 24/7-ზე, მომენტალურად გაასხვისონ.

მოსალოდნელია, რომ ციფრული ტოკენიზაციის პროცესი 2023 წლიდან 2030 წლამდე საგრძნობლად განვითარდება და ბაზრის მოცულობა $2.81 მილიარდიდან $9.82 მილიარდამდე გაიზრდება. ეს კი წლიურად, საშუალოდ 20%-იან ზრდას ნიშნავს.

ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა (CBDCs) უკვე ხელმისაწვდომია

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნაზე მუშაობენ. ამჟამად 132 ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომ ჯამურად მსოფლიოს GDP-ის 98% ქმნიან, ამუშავებენ და ტესტავენ ამგვარ ვალუტას.

ზოგიერთ ქვეყანაში კი, ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტები უკვე აქტიურად მუშაობს. მაგალითად იამაიკაში, ნიგერიასა და ბაჰამაში უკვე ხელმისაწვდომია CBDC, ხოლო ჩინეთის 25 ქალაქში ცირკულაციაშია გაშვებული ციფრული იუანი. წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ შექმნილი საერთაშორისო ცენტრალური ბანკი (Bank for International Settlements) ვარაუდობს რომ 2030 წლისთვის საცალო მიმოქცევისათვის განკუთვნილი 15-მდე და ბიზნესებისთვის განკუთვნილი 9-მდე CBDC იქნება მიმოქცევაში.

იმისათვის, რომ საზღვრებს შორის CBDC-ის გამოყენება და მისი დახმარებით გადახდა მარტივად იყოს შესაძლებელი, SWIFT მუშაობს ახალი ქსელის გაშვებაზე, რომელიც კონკრეტულად CBDC ტრანსფერებზე იქნება ორიენტირებული.

შეჯამება: კრიპტო ტრენდები 2024 წელს დაიწყო და 2025 წელსაც აქტუალური იქნება

ის შვიდი ტრენდი, რომელზეც ჩვენს ბლოგში ვისაუბრებთ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კრიპტოვალუტების ინდუსტრიასა და კრიპტოს ფასზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბაზარი საკმაოდ არაპროგნოზირებადია, თუმცა ხარების გააქტიურებამ ინვესტორებს მომავლისა და ახალი Bull Run-ის იმედი მისცა.

გაზრდილი რეგულაციები ინდუსტრიაში თავის როლს შეასრულებს, თუმცა კრიპტოთი დაინტერესებულ ადამიანებს რეგულაციები არ უყვართ. სამაგიეროდ, კრიპტო სულ უფრო ვრცელი ტერმინი ხდება და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ ინდუსტრიით, ამის ნათელი დასტურია Real-World ტოკენიზაცია და კრიპტოში ტრადიციული კომპანიების შემოსვლა.

Support