
რა არის ნაკამოტოს კონსენსუსი? - ანუ როგორ აღწევს ბიტკოინი შეთანხმებას
ბიტკოინი ერთ-ერთი უდიდესი ინოვაციაა, რადგან მას შეუძლია იმუშაოს ბანკების, სახელმწიფოებისა და ტრანზაქციების მმართველი ცენტრალური ორგანიზაციის გარეშე. ამის ნაცვლად, ქსელი ეყრდნობა დეცენტრალიზებულ სისტემას, რომელსაც ნაკამოტოს კონსენსუსი ეწოდება.
ბიტკოინის შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილი ეს კონსენსუსის მექანიზმი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განთავსებულ ათასობით დამოუკიდებელ კომპიუტერს ტრანზაქციების ისტორიის ერთ საერთო ვერსიაზე შეთანხმების შესაძლებლობას აძლევს.
ბიტკოინის შექმნამდე ციფრული ფულის სანდო შუამავლის გარეშე ფუნქციონირებას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უშლიდა ხელს - ორმაგი ხარჯვა. ეს არის ერთი და იმავე ციფრული აქტივის რამდენჯერმე დახარჯვის შესაძლებლობა.
ნაკამოტოს კონსენსუსმა ეს პრობლემა კრიპტოგრაფიის, ეკონომიკური წახალისებისა და გამოთვლითი სამუშაოს ერთ უსაფრთხო და დეცენტრალიზებულ სისტემაში გაერთიანებით გადაჭრა.
ბიტკოინის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი ჩვენს გზამკვლევს - რა არის ბიტკოინი.
მთავარი საკითხები
- ნაკამოტოს კონსენსუსი ბიტკოინის ქსელს ცენტრალური მმართველისგარეშე ბლოკჩეინის ერთ ვერსიაზე შეთანხმების შესაძლებლობას აძლევს.
- ის ქსელის დასაცავად აერთიანებს Proof of Work-ს, სირთულის ავტომატურ კორექტირებასა და ეკონომიკურწახალისებას.
- ბიტკოინის ჰალვინგი მაინერებისჯილდოს დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ამცირებს, რის გამოც დროთა განმავლობაში მათი შემოსავლისუფრო მნიშვნელოვანი წყარო ტრანზაქციის საკომისიოები უნდა გახდეს.
- ბიტკოინზე წარმატებული 51%-იანი შეტევის განსახორციელებლად ქსელის გამოთვლითისიმძლავრის უმრავლესობის კონტროლია საჭირო, რაც უკიდურესადძვირი და პრაქტიკულადრთულია.
- ბიტკოინის მასშტაბირებას Lightning Network და სხვა Layer 2 ტექნოლოგიები უწყობს ხელს.
რა არის ნაკამოტოს კონსენსუსი?
ნაკამოტოს კონსენსუსი არის წესების ერთობლიობა, რომლის დახმარებითაც ბიტკოინის მონაწილეები თანმიმდევრულ და სანდო ბლოკჩეინს ინარჩუნებენ.
ტრანზაქციების შესამოწმებლად ცენტრალურ ორგანოზე დაყრდნობის ნაცვლად, ბიტკოინი იყენებს დეცენტრალიზებულ ქსელს. მასში დამოუკიდებელი მონაწილეები ტრანზაქციებს ამოწმებენ და ერთობლივად ადგენენ, ბლოკჩეინის რომელი ვერსიაა ლეგიტიმური.
სისტემა კონსენსუსს სამი ძირითადი კომპონენტით აღწევს:
- Proof of Work
- სირთულის კორექტირება
- ეკონომიკური წახალისება
ერთობლივად ეს მექანიზმები ბიტკოინის ტრანზაქციების ისტორიის შეცვლას უკიდურესად რთულსა და ფინანსურად წამგებიანს ხდის.
ნაკამოტოს კონსენსუსის ძირითადი კომპონენტები
Proof of Work - სამუშაოს შესრულების მტკიცებულება
Proof of Work არის მაინინგის მექანიზმი, რომელიც ბიტკოინის ქსელს იცავს.
მაინერები სპეციალიზებული კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენებით რთული კრიპტოგრაფიული ამოცანის ამოხსნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. მაინერი, რომელიც შესაბამის ამოხსნას პირველი იპოვის, ბლოკჩეინში ახალი ბლოკის დამატების შესაძლებლობას იღებს.
ჯილდოს სახით ის იღებს:
- ახლად გამოშვებულ ბიტკოინს;
- ბლოკში შეტანილი ტრანზაქციების საკომისიოებს.
კრიპტოგრაფიული ამოცანის ამოხსნას მნიშვნელოვანი რაოდენობის ელექტროენერგია და გამოთვლითი სიმძლავრე სჭირდება. შესაბამისად, ქსელზე შეტევა ძალიან დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული.
ბიტკოინის ისტორიის გადასაწერად თავდამსხმელს უკვე შესრულებული უზარმაზარი გამოთვლითი სამუშაოს ხელახლა შესრულება და, ამავდროულად, ახალი ბლოკების შექმნის ტემპისთვის დაწევა დასჭირდებოდა.
მაინინგის სირთულის კორექტირება
ბიტკოინი მაინინგის სირთულეს ყოველ 2 016 ბლოკში ერთხელ - დაახლოებით ორ კვირაში - ავტომატურად არეგულირებს.
პრინციპი მარტივია:
- თუ ბლოკები ზედმეტად სწრაფად იქმნება, სირთულე იზრდება;
- თუ მაინინგი ნელდება, სირთულე მცირდება.
ეს ავტომატური რეგულირება უზრუნველყოფს, რომ ახალი ბლოკი საშუალოდ დაახლოებით ყოველ 10 წუთში შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რამდენი მაინერი უერთდება ქსელს ან ტოვებს მას.
ამ მექანიზმის დახმარებით ბიტკოინი გამოთვლითი სიმძლავრის ცვლილებების მიუხედავად სტაბილურ მუშაობას ინარჩუნებს.
ბიტკოინის ჰალვინგი და მაინინგის ჯილდო
ყოველი ახალი ბლოკის წარმატებით დამატების შემდეგ მაინერი ახლად გამოშვებულ ბიტკოინს იღებს.
თუმცა დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ეს ჯილდო 50%-ით მცირდება. ამ მოვლენას ბიტკოინის ჰალვინგი ეწოდება.
მაგალითად:
- 2024 წლის აპრილამდე - 6.25 BTC;
- 2024 წლის აპრილის შემდეგ - 3.125 BTC.
რადგან ბიტკოინის მაქსიმალური მიწოდება 21 მილიონი ქოინითაა შეზღუდული, ჰალვინგები ახალი ბიტკოინის გამოშვების ტემპს ეტაპობრივად ამცირებს. პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითქმის ყველა BTC არ იქნება მოპოვებული.
გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ მაინერების შემოსავლის მთავარი წყარო ტრანზაქციის საკომისიოები გახდება.
დეცენტრალიზაცია
ტრადიციული ფინანსური სისტემებისგან განსხვავებით, ბიტკოინს ცენტრალური ოპერატორი არ ჰყავს.
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განთავსებული ათასობით დამოუკიდებელი ნოდი და მაინერი ქსელის ფუნქციონირებაში ერთობლივად მონაწილეობს.
დეცენტრალიზებული სტრუქტურა ბიტკოინს მდგრადობას სძენს, რადგან ბლოკჩეინს ვერც ერთი კომპანია, სახელმწიფო ან სხვა ცალკეული ორგანიზაცია ვერ აკონტროლებს.
მართალია, მაინინგ-პულები დროთა განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ქსელი კვლავ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ დამოუკიდებელ მონაწილეებს შორისაა განაწილებული.
როგორ მუშაობს ნაკამოტოს კონსენსუსი?
ბიტკოინის ტრანზაქციის შემოწმება თანმიმდევრული პროცესით მიმდინარეობს.
ნაბიჯი 1: ტრანზაქციის ქსელში გავრცელება
როდესაც ვინმე ბიტკოინს აგზავნის, ტრანზაქციის მონაცემები ქსელში ვრცელდება.
ბიტკოინის ნოდები ინფორმაციას იღებენ და სხვა დაკავშირებულ ნოდებს გადასცემენ.
ნაბიჯი 2: ტრანზაქციის შემოწმება
ტრანზაქციის მიღებამდე ნოდები ამოწმებენ:
- ფლობს თუ არა გამგზავნი იმ ბიტკოინს, რომლის დახარჯვაც სურს;
- ვალიდურია თუ არა ციფრული ხელმოწერა;
- შეესაბამება თუ არა ტრანზაქცია ბიტკოინის პროტოკოლისწესებს.
არავალიდური ტრანზაქცია დაუყოვნებლივ უარყოფილია.
ნაბიჯი 3: ახალი ბლოკის შექმნა
მაინერები დადასტურებულ ტრანზაქციებს მემპულიდან აგროვებენ. მემპული არის სივრცე, სადაც ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ტრანზაქციები ელოდება ბლოკში დამატებას.
შემდეგ ეს ტრანზაქციები ერთ კანდიდატ ბლოკში ერთიანდება.
ნაბიჯი 4: კრიპტოგრაფიული ამოცანის ამოხსნა
მაინერები მრავალჯერ ითვლიან კრიპტოგრაფიულ ჰეშს და ამ პროცესში ცვლიან მნიშვნელობას, რომელსაც nonce ეწოდება.
საბოლოოდ, ერთ-ერთი მაინერი პოულობს ვალიდურ ჰეშს, რომელიც ქსელის მიმდინარე სირთულის სამიზნეს აკმაყოფილებს.
ამ ამოხსნის პოვნას უზარმაზარი გამოთვლითი რესურსი სჭირდება, თუმცა მისი სისწორის შემოწმება სწრაფად არის შესაძლებელი.
ნაბიჯი 5: ბლოკის დადასტურება
წარმატებული მაინერი დასრულებულ ბლოკს ქსელის დანარჩენ მონაწილეებს უგზავნის.
სხვა ნოდები დამოუკიდებლად ამოწმებენ როგორც ბლოკში არსებულ ტრანზაქციებს, ისე შესრულებულ Proof of Work-ს.
თუ ყველაფერი ვალიდურია, ბლოკი ბლოკჩეინს ემატება, მაინერები კი მომდევნო ბლოკზე მუშაობას იწყებენ.
ნაბიჯი 6: ბლოკჩეინის მთლიანობის დაცვა
ბიტკოინის თითოეული ბლოკი წინა ბლოკის კრიპტოგრაფიულ ჰეშს შეიცავს.
ასე იქმნება ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკების მუდმივი ჯაჭვი.
ძველ ბლოკში ერთი ტრანზაქციის შეცვლაც კი ყველა შემდგომი ბლოკის ხელახლა გამოთვლას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ ბიტკოინის ისტორიულ ჩანაწერებში ცვლილების შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორ იცავს ნაკამოტოს კონსენსუსი ბიტკოინს?
ქსელის ავტომატური სტაბილურობა
ბიტკოინის სირთულის კორექტირების მექანიზმი ბლოკების შექმნის ტემპს მაინინგში მონაწილეობის ცვლილების მიუხედავად სტაბილურად ინარჩუნებს.
ეს ქსელს ჰეშრეიტის მოულოდნელი ზრდით ან შემცირებით გამოწვეული შეფერხებებისგან იცავს.
დაცვა 51%-იანი შეტევისგან
ბლოკჩეინის ქსელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფრთხე 51%-იანი შეტევაა.
ასეთი შეტევა მაშინ ხდება, როდესაც ერთი პირი ან ორგანიზაცია ქსელის საერთო გამოთვლითი სიმძლავრის ნახევარზე მეტს აკონტროლებს.
თეორიულად, ამგვარი კონტროლი თავდამსხმელს მისცემდა შესაძლებლობას:
- გააუქმოს საკუთარი ზოგიერთი ახლახან შესრულებული ტრანზაქცია;
- ხელი შეუშალოს ახალი ტრანზაქციების დადასტურებას;
- სცადოს ორმაგი ხარჯვა.
თუმცა ბიტკოინის გამოთვლითი სიმძლავრის უმრავლესობის კონტროლს აპარატურაში, ელექტროენერგიასა და ინფრასტრუქტურაში კოლოსალური ინვესტიცია დასჭირდებოდა. ამიტომ ასეთი შეტევა ეკონომიკურად უკიდურესად რთულია.
ამასთან, 51%-იანი კონტროლი თავდამსხმელს სხვა მომხმარებლების ბიტკოინის მოპარვის, ვალიდური ციფრული ხელმოწერების გაყალბების ან თვითნებურად ახალი ქოინების შექმნის შესაძლებლობას არ მისცემდა.
ეკონომიკური წახალისება პატიოსან ქცევას უწყობს ხელს
ბიტკოინის დიზაინი ფინანსურ ინტერესებს ქსელის უსაფრთხოებასთან აკავშირებს.
მაინერები მნიშვნელოვან რესურსებს აბანდებენ:
- მაინინგის მოწყობილობებში;
- ელექტროენერგიაში;
- ფიზიკურ სივრცეებში;
- ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში.
არავალიდური ბლოკის გაგზავნა ან ქსელზე თავდასხმის მცდელობა ამ ინვესტიციების დაკარგვას გამოიწვევს, რადგან პატიოსანი ნოდები თაღლითურ ბლოკს არ მიიღებენ.
მონაწილეთა უმრავლესობისთვის პროტოკოლის წესების დაცვა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე სისტემის მოტყუების მცდელობა.
ნაკამოტოს კონსენსუსის უპირატესობები
ნაკამოტოს კონსენსუსს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.
- ნდობაზე დამოკიდებულების გარეშე მუშაობა
მონაწილეებს არ სჭირდებათ ბანკების, სახელმწიფოების ან ერთმანეთის ნდობა.
შეთანხმება მათემატიკის, კრიპტოგრაფიისა და ეკონომიკური წახალისების დახმარებით მიიღწევა.
- მაღალი უსაფრთხოება
Proof of Work-ის, დეცენტრალიზაციისა და კრიპტოგრაფიული შემოწმების ერთობლიობა ბიტკოინის ქსელს 2009 წლიდან იცავს.
- გამჭვირვალობა
ბიტკოინის დადასტურებული ტრანზაქციები საჯარო ბლოკჩეინში ინახება. ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქსელის აქტივობა დამოუკიდებლად გადაამოწმოს.
ამასთან, ბლოკჩეინი მომხმარებლის რეალურ ვინაობას ავტომატურად არ აჩვენებს - მისამართები ფსევდონიმურია და არა სრულად ანონიმური.
- ფინანსური ხელმისაწვდომობა
ინტერნეტზე წვდომის მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბიტკოინის ქსელთან ურთიერთობა ფინანსური ინსტიტუტის ნებართვის გარეშე.
გამოწვევები და კრიტიკა
მიუხედავად ძლიერი მხარეებისა, ნაკამოტოს კონსენსუსს გარკვეული კრიტიკაც ახლავს.
- ენერგიის მოხმარება
Proof of Work მნიშვნელოვან გამოთვლით რესურსს და ელექტროენერგიას მოითხოვს.
მაინინგის ოპერაციების ნაწილი განახლებად ან სხვა ტიპის ენერგიას იყენებს, თუმცა ბიტკოინის ენერგომოხმარება კვლავ აქტიური დისკუსიის თემაა.
- მაინინგ-პულების კონცენტრაცია
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი დეცენტრალიზებულია, მსხვილი მაინინგ-პულები ზოგჯერ ქსელის ჰეშრეიტის მნიშვნელოვან წილს აკონტროლებენ.
ცალკეული პულები, როგორც წესი, უმრავლესობის კონტროლს ვერ აღწევენ, თუმცა ჰეშრეიტის კონცენტრაცია საკითხია, რომელსაც ბიტკოინის საზოგადოება მუდმივად აკვირდება.
- მასშტაბირება
ბიტკოინის საბაზისო ფენა წამში დაახლოებით შვიდ ტრანზაქციას ამუშავებს, თუმცა რეალური მაჩვენებელი ტრანზაქციების ზომისა და ბლოკის დატვირთვის მიხედვით იცვლება.
ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ცენტრალიზებული საგადახდო ქსელების მიერ დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა.
მასშტაბირების გასაუმჯობესებლად შექმნილია:
- Lightning Network;
- საიდჩეინები;
- ბიტკოინის Layer 2 პროტოკოლები.
ეს ტექნოლოგიები ტრანზაქციების გამტარუნარიანობას ზრდის და, ამავდროულად, ბიტკოინის საბაზისო ფენის უსაფრთხოების შენარჩუნებას ცდილობს.
- ბლოკჩეინის ფორკები
ბიტკოინის განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ ზოგჯერ შეიძლება ბლოკჩეინის ფორკი გამოიწვიოს.
ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია 2017 წელს Bitcoin Cash-ის შექმნა.
ფორკმა შეიძლება დროებითი გაურკვევლობა წარმოშვას, თუმცა ის ბიტკოინის დეცენტრალიზებულ მმართველობასაც წარმოაჩენს - მომხმარებლებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, პროტოკოლის რომელ წესებს უჭერენ მხარს.
ნაკამოტოს კონსენსუსი და Byzantine Fault Tolerance - განსხვავებები
ნაკამოტოს კონსენსუსი და Byzantine Fault Tolerance - BFT - განაწილებულ სისტემებში ერთსა და იმავე ძირითად პრობლემას წყვეტს: როგორ უნდა მიაღწიონ მონაწილეებმა შეთანხმებას, როდესაც ზოგიერთი მათგანი შეიძლება არაკეთილსინდისიერად მოქმედებდეს ან გამართულად არ მუშაობდეს.
თუმცა ეს სისტემები განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ.
ნაკამოტოს კონსენსუსი
- ღია მონაწილეობა;
- Proof of Work;
- მაღალი დეცენტრალიზაცია;
- ძლიერი ეკონომიკური უსაფრთხოება;
- ტრანზაქციის საბოლოოდ მიჩნევამდემეტი დრო.
Byzantine Fault Tolerance
- ხშირად წინასწარ განსაზღვრული ან შეზღუდული ვალიდატორების ჯგუფი;
- ხმის მიცემაზე დაფუძნებულიკონსენსუსი;
- უფრო სწრაფი დადასტურება;
- შედარებით დაბალი ენერგომოხმარება;
- ხშირად გამოიყენება ახალ ბლოკჩეინ ქსელებში.
ბევრი თანამედროვე ბლოკჩეინი სიჩქარისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად BFT-ზე დაფუძნებულ ან მისგან შთაგონებულ მექანიზმს იყენებს.
ბიტკოინი კი ნაკამოტოს კონსენსუსს ეყრდნობა, რადგან ეს მოდელი ღია მონაწილეობის, უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზაციის პრაქტიკაში გამოცდილი კომბინაციაა.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ნაკამოტოს კონსენსუსი?
ეს არის კონსენსუსის მექანიზმი, რომელსაც ბიტკოინი იყენებს, რათა ქსელის მონაწილეები ცენტრალური მმართველის გარეშე შეთანხმდნენ ბლოკჩეინის ერთ საერთო ვერსიაზე.
როგორ იცავს Proof of Work ბიტკოინს?
Proof of Work მაინერებისგან ახალი ბლოკის დამატებამდე რეალური გამოთვლითი რესურსისა და ელექტროენერგიის დახარჯვას მოითხოვს. ამის გამო ქსელზე ფართომასშტაბიანი შეტევა ძალიან ძვირია.
რა არის 51%-იანი შეტევა?
51%-იანი შეტევა ხდება მაშინ, როდესაც ერთი პირი ან ერთობლივად მოქმედი ჯგუფი ქსელის გამოთვლითი სიმძლავრის უმრავლესობას აკონტროლებს.
ამან შეიძლება მას საკუთარი ახლახან შესრულებული ტრანზაქციების შებრუნების, დადასტურებების შეფერხებისა და ორმაგი ხარჯვის მცდელობის შესაძლებლობა მისცეს.
რატომ ვერ ამუშავებს ბიტკოინი წამში ათასობით ტრანზაქციას?
ბიტკოინის საბაზისო ფენის გამტარუნარიანობა განზრახ შეზღუდულია, რათა ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ნოდის გაშვება ზედმეტად ძვირი არ გახდეს და დეცენტრალიზაცია შენარჩუნდეს.
Lightning Network-ის მსგავსი ტექნოლოგიები ტრანზაქციების რაოდენობის გაზრდას ბიტკოინის ძირითადი კონსენსუსის წესების შეცვლის გარეშე ცდილობს.
რით განსხვავდება Proof of Work Proof of Stake-ისგან?
Proof of Work ქსელს გამოთვლითი სიმძლავრითა და დახარჯული ენერგიით იცავს.
Proof of Stake-ში კი ვალიდატორების შერჩევა, როგორც წესი, დამოკიდებულია იმ კრიპტო აქტივების რაოდენობაზე, რომლებიც მათ უზრუნველყოფის სახით აქვთ დაბლოკილი.
ორივე მიდგომას დეცენტრალიზაციის, ენერგომოხმარების, უსაფრთხოებისა და მმართველობის კუთხით განსხვავებული უპირატესობები და კომპრომისები აქვს.
შეჯამება
ნაკამოტოს კონსენსუსმა საფუძვლიანად შეცვალა მიდგომა, რომლითაც განაწილებულ სისტემებს ნდობისა და შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ.
Proof of Work-ის, სირთულის ავტომატური კორექტირების, ეკონომიკური წახალისებისა და დეცენტრალიზაციის გაერთიანებით მან ორმაგი ხარჯვის ხანგრძლივი პრობლემა გადაჭრა. შედეგად, შესაძლებელი გახდა პირველი წარმატებული დეცენტრალიზებული ციფრული ფულის - ბიტკოინის - შექმნა.
ენერგომოხმარებასა და მასშტაბირებასთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავ ვითარდება, თუმცა ნაკამოტოს კონსენსუსმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა.
ის ბიტკოინის უსაფრთხოების საფუძვლად და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინოვაციად რჩება. ნაკამოტოს კონსენსუსი ამტკიცებს, რომ გლობალურ ფინანსურ ქსელს ცენტრალური მმართველის გარეშე უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლია.