
რა მოხდება როდესაც ყველა ბიტკოინი დამაინინგდება?
ბიტკოინის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი ფიქსირებული მიწოდებაა. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა გამოშვებაც ცენტრალურ ბანკებს შეუზღუდავად შეუძლიათ, ბიტკოინის პროტოკოლში მაქსიმალური რაოდენობა - 21 მილიონი BTC - წინასწარ არის განსაზღვრული.
სწორედ ეს დეფიციტურობაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიტკოინს ხშირად ოქროს ადარებენ და ღირებულების გრძელვადიანად შენახვის საშუალებად განიხილავენ.
ბიტკოინის გამოყენების ზრდასთან ერთად ინვესტორებს მნიშვნელოვანი კითხვა უჩნდებათ: რა მოხდება, როცა ყველა ბიტკოინი მოიპოვება? გააგრძელებენ თუ არა მაინერები ქსელის დაცვას? ჩაანაცვლებს თუ არა ტრანზაქციის საკომისიო ბლოკის ჯილდოს? და როგორ იმუშავებს ქსელი ახალი BTC-ის გამოშვების გარეშე?
ამ ბლოგში გაიგებ, როგორ მუშაობს ბიტკოინის მიწოდების სისტემა, რატომ არის ბოლო BTC-ის მოპოვებამდე ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი დარჩენილი და როგორი შეიძლება გახდეს ქსელი მაინინგის ჯილდოს დასრულების შემდეგ.
მთავარი საკითხები მოკლედ
- ბიტკოინის მაქსიმალური მიწოდება მუდმივად 21 მილიონი BTC-ით არის შეზღუდული.
- ყველა ბიტკოინის 95%-ზე მეტი უკვე მოპოვებულია.
- ახალი BTC საშუალოდ ყოველ 10 წუთში, ახალი ბლოკის შექმნისას გამოიცემა.
- დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ბიტკოინის ჰალვინგი ხდება და მაინინგის ჯილდო 50%-ით მცირდება.
- სავარაუდოდ, დაახლოებით 2140 წლიდან მაინერების შემოსავალი მთლიანად ტრანზაქციის საკომისიოებზე იქნება დამოკიდებული.
- მილიონობით BTC შესაძლოა სამუდამოდ იყოს დაკარგული, ამიტომ რეალურად ხელმისაწვდომი მიწოდება თეორიულ მაქსიმუმზე ნაკლებია.
რატომ აქვს ბიტკოინს მაქსიმალური მიწოდება?
ბიტკოინი შეიქმნა მონეტარული პოლიტიკით, რომელიც ტრადიციული ფინანსური სისტემებისგან საფუძვლიანად განსხვავდება.
როდესაც სატოში ნაკამოტომ ბიტკოინი შექმნა, პროტოკოლში 21 მილიონი BTC-ის მუდმივი ლიმიტი განსაზღვრა. ამ წესის შეცვლა შეუძლებელი არ არის, თუმცა ამისთვის ბიტკოინის ქსელის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა იქნება საჭირო.
ფიატ ვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა მიწოდებაც მონეტარული პოლიტიკის შედეგად შეიძლება გაიზარდოს, ბიტკოინის გამოშვება წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვება და დროთა განმავლობაში თანდათან მცირდება.
პროგრამულად განსაზღვრული დეფიციტურობა ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მახასიათებელია და მის გრძელვადიან ღირებულებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
რამდენი ბიტკოინია უკვე მოპოვებული?
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მიმოქცევაში დაახლოებით 20 მილიონზე მეტი BTC შევიდა, რაც ბიტკოინის მაქსიმალური მიწოდების დაახლოებით 95%-ს შეადგენს.
დარჩენილი ბიტკოინები სწრაფად არ მოიპოვება. ახალი BTC-ის გამოშვების ტემპი დაგეგმილი ჰალვინგების შედეგად მუდმივად მცირდება. ჰალვინგი საშუალოდ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება.
ყოველი ჰალვინგი ბლოკის მაინინგისთვის განკუთვნილ ჯილდოს ორჯერ ამცირებს. შედეგად, მიმოქცევაში სულ უფრო ნაკლები ახალი ბიტკოინი შედის, ხოლო მონეტარული პოლიტიკა პროგნოზირებადი რჩება.
ქსელი მაინინგის სირთულესაც ავტომატურად არეგულირებს - დაახლოებით ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ამის მიზანია, მაინერების რაოდენობისა და საერთო გამოთვლითი სიმძლავრის მიუხედავად, ახალი ბლოკი საშუალოდ ყოველ 10 წუთში შეიქმნას.
მიმდინარე გამოშვების გრაფიკის მიხედვით, ბიტკოინის ბოლო უმცირესი ერთეული დაახლოებით 2140 წელს უნდა მოიპოვონ.
რამდენი დრო სჭირდება ერთი ბიტკოინის მოპოვებას?
2024 წლის ჰალვინგის შემდეგ ბიტკოინის ქსელი თითოეული ახალი ბლოკისთვის დაახლოებით 3.125 BTC-ს ქმნის. ახალი ბლოკი საშუალოდ ყოველ 10 წუთში მოიპოვება.
მთელი ქსელის მასშტაბით ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთი ახალი ბიტკოინის შესაბამისი რაოდენობა დაახლოებით სამ-ოთხ წუთში იქმნება.
თუმცა კონკრეტული მაინერი, როგორც წესი, ერთ სრულ ბიტკოინს დამოუკიდებლად არ მოიპოვებს. მაინინგ-პულში ჯილდო თითოეული მონაწილის მიერ მიწოდებული გამოთვლითი სიმძლავრის - ჰეშრეიტის - მიხედვით ნაწილდება.
რამდენი ბიტკოინია რეალურად ხელმისაწვდომი?
მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 20 მილიონზე მეტი BTC უკვე მოპოვებულია, ყველა მათგანი ხელმისაწვდომი აღარ არის.
ზოგიერთი შეფასებით, მოპოვებული ბიტკოინის მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა სამუდამოდ იყოს დაკარგული შემდეგი მიზეზების გამო:
- კრიპტო საფულის დავიწყებული პაროლი;
- დაკარგული პირადი გასაღები;
- დაზიანებული მყარი დისკი;
- განადგურებული მონაცემთა შემნახველი მოწყობილობა;
- საფულე, რომელზე წვდომაც მფლობელს აღარ აქვს.
ასეთი კრიპტოს დახარჯვა და გადარიცხვა ვეღარ ხერხდება. შესაბამისად, ბიტკოინის რეალურად ხელმისაწვდომი მიწოდება, სავარაუდოდ, 21-მილიონიან თეორიულ მაქსიმუმზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
დაკარგული BTC ბიტკოინის დეფიციტურობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა დაკარგული მონეტების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან უმოქმედო საფულე ყოველთვის დაკარგულ საფულეს არ ნიშნავს.
რა მოხდება, როცა ბოლო ბიტკოინი მოიპოვება?
ამჟამად ბიტკოინის მაინერები შემოსავალს ორი ძირითადი წყაროდან იღებენ:
- ბლოკის ჯილდო - ახლად გამოშვებული BTC;
- ქსელის მომხმარებლების მიერ გადახდილი ტრანზაქციის საკომისიოები.
როდესაც 21 მილიონი ბიტკოინი სრულად მოიპოვება, ახალი მონეტების გამოშვება სამუდამოდ შეწყდება.
ამ მომენტიდან მაინერების შემოსავალი მხოლოდ ტრანზაქციის საკომისიოებზე იქნება დამოკიდებული.
ეს ცვლილება შესაძლოა მკვეთრად ჟღერდეს, თუმცა ბიტკოინის სისტემაში თავიდანვე იყო გათვალისწინებული. ყოველი ჰალვინგი თანდათან ამცირებს ახლად შექმნილ მონეტებზე დამოკიდებულებას და ტრანზაქციის საკომისიოების მნიშვნელობას ზრდის.
იქნება თუ არა ტრანზაქციის საკომისიო საკმარისი?
ბიტკოინის გრძელვადიან მომავალთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, მისცემს თუ არა მხოლოდ ტრანზაქციის საკომისიო მაინერებს ქსელის დაცვის საკმარის ეკონომიკურ სტიმულს.
ტრანზაქციის საკომისიო დღესაც ქსელზე მოთხოვნის შესაბამისად იცვლება. როდესაც შეზღუდულ სივრცეში მოსახვედრად მეტი ტრანზაქცია კონკურირებს:
- ტრანზაქციის საკომისიო იზრდება;
- მაინერები მეტ შემოსავალს იღებენ;
- მაღალი შემოსავალი მაინერებს ქსელის დაცვის გაგრძელებისკენ უბიძგებს.
დროთა განმავლობაში საკომისიოებზე დაფუძნებული ეკონომიკის გაძლიერებას რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება შეუწყოს ხელი.
მაღალი ღირებულების ტრანზაქციები
ბიტკოინი შეიძლება გლობალურ საანგარიშსწორებო ქსელად ჩამოყალიბდეს. ასეთ შემთხვევაში ბლოკჩეინზე შესრულებული თითოეული ტრანზაქცია გაცილებით დიდი ღირებულების გადაცემას შეიძლება წარმოადგენდეს, რაც შედარებით მაღალი საკომისიოს გადახდას ეკონომიკურად გამართლებულს გახდის.
მეორე დონის ქსელები
Lightning Network-ის მსგავსი მეორე დონის გადაწყვეტილებები მცირე და ხშირი გადახდების ბიტკოინის ძირითადი ბლოკჩეინის გარეთ შესრულების შესაძლებლობას იძლევა.
ამ დროს მთავარი ბლოკჩეინი შეიძლება შედარებით ნაკლები, მაგრამ უფრო მაღალი ღირებულების საბოლოო ანგარიშსწორებისთვის გამოიყენონ.
ინსტიტუციური გამოყენების ზრდა
თუ მთავრობები, კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები ბიტკოინს ანგარიშსწორებისთვის უფრო აქტიურად გამოიყენებენ, ტრანზაქციის საკომისიოები მაინერებისთვის შემოსავლის მდგრად წყაროდ შეიძლება იქცეს.
ზუსტად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როგორი იქნება ბიტკოინის ეკონომიკური მოდელი მომდევნო საუკუნეში. თუმცა ქსელი თავიდანვე ისე შეიქმნა, რომ ეტაპობრივად გადავიდეს უსაფრთხოების საკომისიოებით დაფინანსებულ სისტემაზე.
ხშირად დასმული კითხვები
- როდის მოიპოვება ბოლო ბიტკოინი?
მიმდინარე შეფასებების მიხედვით, ჰალვინგის გრაფიკის გამო ბიტკოინის ბოლო უმცირესი ერთეული დაახლოებით 2140 წელს მოიპოვება.
- როგორ გამოიმუშავებენ მაინერები ფულს ყველა ბიტკოინის მოპოვების შემდეგ?
როდესაც ახალი BTC-ის გამოშვება დასრულდება, მაინერები შემოსავალს მთლიანად იმ ტრანზაქციის საკომისიოებიდან მიიღებენ, რომლებსაც მომხმარებლები ქსელში ბიტკოინის გადასარიცხად გადაიხდიან.
- დარჩება თუ არა ბიტკოინი უსაფრთხო მაინინგის ჯილდოს გარეშე?
ბიტკოინის გრძელვადიანი უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებენ თუ არა მაინერები ტრანზაქციის საკომისიოებიდან საკმარის ეკონომიკურ სარგებელს.
გამოყენების ზრდამ, მაღალი ღირებულების ანგარიშსწორებამ და მეორე დონის ტექნოლოგიებმა შესაძლოა ეს გადასვლა უზრუნველყოს. თუმცა ზუსტად როგორი იქნება შედეგი, წინასწარ ცნობილი არ არის.
- შეიძლება თუ არა ბიტკოინის 21-მილიონიანი ლიმიტის შეცვლა?
ტექნიკურად, მიწოდების ლიმიტის შესაცვლელად ბიტკოინის ძირითადი პროტოკოლის შეცვლა იქნებოდა საჭირო.
ასეთი ცვლილება დეველოპერების, მაინერების, ნოდების ოპერატორების, ბიზნესებისა და მომხმარებლების ფართო თანხმობას მოითხოვს.
რადგან დეფიციტურობა ბიტკოინის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, 21-მილიონიანი ლიმიტის შეცვლაზე საკმარისი კონსენსუსის მიღწევა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.
- როგორ მოქმედებს ბიტკოინის ჰალვინგი მაინინგის ჯილდოზე?
ბიტკოინის ჰალვინგი ყოველ 210,000 ბლოკში ერთხელ ხდება, რაც საშუალოდ დაახლოებით ოთხ წელს შეადგენს.
ყოველი ჰალვინგი ბლოკის ჯილდოს 50%-ით ამცირებს.
2024 წლის ჰალვინგის შემდეგ:
- მიმდინარე ჯილდო: 3.125 BTC;
- 2028 წლის ჰალვინგის შემდეგ მოსალოდნელი ჯილდო: 1.5625 BTC.
პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ დაახლოებით 2140 წლისთვის ბლოკის ჯილდო პრაქტიკულად ნულამდე არ შემცირდება.
რატომ არის ბიტკოინის ფიქსირებული მიწოდება მნიშვნელოვანი?
ბიტკოინის პროგნოზირებადი გამოშვების გრაფიკი მას ტრადიციული მონეტარული სისტემებისგან განასხვავებს.
რადგან 21-მილიონიანი ლიმიტის ზემოთ დამატებითი BTC-ის გამოშვება მოქმედი წესებით შეუძლებელია, ბიტკოინი ფიატ ვალუტებისთვის არადამახასიათებელ დეფიციტურობას ინარჩუნებს.
მომავალი ჰალვინგების შედეგად ახალი მონეტების გამოშვება უფრო მეტად შემცირდება. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება:
- ბიტკოინის შეზღუდული მიწოდება;
- ტრანზაქციის საკომისიოების ეკონომიკა;
- მაინერების ეკონომიკური სტიმულები;
- ქსელის უსაფრთხოება;
- ბიტკოინის გრძელვადიანი გამოყენება.
ეს ფაქტორები ბიტკოინის ეკოსისტემასა და მის მომავალ საბაზრო შეფასებაზე მზარდ გავლენას მოახდენს.
შეჯამება
ბიტკოინის მაინინგის დასრულება პროტოკოლის ხარვეზი არ არის - ის ბიტკოინის გრძელვადიანი დიზაინის განზრახ ნაწილია.
იმის ნაცვლად, რომ ქსელი მუდმივად ახლად შექმნილ მონეტებზე იყოს დამოკიდებული, ბიტკოინი თანდათან გადავა სისტემაზე, რომლის უსაფრთხოებასაც სრულად ტრანზაქციის საკომისიოები დააფინანსებს.
ეს პროცესი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, ეკოსისტემას საკმარისი დრო ექნება, ტექნოლოგიურ განვითარებასთან, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასა და ეკონომიკური პირობების ცვლილებასთან ერთად გარდაიქმნას.
ზუსტად ვერავინ განსაზღვრავს, როგორ იმუშავებს ბიტკოინის საკომისიოებზე დაფუძნებული ეკონომიკა 2140 წელს. თუმცა ფიქსირებული მიწოდება კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საფუძვლად, რომელიც ბიტკოინის, როგორც დეფიციტური, დეცენტრალიზებული და გლობალურად ხელმისაწვდომი ციფრული აქტივის, რეპუტაციას ამყარებს.