
რაში შეგიძლია გამოიყენო ბიტკოინი? - გზამკვლევი დამწყებთათვის
ბევრი ადამიანი ბიტკოინს პირველად საინვესტიციო აქტივის სახით ეცნობა, თუმცა მისი შესაძლებლობები მხოლოდ ყიდვითა და შენახვით არ შემოიფარგლება. 2009 წელს შექმნის შემდეგ ბიტკოინი გლობალურ ციფრულ აქტივად ჩამოყალიბდა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო გადახდებისთვის, გრძელვადიანი დანაზოგისთვის, ვაჭრობისთვის, დეცენტრალიზებულ ფინანსებში მონაწილეობისა და სხვადასხვა ბლოკჩეინ აპლიკაციასთან ურთიერთობისთვის.
მიუხედავად იმისა, ახლა იწყებ კრიპტო მოგზაურობას ბიტკოინის შეძენის შემდეგ თუ ტექნოლოგიის უკეთ გაგება გსურს, მისი გამოყენების სხვადასხვა გზის ცოდნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ბიტკოინი გაძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად აკონტროლო საკუთარი აქტივები, განახორციელო საზღვრებს მიღმა გადარიცხვები, მიიღო სარგებელი DeFi პლატფორმებზე ან ბლოკჩეინში ციფრული მონაცემიც კი შეინახო.
ამ გზამკვლევში გაეცნობი ბიტკოინის გამოყენების რვა გავრცელებულ გზას და მარტივად გაიგებ, როგორ მუშაობს თითოეული მათგანი. მანამდე კი შეგიძლია გაეცნო, რა არის ბიტკოინი.
1. დამოუკიდებლად შეინახე შენი ბიტკოინი
ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შესაძლებლობა აქტივების დამოუკიდებლად შენახვაა, რასაც Self-Custody ეწოდება. ტრადიციულ საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულისგან განსხვავებით, ბიტკოინი შეგიძლია შეინახო პირად კრიპტო საფულეში, რომელსაც თავად აკონტროლებ - ბანკის, ფინანსური დაწესებულების ან სხვა ცენტრალიზებული შუამავლის გარეშე.
როდესაც ბიტკოინს დამოუკიდებლად ინახავ, პირადი გასაღებების მართვაზეც თავად ხარ პასუხისმგებელი. პირადი გასაღები არის მონაცემი, რომელიც შენს აქტივებზე წვდომას უზრუნველყოფს. შედეგად, სრულ კონტროლს ინარჩუნებ საკუთარ BTC-ზე და ნაკლებად ხარ დამოკიდებული მესამე მხარის მომსახურებაზე.
ბევრი მომხმარებელი Self-Custody-ს პირად სეიფში ძვირფასი ნივთების შენახვას ადარებს. შენს ბიტკოინზე წვდომა ნებისმიერ დროს შეგიძლია, საბანკო სამუშაო საათების, განაღდების ლიმიტებისა და შუამავლის თანხმობის გარეშე.
თუმცა მეტ კონტროლს მეტი პასუხისმგებლობაც ახლავს. პირადი გასაღების ან აღდგენის ფრაზის დაკარგვამ შესაძლოა ბიტკოინზე წვდომის სამუდამოდ დაკარგვა გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა და აღდგენის ფრაზის დაცულ ადგილას შენახვა.
Self-Custody-ს უპირატესობები
- სრული კონტროლი შენს ბიტკოინზე;
- ნაკლები დამოკიდებულება ცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე;
- აქტივებზე პირდაპირი წვდომა ნებისმიერ დროს;
- მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა;
- ციფრული აქტივების კონფიდენციალურობისა და საკუთრებისუკეთ დაცვა.
ბიტკოინის გრძელვადიანი მფლობელებისთვის დამოუკიდებელი შენახვა ტექნოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინოვაციაა. ის გაძლევს შესაძლებლობას, საკუთარ ფინანსურ აქტივებს უშუალოდ ფლობდე და აკონტროლებდე.
2. გაგზავნე თანხა საზღვრების გარეშე
ბიტკოინის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანებს შორის ღირებულების პირდაპირი გადაცემის შესაძლებლობა იყო - ბანკებისა და ტრადიციული გადახდის პროვაიდერების გარეშე. დღეს ბიტკოინი კვლავ გამოიყენება საერთაშორისო გადარიცხვებისთვის და საშუალებას გაძლევს, თანხა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნებისმიერ დროს გაგზავნო.
ტრადიციული საერთაშორისო გადარიცხვები ხშირად რამდენიმე ფინანსურ დაწესებულებას, ვალუტის კონვერტაციის საკომისიოსა და ხანგრძლივ დამუშავებას მოიცავს. ზოგიერთ შემთხვევაში თანხის მიმღებამდე მისვლას რამდენიმე სამუშაო დღეც სჭირდება.
ბიტკოინი განსხვავებულ მოდელს გთავაზობს. ტრანზაქციებს დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ ქსელი ამუშავებს, რომელიც კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ამიტომ ბიტკოინის გაგზავნა და მიღება საბანკო სამუშაო საათებზე დამოკიდებული არ არის.
გარდა ამისა, საერთაშორისო გადარიცხვაში შესაძლოა ნაკლები შუამავალი მონაწილეობდეს, რაც პროცესს უფრო მარტივს ხდის. საბოლოო სისწრაფე და საკომისიო ქსელის დატვირთვაზეა დამოკიდებული.
საზღვრებს მიღმა ბიტკოინ გადახდების უპირატესობები
- ბიტკოინის გაგზავნა მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში;
- ტრანზაქციის დაწყება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში;
- ნაკლები შუამავალი ტრადიციულ საერთაშორისო სისტემებთან შედარებით;
- ზოგიერთ შემთხვევაში შედარებით დაბალი საკომისიო;
- საერთაშორისო გადარიცხვისთვის საბანკო ინფრასტრუქტურის ნაკლები საჭიროება.
თუ რეგულარულად აგზავნი თანხას სხვა ქვეყანაში ან ღირებულების გადაცემის უფრო მოქნილი გზა გჭირდება, ბიტკოინი გლობალურ გადახდის ქსელს გთავაზობს, რომელიც ეროვნული საზღვრებისა და საბანკო გრაფიკისგან დამოუკიდებლად მუშაობს.
3. შეინახე ღირებულება
ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანიშნულება ღირებულების გრძელვადიანად შენახვაა. ბევრი ინვესტორი მას გრძელვადიან აქტივად განიხილავს, რადგან მისი მაქსიმალური მიწოდება წინასწარ არის განსაზღვრული.
ბიტკოინის პროტოკოლის მიხედვით, მთლიანობაში მხოლოდ 21 მილიონი BTC იარსებებს. ეს ზღვარი თავად ქსელის წესებით კონტროლდება და მისი შეცვლა ბიტკოინის გლობალური საზოგადოების ფართო თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
ახალი ბიტკოინები მიმოქცევაში გამჭვირვალე და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შედის. სწორედ შეზღუდული მიწოდება აძლევს ბევრ მომხმარებელს საფუძველს იფიქროს, რომ ბიტკოინს გრძელვადიანი ღირებულების შენარჩუნების პოტენციალი აქვს.
მნიშვნელოვანი მოვლენაა ბიტკოინის განახევრებაც. ის დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება და მაინერებისთვის ახალი ბლოკის დადასტურების სანაცვლოდ მიღებულ ჯილდოს ანახევრებს. შედეგად, ახალი ბიტკოინების მიმოქცევაში შესვლის ტემპი მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვნად მერყეობს, მისი დეცენტრალიზებული ბუნება, გამჭვირვალე მონეტარული პოლიტიკა და შეზღუდული მიწოდება ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აძლევს საფუძველს, ის ინფლაციისგან დაცვის შესაძლო საშუალებად და ღირებულების გრძელვადიან საცავად განიხილოს.
რატომ იყენებენ ბიტკოინს ღირებულების შესანახად?
- მაქსიმალური მიწოდება მხოლოდ 21 მილიონი BTC-ია;
- ახალი ბიტკოინების გამოშვებისგრაფიკი გამჭვირვალე და პროგნოზირებადია;
- სისტემას ცენტრალური გამომშვებიარ ჰყავს;
- იზრდება მისი გამოყენებაადამიანების, ბიზნესებისა და ინსტიტუციების მიერ;
- მას შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი ინფლაციისგან დაცვის პოტენციალი.
ციფრული სიმცირისა და გლობალური ხელმისაწვდომობის გამო ბიტკოინს ხშირად ოქროს ადარებენ. თუმცა ბიტკოინსა და ოქროს განსხვავებული მახასიათებლები, უპირატესობები და რისკები აქვს.
4. გადარიცხე ღირებულება ფსევდონიმურად
ბიტკოინის ტრანზაქციებს ხშირად ფსევდონიმურს უწოდებენ, თუმცა ეს ტერმინი ზოგჯერ ანონიმურობაში ერევათ. ბიტკოინი კონფიდენციალურობის გარკვეულ დონეს უზრუნველყოფს, მაგრამ სრულ ანონიმურობას არ გთავაზობს.
ბიტკოინის გაგზავნისა და მიღებისას ტრანზაქცია საჯარო ბლოკჩეინში იწერება, რომლის ნახვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. სახელისა და პირადი ინფორმაციის ნაცვლად ბლოკჩეინში საფულის მისამართები ჩანს - ასოებისა და ციფრების უნიკალური კომბინაციები, რომლებიც გამგზავნ და მიმღებ მისამართებს ასახავს.
შესაბამისად, ტრანზაქციის მონაცემები საჯაროა, მაგრამ ბლოკჩეინი უშუალოდ არ ინახავს მომხმარებლის სახელს, საცხოვრებელ მისამართს ან პირადობის დამადასტურებელ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ არის ბიტკოინი ფსევდონიმური და არა სრულად ანონიმური.
თუ კონკრეტული საფულის მისამართი პიროვნებას დაუკავშირდა, მაგალითად რეგულირებულ კრიპტო ბირჟაზე იდენტიფიკაციის გავლის შედეგად, შესაძლოა ამ მისამართთან დაკავშირებული მომავალი აქტივობის ანალიზიც გახდეს შესაძლებელი.
თანამედროვე ბლოკჩეინ ანალიტიკა და ფინანსური რეგულაციები შესაბამის ორგანოებს საეჭვო ტრანზაქციების გამოძიებაში ეხმარება.
მნიშვნელოვანი ფაქტები ბიტკოინის კონფიდენციალურობაზე
- ყველა ტრანზაქცია საჯარო ბლოკჩეინში მუდმივად ინახება;
- საფულის მისამართი უშუალოდ არ შეიცავს პირად მონაცემებს;
- ბიტკოინი ფსევდონიმურია და არა სრულად ანონიმური;
- რეგულირებული კრიპტო ბირჟები KYC და AML მოთხოვნებს იცავენ;
- ბლოკჩეინის გამჭვირვალობა თაღლითური ან დანაშაულებრივი აქტივობის გამოძიებას ამარტივებს.
ბიტკოინის მოდელი კონფიდენციალურობასა და გამჭვირვალობას შორის ბალანსს ქმნის. შენ შეგიძლია ტრანზაქცია პირადი ინფორმაციის ბლოკჩეინში გამოქვეყნების გარეშე განახორციელო, ხოლო საჯარო რეესტრი ქსელის უსაფრთხოებასა და შემოწმებადობას უზრუნველყოფს.
5. ბიტკოინის მაინინგი
ბიტკოინის მაინინგი არის პროცესი, რომელიც ქსელის უსაფრთხოებასა და გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. როდესაც მომხმარებლები ბიტკოინს აგზავნიან, მაინერები ტრანზაქციების შემოწმებასა და ბლოკჩეინში დამატებაში მონაწილეობენ.
ამ სამუშაოს სანაცვლოდ მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ახალი ბიტკოინისა და ტრანზაქციის საკომისიოების მისაღებად. მაინინგისთვის გამოიყენება სპეციალიზებული კომპიუტერული მოწყობილობები, რომლებიც რთულ კრიპტოგრაფიულ ამოცანებს ასრულებს.
დაახლოებით ყოველ ათ წუთში ერთ-ერთი მაინერი ტრანზაქციების ახალ ბლოკს ადასტურებს და ქსელში ავრცელებს. ამ პროცესს Proof of Work, ანუ სამუშაოს მტკიცებულება ეწოდება. ის ბიტკოინის უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სწორ პირობებში მაინინგი შეიძლება მომგებიანი იყოს, თუმცა წლების განმავლობაში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროფესიონალური მაინინგ ოპერაციები სპეციალიზებულ აპარატურას, იაფ ელექტროენერგიასა და ფართო მასშტაბს იყენებს, რაც დამწყებისთვის დამოუკიდებლად კონკურენციას ართულებს.
დამწყებისთვის ხელმისაწვდომი გზები
თუ მაინინგში მონაწილეობა ძვირადღირებული აპარატურის შეძენის გარეშე გსურს, რამდენიმე ალტერნატივა არსებობს:
- Mining Pool: რამდენიმე მაინერი აერთიანებს გამოთვლით სიმძლავრეს და მიღებულ ჯილდოს შეტანილი წვლილის მიხედვით იყოფს;
- Cloud Mining: სპეციალიზებული პროვაიდერისგან მაინინგ სიმძლავრეს ქირაობ და საკუთარ აპარატურას არ მართავ;
- Lottery Mining: მცირე გამოთვლითი რესურსით მონაწილეობდა ჯილდოს მიღების შედარებით დაბალ, მაგრამ არსებულ შანსს ინარჩუნებ.
ამ მეთოდებმა შესაძლოა საწყისი ხარჯი შეამციროს, თუმცა თითოეულ მათგანს საკუთარი რისკი ახლავს. მომსახურების გამოყენებამდე შეისწავლე პროვაიდერი, საკომისიოები, კონტრაქტის პირობები და მოსალოდნელი მოგება.
6. ბიტკოინით ვაჭრობა ანუ თრეიდინგი
ბიტკოინის კიდევ ერთი პოპულარული გამოყენება ვაჭრობაა. გრძელვადიანი ინვესტორებისგან განსხვავებით, რომლებიც BTC-ს წლების განმავლობაში შესანახად ყიდულობენ, ტრეიდერები აქტიურად ყიდულობენ და ყიდიან ბიტკოინს მოკლევადიანი ფასის ცვლილებებიდან სარგებლის მისაღებად.
ბიტკოინი მაღალი მერყეობით გამოირჩევა. მისი ფასი ზოგჯერ მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად იცვლება. ასეთი მერყეობა რისკს ზრდის, თუმცა ტრეიდერებისთვის საბაზრო მოძრაობებით სარგებლობის შესაძლებლობასაც ქმნის.
გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი ტრეიდერი ტექნიკურ ანალიზს იყენებს. ისინი სწავლობენ ფასის ისტორიულ გრაფიკებს, სავაჭრო მოცულობასა და ბაზრის ტენდენციებს, რათა შესვლისა და გამოსვლის შესაძლო წერტილები განსაზღვრონ.
სავაჭრო სტრატეგია გამოცდილებაზე, მიზნებსა და რისკისადმი დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. ზოგი პოზიციას რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში ინარჩუნებს, ზოგი კი დღეებით ან კვირებით ვაჭრობს.
რა უნდა გაითვალისწინო ბიტკოინით ვაჭრობისას?
- ბიტკოინის ფასი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს;
- მერყეობა ქმნის როგორც შესაძლებლობას, ისე რისკს;
- წარმატებული ვაჭრობა კვლევას, გეგმასა და რისკის მართვას მოითხოვს;
- ბაზრის ტენდენციების შესაფასებლად ხშირად გამოიყენებატექნიკური ანალიზი;
- წარსული შედეგები მომავალ მოგებას არ უზრუნველყოფს.
უფრო გამოცდილი ტრეიდერები კრიპტო დერივატივებსაც იყენებენ. ასეთი ინსტრუმენტები ბიტკოინის ფასის ცვლილებაზე პოზიციის გახსნის შესაძლებლობას გაძლევს უშუალოდ BTC-ის ფლობის გარეშე, თუმცა ისინი უფრო რთული და მაღალი რისკის მატარებელია.
დამწყებისთვის აქტიურ ვაჭრობამდე სასარგებლოა ბიტკოინის ფასის ისტორიის შესწავლა. ეს დაგეხმარება უკეთ გაიგო, როგორ იქცეოდა აქტივი სხვადასხვა საბაზრო ციკლის დროს.
7. მიიღე DeFi სარგებელი ბიტკოინით
ბიტკოინის ბლოკჩეინი თავდაპირველად დეცენტრალიზებული ფინანსების, ანუ DeFi აპლიკაციებისთვის არ შექმნილა. მიუხედავად ამისა, ბიტკოინის მფლობელებს DeFi სერვისებში მონაწილეობა Wrapped Bitcoin-ის, ანუ WBTC-ის საშუალებით შეუძლიათ.
WBTC არის ტოკენი, რომელიც ბიტკოინს სხვა ბლოკჩეინ ქსელებში, მაგალითად Ethereum-ზე წარმოადგენს. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ბიტკოინის ფასის მიმართ ექსპოზიცია და ამავდროულად გამოიყენოს დეცენტრალიზებული დაკრედიტების, სესხების, ლიკვიდობისა და შემოსავლის გენერირების სერვისები.
თითოეული WBTC შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომელსაც სპეციალური კასტოდიანი ინახავს. შედეგად, Wrapped Bitcoin-ის გამოყენება იმ ფინანსურ სერვისებზე წვდომას ქმნის, რომლებიც უშუალოდ ბიტკოინის ძირითად ქსელში ხელმისაწვდომი არ არის.
ბიტკოინის გავრცელებული DeFi გამოყენებები
- შემოსავლის გენერირების პროტოკოლებში მონაწილეობა;
- ბიტკოინის უზრუნველყოფად გამოყენებაკრიპტო სესხისთვის;
- დეცენტრალიზებული დაკრედიტებისა და სესხების პლატფორმებზე წვდომა;
- დეცენტრალიზებული ბირჟებისთვის ლიკვიდობის მიწოდება;
- სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფინანსური აპლიკაციის გამოყენება.
WBTC დამატებით რისკებსაც ქმნის. რადგან მის უკან არსებული BTC კასტოდიანთან ინახება, მომხმარებელი კასტოდიანის რისკთან ერთად DeFi პლატფორმის ჭკვიანი კონტრაქტის რისკსაც იღებს.
ნებისმიერი DeFi პროტოკოლის გამოყენებამდე შეისწავლე, როგორ მუშაობს პლატფორმა, რა უსაფრთხოების ზომებს იყენებს და რა პირობებით გამოიმუშავებს სარგებელს. უფრო მაღალი მოსალოდნელი შემოსავალი ხშირად უფრო მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.
8. შეინახე მონაცემები ბიტკოინის ბლოკჩეინში
ბიტკოინი მხოლოდ ციფრული ღირებულების გადასაცემად აღარ გამოიყენება. ბოლო წლების ტექნოლოგიურმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა გარკვეული ტიპის ციფრული ინფორმაციის უშუალოდ ბიტკოინის ბლოკჩეინში შენახვა. ამისთვის გამოიყენება ტექნოლოგია, რომელსაც Bitcoin ორდინალები ეწოდება.
Ordinals ინდივიდუალურ სატოშებზე მონაცემის მიბმას, ანუ ჩაწერას უზრუნველყოფს. სატოში ბიტკოინის უმცირესი ერთეულია. მასზე დატანილი მონაცემი შეიძლება იყოს გამოსახულება, ტექსტი, ციფრული ნამუშევარი ან სხვა ტიპის ინფორმაცია.
ამ შესაძლებლობის შედეგად ბიტკოინის ქსელში NFT-ის მსგავსი ციფრული აქტივების შექმნა გახდა შესაძლებელი, თუმცა ისინი ცალკე ბლოკჩეინის ნაცვლად უშუალოდ ბიტკოინის ქსელში ინახება.
Ordinals-ის განვითარებამ ბიტკოინის ეკოსისტემაში ახალი აპლიკაციები და ინფრასტრუქტურა წარმოშვა. ამან ქსელის გამოყენების შესაძლებლობები გადახდებისა და ღირებულების შენახვის ფარგლებს გასცდა.
Bitcoin Ordinals-ის შესაძლო გამოყენებები
- ციფრული კოლექციები და ხელოვნების ნიმუშები;
- მონაცემების ბლოკჩეინში შენახვა;
- ბიტკოინის ქსელზე შექმნილი NFT-ები;
- ტოკენიზებული ციფრული აქტივები;
- ბიტკოინის ქსელზე დაფუძნებულიახალი აპლიკაციები.
Ordinals ჯერ კიდევ შედარებით ახალი მიმართულებაა, თუმცა ის აჩვენებს, რომ ბიტკოინის ეკოსისტემა მუდმივად ვითარდება. დეველოპერები ქსელის უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ახალი აპლიკაციებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას აგრძელებენ.
შეჯამება
ბიტკოინი მნიშვნელოვნად გასცდა მის თავდაპირველ დანიშნულებას, როგორც მომხმარებლებს შორის მოქმედმა ციფრულმა გადახდის სისტემამ. დღეს მისი გამოყენება შეგიძლია აქტივების დამოუკიდებლად შესანახად, საზღვრებს მიღმა გადახდებისთვის, ღირებულების გრძელვადიანად დასაცავად, ფსევდონიმური ტრანზაქციებისთვის, მაინინგში მონაწილეობისა და ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობისთვის.
გარდა ამისა, Wrapped Bitcoin-ის მეშვეობით შესაძლებელია DeFi სერვისების გამოყენება, ხოლო Bitcoin Ordinals ბლოკჩეინში ციფრული მონაცემებისა და კოლექციური აქტივების შენახვის შესაძლებლობას ქმნის.
თითოეული გამოყენების გზა ბიტკოინის ეკოსისტემის განსხვავებულ მხარეს წარმოაჩენს. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბიტკოინი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ფართოდ გამოყენებულ კრიპტო აქტივად იქცა.
მიუხედავად იმისა, მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა გჭირდება, გრძელვადიანი აქტივის შენახვა გსურს თუ ახალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით ხარ დაინტერესებული, ბიტკოინი შესაძლებლობების ფართო სპექტრს გთავაზობს.
ბიტკოინის გამოყენების გზების ცოდნა მყარ საფუძველს შეგიქმნის, რათა უფრო გააზრებულად შეისწავლო როგორც თავად BTC, ისე მთლიანად კრიპტო ეკოსისტემა.